კომენტარი

როთი: თუ არ იქნება დამოუკიდებელი გამოძიება, მოვითხოვთ სანქციებს

11 ნოემბერი, 2024 •
როთი: თუ არ იქნება დამოუკიდებელი გამოძიება, მოვითხოვთ სანქციებს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვდა.

როგორც მიხაელ როთი აცხადებს, არჩევნებთან დაკავშირებით ეჭვები იმდენად სერიოზულია, რომ ისინი საერთაშორისო დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ ძალიან შეშფოთებული ვართ უკანასკნელი არჩევნებით და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე ხმის მიცემის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი, ფართოდ გავრცელებული იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები გააჩინა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაც განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ და საქართველოს მედიამ“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

მიხაელ როთის თქმით, თუ გამოძიება არ ჩატარდება, მაშინ ევროკავშირში ინდივიდუალურ სანქციებს მოითხოვენ მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა დაშინებასა და საარჩევნო მანიპულაციებზე.

„სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს მანიპულაციაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელ ჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხადოს.

ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტაც, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, ჩვენთვისაც, მაგრამ საბოლოოდ, ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. თუ გაგრძელდება ანტიევროპული ტრაექტორია, არ მოხდება რუსული კანონის გაუქმება, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

ამასთან, მიხაელ როთი გამოეხმაურა მმართველი გუნდის პოზიციას, რომელმაც უარი თქვა ევროპულ დელეგაციასთან შეხვედრაზე. მიხაელ როთის თქმით, მმართველ პარტიას სურს, მათ ნდობას ძირი გამოუთხაროს.

„ნათლად მოგახსენებთ, ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას . ჩვენ ძალზე განსხვავებული პოლიტიკური წარსული და იდეოლოგიური საფუძველი გვაქვს. ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს, აქ ვიმყოფებით, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, როგორც მტრები. ჩვენ აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას.

ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ინტერვენციები ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია. ნორმალური პრაქტიკაა. მაგალითად, ჩემი კოლეგები ახდენენ ინტერვენციას, ჩარევას, როდესაც გერმანიაში იქმნება პრობლემები და ვიხილავთ ჩვენი წევრი ქვეყნების მომავალს. ვუზიარებთ ჩვენს პოზიციებს ერთმანეთს, როდესაც საქმე ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამიტომ ვართ მყარი ევროპელები, ერთი ოჯახი. ოჯახი ნიშნავს მრავალფეროვნებას. ჩვენ აქ ვიმყოფებით სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც იღვწის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის ღირებულებების და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“,- განაცხადა მიხაელ როთმა.

პაპუაშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე EU-ს ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციას

მასალების გადაბეჭდვის წესი