„სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!“ — ბესიკ ხარანაულის ამ სიტყვებით, ქართულად, მიმართა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოსახლეობას და არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ოთხ დღეში საშუალება გექნებათ, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. გთხოვთ, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც ასახავს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დიპლომატი გამოეხმაურა ევროკავშირის მხარდამჭერ მარშს, რომელიც თბილისში 20 ოქტომბერს გაიმართა.
„გასულ კვირას თბილისის ქუჩებში ევროკავშირის უამრავი დროშა ფრიალებდა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის, სიხარულის დღე და ბედნიერების დღე. იმდენი ადამიანი დავინახე ქუჩებში, ყველა იქ იყო. ახალგაზრდები, თქვენი შვილები, იმსახურებენ უკეთეს მომავალს. ისინი იმსახურებენ შესაძლებლობას აქ, საქართველოში. უკეთესი ცხოვრება სხვაგან არ უნდა ეძებონ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ და იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, — განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა — ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს არის საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგი.
„გული მწყდება, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ და საქართველო, დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხი გამოვიდა და რეფერენდუმში ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგრამ ყველა ხმას მნიშვნელობა ჰქონდა. ზღვარი მართლაც მცირე იყო. ამიტომ გთხოვთ, გამოდით და მიეცით ხმა. მიეცით ხმა თქვენს მომავალს, თქვენი შვილების მომავალს“, — განაცხადა ელჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის და განვითარების პროექტი, ღირსეული ცხოვრების გარანტია ყველასთვის და არა მხოლოდ მდიდრების ძალიან მცირე ჯგუფისთვის.
„საუბარი არ არის მდიდრულ ლიმუზინებზე რამდენიმე მდიდრისთვის. ოცდაათი წლის წინ ჩემი ქვეყანა [პოლონეთი] გაკოტრებული იყო. ევროკავშირის წევრობის წყალობით, წარმატების მაგალითი გახდა. ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდა ევროკავშირს, მიეცა შესაძლებლობა დიდი ცივილიზაციური ნახტომისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგიღოთ კარი, მაგრამ ამ კარში თავად უნდა შემოხვიდეთ. თქვენს ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. „სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი“. მიდით და ხმა მიეცით. ახლა ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და იმედი გამოთქვა, რომ ქართველები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.
