კომენტარი

ელჩი ბელარუსს ახსენებს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შეიძლება გააკეთოს EU-მა არჩევნების გაყალბების შემთხვევაში

20 სექტემბერი, 2024 •
ელჩი ბელარუსს ახსენებს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შეიძლება გააკეთოს EU-მა არჩევნების გაყალბების შემთხვევაში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ კომენტარები გააკეთა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ თემებზე. მათ შორის ელჩი გამოეხმაურა POLITICO-ს სტატიას უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ არჩევნების შემდეგ, ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რის საფუძველზე ჩათვლის ევროკავშირი, არჩევნები იყო თუ არა სამართლიანი და რას გააკეთებს გაყალბების შემთხვევაში.

“უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინსტრუმენტი მაგიდაზე დევს”

ელჩის განმარტებით, ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, მათ შორის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე, დააფიქსირა შეშფოთებები იმ ტრაექტორიის მიმართ, რომლითაც საქართველოში პროცესები ვითარდება.

“მკაფიოდ შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირთან, სამწუხაროდ, გასულ თვეებში რამდენიმე ისეთი განვითარება ვნახეთ, რომელიც, პირიქით, დისტანციას ზრდის საქართველოსა და ევროკავშირს შორის .

ჩვენ ეს [ევროკავშირის] შიგნით განვიხილეთ, წევრმა სახელმწიფოებმა ეს განიხილეს  და ჩვენ ვთქვით ნათლად და ხმამაღლა, რომ ყველა ინსტრუმენტი დევს მაგიდაზე, მათ შორის დროებით უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებებზე. ჩვენ ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს ისეთი განვითარებაა მოვლენების, რასაც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ თუ პროცესები გაუარესდება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ სხვადასხვა ელემენტებს ჩვენი ინსტრუმენტების ყუთიდან და უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

“26 ოქტომბერი უნდა იყოს დემოკრატიის ზეიმი”

ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანია ცოცხალია და თითოეული ამომრჩევლის სამოქალაქო ვალია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ეს წყვეტს, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ თვითონ ისინი და მათი შვილები.

“ვფიქრობ, ის, რაც 26 ოქტომბერს მოხდება, არის დემოკრატიის ზეიმი. ქართველ ხალხს ექნება საშუალებ,ა გადაწყვიტოს თავისი შვილების  და შვილიშვილების მომავალი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა ქვეყანა სურს, ეს ზეიმის დღე უნდა იყოს. ეს არის დღე, როცა მოსახლეობას აქვს საშუალება, აირჩიოს ლიდერები. ჩვენ ყველას ვარწმუნებთ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხმა მისცენ. ეს სამოქალაქო ვალია.

თუ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კონკურენტული, გამჭვირვალე და, რაც უმთავრესია, მშვიდობიანი, ევროკავშირი შედეგებს აღიარებს და ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

“EU-ში გაწევრიანების პირობები არ ექვემდებარება მოლაპარაკებებს”

“მთავარი კითხვა სხვა რამეა. თუ საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს და გახდეს ამ ოჯახის ნაწილი, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს არ არის სპეციფიკურად საქართველოსთვის მომზადებული პირობები. ეს პირობები ყველას ეხება, ვისაც ევროკავშირში გაწევრება სურს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და იმ პრინციპების სრული პატივისცემა, რაზეც ევროკავშირი დგას. ეს პრინციპები ყველასთვის ცნობილია: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების. ეს პრინციპები ჩვენი გადმოსახედიდან არ ექვემდებარება მოლაპარაკებებს. თუ საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახში შემოსვლა, ამ პრინციპებს სრულად უნდა სცეს პატივი”, – თქვა ელჩმა.

რას იზამს ევროკავშირი, თუ არჩევნები გაყალბდება?

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები იქნება არაძალადობრივი, სამართლიანი და თავისუფალი, რასაც ყველა აღიარებს. მისი თქმით, ევროკავშირი აღიარებს თუ არა არჩევნების ლეგიტიმაციას, დამოკიდებულია შეფასებებზე, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები წარმოადგენენ. მან ხაზი გაუსვა, რომ უცხოელი დამკვირვებლები სოლიდური მისიებით აპირებენ ჩამოსვლას.

“ვიმედოვნებ, აქამდე არ მივალთ, მაგრამ რახან მეკითხებით, გიპასუხებთ: თუ ჩაითვლება, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს… რაც ჩვენ უკვე გაგვიკეთებია სხვა ქვეყნებში, მათ შორის ბელარუსში. ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნების შედეგები ბელარუსში. ეს არჩევნები იყო მოპარული. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ზომების ფართო სპექტრი, ჩვენ სანქციებიც დავაწესეთ. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი და ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ და 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი”.

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ შეჩერებულია!

ელჩის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით და მიმდინარე ტრაექტორიით უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გაიცემა შემოდგომაზე საქართველოსთვის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მეტიც, ჰერჩინსკი იხსენებს ევროპული საბჭოს პოზიციას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ამ ეტაპზე შეჩერებულია.

“27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით [შემიძლია გითხრათ] და ეს უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა: საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გაჩერებულია. ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან მკაფიოობას მათი ნამდვილ ზრახვებთან დაკავშირებით. ეს ხმამაღლა და მკაფიოდაა ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში. მესმის, ახლა არჩევნებია საქართველოში და არჩევნებმა ყველაფერი მოიცვა. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ჩვენ გვეყოლება ახალი მთავრობა, რომელიც ნამდვილად იქნება მოწადინებული, რომ საქართველო დააახლოოს ევროკავშირთან. ჩვენ დაწევა გვჭირდება. ბევრი დრო დაიკარგა, პრაქტიკულად, მთელი წელი… რეფორმების ნაცვლად სამწუხარო მოვლენები გვქონდა. ამან მიგვიყვანა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამდე. თუმცა, ამავე დროს, უკრაინასა და მოლდოვის მიმართ გაწევრების პროცესი დაჩქარებული იყო, შესაბამისად, დისტანცია ტრიოს ქვეყნებს შორის უფრო გაიზარდა ნაცვლად იმისა, რომ შემცირებულიყო. ამის შემოტრიალება შესაძლებელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის ტრაექტორიაზე. ჩვენ, ევროკავშირი მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც შეიქმნება არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი