კომენტარი

უვიზო რეჟიმის მიღების შანსი და პოლიტიკური რისკები ამ გზაზე – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

17 ნოემბერი, 2015 • • 1352
უვიზო რეჟიმის მიღების შანსი და პოლიტიკური რისკები ამ გზაზე – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

მას შემდეგ, რაც ევროპაში ე.წ. საემიგრაციო კრიზისი დაიწყო, გაჩნდა ნეგატიური მოლოდინები საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამყარების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამ კრიზისს რომ პროცესზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეეძლო, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც ამბობდნენ, თუმცა ცვლის თუ არა ახლა ვითარებას ფედერიკა მოგერინის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაბიჯები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესებში პოზიტიურია…

პირველი, მოგერინის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ის პრინციპში იცნობს ევროკომისიის დასკვნას, რომელიც უკვე მზად უნდა იყოს, რადგან 15 დეკემბერს ქვეყნდება. მეორე, როგორც ჩანს, მოგერინიმ ასევე იცის, რომ ევროკომისია საბჭოსა და ევროპარლამენტისათვის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე დადებითი რეკომენდაციის მიცემისათვის ემზადება. ანუ ჩანს, რომ პროცესის ის მხარე, რომელიც ევროკომისიას ეხება, მისთვის ცნობილია.

 

მესამე, მოგერინი პირიდპირ კავშირშია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან. ის პასუხს აგებს საგარეო ურთიერთობებზე, რომელიც ევროკავშირის ექსკლუზიურ უფლებას არ წარმოადგენს და მნიშვნელოვანწილად წევრი ქვეყნების მოსაზრებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მან წევრი ქვეყნების პოზიციაც იცის. ამ სამივე ასპექტიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაც არსებობს დადებითი მოტივაცია, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმონ.

 

მოგეხსენებათ, ამ პროცესში ერთი ეტაპია ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება, რომელშიც წერია, საქართველომ რა შეასრულა და რა არა. როგორც ჩანს, ეს იქნება დადებითი დასკვნა, სადაც ჩაიწერება, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა. მეორე ეტაპია, მიმართავს თუ არა ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით უვიზო მიმოსვლის საკითხზე. როგორც ჩანს, უკვე ემზადებიან, რომ ეს 2016 წელს მოხდეს. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ეს არის წევრი ქვეყნების კონსენსუსი იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღოს. სავარაუდოდ, მოგერინის ეს ინფორმაციაც აქვს, რომ წევრი ქვეყნები დადებითად უყურებენ ამ საკითხს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ასე მოხდება, რადგან, საბოლოო ჯამში, შესაძლოა რომელიმე წევრმა ქვეყანამ დაბლოკოს. მაგრამ ამ ეტაპზე ასეთ მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს მოგერინი ვერ ხედავას, ამიტომ მისცა მან თავს უფლება, რომ პოზიტიური სიგნალები გაეჟღერებინა. შანსი იმისა, რომ 2016 წელს უვიზო რეჟიმი მივიღოთ, ძალიან მაღალია.

 

როგორც ჩანს, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, მას ასევე ექნებოდა კომუნიკაცია პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე (რაც წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას განსაზღვრავენ). შესაძლოა, მოგერინიმ საქართველოს მთავრობის მხრიდან გარკვეული დაპირებებიც მიიღო, რომ რაღაც საკითხებში სიტუაცია გაუმჯობესდება.

 

ევროკომისია რეკომენდაციით გარდა წევრი ქვეყნებისა ევროპარლამენტსაც მიმართავს, ხომ?

 

როგორც წესი, ეს რეკომენდაცია კომუნიკაციის სახით იწერება წევრი ქვეყნებისადმი და ევროპარლამენტისადმიც. საბოლოო ჯამში, შენგენის არეალში უმეტესწილად წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მისცემენ თუ არა უვიზო მიმოსვლას. თავისი დადებითი დასკვნა ევროპარლამენტმაც უნდა გააკეთოს.

 

ანუ კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. ამ ეტაპთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც საქართველოში ვითარდება იმავე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ევროპალრამენტში არაერთი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი…

 

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ რუსთავი 2-ის წილები გადაეცემა ერთი მესაკუთრიდან მეორეს, ახალი მფლობელი  არსებითად ცვლის არხის  სამაუწყებლო პოლიტიკას და ის ხდება აბსოლუტურად არაკრიტიკული მთავრობის მიმართ. ამას შეიძლება ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვეს.  ევროპარლამენტში ძლიერი  პარტიები, მათ შორის, პირველ რიგში, ევროპის სახალხო პარტია, უარყოფით რეზოლუციას შეიმუშავებს, რომელიც შეიძლება ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებსაც შეეხოს და საქართველოს შესაძლოა, ეს პროცედურაც შეუჩეროს, სანამ  პოლიტიკურ საკითხებს არ მოაგვარებს, ანუ სანამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი. თუ სახალხო პარტია ევროპარლამენტში კენჭისყრის პროცესში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგ წავა, მას ხელთ არ აქვს მანდატების ნახევარი, მაგრამ მემარჯვენე პარტიები დაუჭერენ მხარს.

რატომ მხოლოდ მემარჯვენეები, სოციალსიტებიც უჭერენ ხოლმე მხარს ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებებს თუ რეზოლუციებს…

 

დიახ, იმიტომ, რომ ისინი თანხმდებიან და შემდეგ სახალხო პარტია უჭერს მხარს იმას, რაც სოციალისტებს აინტერესებთ. ამ შემთხვევაში ეს უკვე ძალიან დიდი ძალაა და შესაძლოა დაბლოკოს [საქართველოს უვიზო რეჟიმის საკითხი ევროპარლამენტში].

 

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპის სახალხო პარტია გლობალურ პოლიტიკაზეც ფიქრობს.  ამ გლობალური პოლიტიკის ნაწილი საქართველოც არის. თუ რაიმე ქმედება საქართველოს ინტერესებს დააზარალებს, შესაძლოა, გლობალური პოლიტიკის ნაწილში თავის თავს მიაყენონ ზიანი, რადგან არაა გამორიცხული, რუსეთის გავლენა გაძლიერედეს საქართველოზე. ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ იქნება მათთვის, ვგულისხმობ საქართველოს შეფერხებას ევროინტეგრაციულ გზაზე. აქ ასევე აღსანიშნავია სახალხო პარტიის გავლენები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებზე. ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების უმეტესობაში სახალხო პარტია უმრავლესობითაა წარმოდგენილი, ან ფლობს ძალიან დიდ გავლენას მთავრობებზე, მათ შორის, მოგეხსენებათ, გერმანიის ლიდერი სახალხო პარტიის წევრია… მაგრამ აქ მარტო სახალხო პარტიაზე არ არის ლაპარაკი, საუბარია მთლიანობაში ევროკავშირის ინსტიტუტების დამოკიდებულებაზე მედიის თავისუფლების მიმართ. ამ საკითხზე ისინი ძალიან სენსიტიურები არიან. ასევე, ეს უკვე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხსაც ეხება [რუსთავი 2-ის საქმეში]. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა შესაძლოა გავლენა იქონიოს.

 

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,  რა დონეზე გამწვავდება კრიტიკა დასავლეთში საქართველოს მიმართ. ევროპული ინტეგრაციის შეფერხება და მათ შორის სავიზო ლიბერალიზაციის შეფერხება ალბათ არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კრიტიკის ხარისხი მაღალ დონეს არ მიაღწევს.

 

როდესაც ევროპის სახალხო პარტიაზე საუბრობთ, აქ ალბათ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი ენმ-ს პარტნიორები არიან და ალბათ რთული წარმოსადგენია, ნაციონალურმა მოძრაობამ თავის პარტნიორებს უთხრას, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი არ დაუჭირონ.

 

ეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ გააჩნია, რა დონეზე მოხდება იგივე ენმ-ს გამწარება ან დისკრიმინაცია. მეორე მხრივ, ისიც უნდა ვთქვათ, ენმ-ს პარტნიორები კი არიან, მაგრამ როცა საქმე მაღალი დონის პოლიტიკას ეხება, ისინი, პირველ რიგში, ევროკავშირის ინტერესებს ითვალისიწნებენ მთლიანობაში. ევროპარლამენტში ნამდვილად არ სხედან ბრიყვები, რომლებიც მიიკერებენ იმიჯს, რომ თითქოს საგარეო პოლიტიკაში მხოლოდ კორპორატიული ინტერესებით მოქმედებენ.

 

საბოლოო ჯამში, ყველაფერს ევროკავშირის საერთო ინტერესი განსაზღვრავს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიც კი დემოკრატიის გავრცელებაა. ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ, თუ ისინი ჩათვლიან, რომ საფრთხის ქვეშაა მთლიანობაში ყველაზე მთავარი პრინციპი, დემოკრატიული ფასეულობების პატივისცმა, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდს და შესაძლოა ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესების საზიანოდაც კი იმოქმედონ, ანუ გარკვეული გადაწყვეტილებები დაბლოკონ…

 

ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ევროკავშირის ერთიან მექანიზმსა და იმიჯში ძალიან მძლავრადაა თავმოყრილი, მათ შორის გეოპოლიტიკური ინტერესებიც, სადაც პრევარირებს ფასეულობების საკითხი და ისინი ამას მარტივად არ დათმობენ. აქ არის ინტერესების ერთობლიობა, გარკვეული ინტერესი პირველადია, რაღაც- მეორადი. რა თქმა უნდა, პირველადია უსაფრთხოების, გეოეკონომიკური ინტერესები, თუმცა აქვეა დემოკრატიის გავრცელების ინტერესიც. დემოკრატია ევროკავშირისთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი ინტერესია.

 

იგივე ჩვენს რეგიონში რომ ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და არ შეიძლება ითქვას, რომ ის დემოკრატიული სახელმწიფოა, ევროპელები მაინც აგრძელებენ აზერბაიჯანთან ურთიერთობას. მართალია, აზერბაიჯანთან დაკავშირებით გეოპოლიტიკური ინტერესიც არსებობს, მაგრამ მათ ფასეულობების საკითხი არ მიუტოვებიათ… შეიძლება ტაქტიკური მოსაზრებებით ამაზე დროებით პედალირებას არ ახდენენ.

 

თუ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის არმიცემა ძალიან მნიშვნელოვანი [გეოპოლიტიკურ] პრობლემებს შექმნის, რუსეთს გაუხსნის ხელს საქართველოზე გავლენის აღსადგენად და ა.შ. მაშინ შეიძლება ტაქტიკური მოსაზრებებით ფასეულობების საკითხზე პედალირება არ მოახდინონ, მაგრამ თუ ეს ზემოხსენებული საშიშროება რუსეთის მხრიდან ასე ხისტად არ იქნება გამოხატული, მაშინ, რა თქმა უნდა, ფასეულობების საკითხის გამო ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება.

 

ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. ყველაფერი დამოკიდბეულია გლობალურ კონტექსტზე. ორივე შეიძლება მოხდეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გრძელვადიანი თვალსაზრისით ფასეულობების საკითხი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშნელოვანია. თუ ისინი ჩათვლიან, რომ საქართველოში შეიძლება ჩამოყალიბდეს რეჟიმი, რომელიც უარყოფს მედიის თავსიუფლებას, სასამართლოს მიუკერძოებლობას, ამის გასაჩერებლად ძალიან ბევრ რამეს მოიმოქმედებენ, მათ შორის სხვა ინტერესების დათმობის ხარჯზე.

 

მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, იმავე მოგერინის განცხადებაშიც პოზიტიური ნაბიჯების ხაზგასმის შემდეგ ლაპარაკი იყო გამოწვევებზე მედიის თავსიუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდბელობის კუთხით. ეს განცხადება მთლიანობაში როგორ უნდა წავიკითხოთ?

 

ეს განცხადება შეიძლება წავიკითხოთ ისე, რომ დადებითი სიგნალები ევროკავშირის მოტივაციაა, ევროკავშირი მზად არის, მაგრამ მაინც არსებობს რისკები. ძალიან კონკრეტულ პირობებში რომ გადავიყვანოთ, ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომ რუსთავი 2-ს დაანებეთ თავი, არ შეიცვალოს რუსთავი 2-ის მაუწყებლობის პოლიტიკა.

 

“დაანებეთ თავი” – ასეთი კატეგორიული ტონით?

 

რუსთავი 2-ის საქმე მივიდა იმ დონემდე, რომ უამრავი ეჭვები გაჩნდა, რაც მეტი გადაწყვეტილება მიიღება, მით უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, ანუ პრაქტიკულად რუსთავი 2-ის საქმე ლაკმუსის ქაღალდივით და ინდიკატორივით გახდა იმისა, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი. სწორედ ამაზეა ლაპარაკი. შეიძლება მოწილეთა დავა ნებისმიეირ სახით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ამას ხომ დასავლეთშიც კარგად ხედავენ, რომ ეს ნორმალური სახით არ მიმინდაროებს, არამედ მოტივირებული ფორმით, რომ ერთს წაერთვას და მეორეს მიეცეს. ამიტომ უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმეს ის ზოგადი განცხადებები, რომელიც მედიის თავისუფლების შესახებ კეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი