კომენტარი

ნაცვლიშვილი: არის მცდელობა, რომ რ2–ზე დავის პროცესში საიას სახელით ბოროტად ისარგებლონ

11 ნოემბერი, 2015 • 1340
ნაცვლიშვილი: არის მცდელობა, რომ რ2–ზე დავის პროცესში საიას სახელით ბოროტად ისარგებლონ

მან ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რუსთავი 2–ზე მიმდინარე დავაში საიას და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის სახელით ბოროტად გამოყენების მხდელობა ორივე მხარეს აქვს. მანვე აღნიშნა, რომ საია ამ პროცესში მხარე არ გახდება.

 

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ძალიან რთულ პროცესში, მიმდინარე დავაშიც და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებშიც, არის მცდელობა, რომ მოხდეს საიას და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის სახელით ბოროტად სარგებლობა და ეს შემთხვევაც ამას მაფიქრებინებს,”– ამბობს ნაცვლიშვილი.

 

მისი თქმით, პირველ ჯერზე მსგავსი გაუგებრობა მოხდა რუსთავი 2–ის ბორდის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ტელეკომპანიამ გაუშვა სიუჟეტი, რომ იგი ბორდში ყოფნის შეთავაზებას დათანხმდა, რაც, მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა; მეორე შემთხვა კი დღეს მოხდა, როდესაც დვალისა და აქიმიძის პრესკონფერენციის შემდეგ საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნაცვლიშვილმა ურჩია მათ უდუმაშვილისთვის რუსთავი 2–ის მართვის შეთავაზება. 

 

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ პირველად აქიმიძეს გადაცემა რეალურ სივრცეში შეხვდა, სადაც მან საჯაროდ დააფიქსირა სურვილი, რომ სურდა საიასთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, რაზეც, ნაცვლიშვილმა მზაობა გამოთქვა.


ანა ნაცვლიშვილის თქმით, მას აქიმიძე გუშინ, 11 ნოემბერს, დღის განმავლობაში ურეკავდა, მაგრამ ვერ შეძლო მასთან შეხვედრა ფედერიკა მოგერინის ვიზიტისა და სხვა შეხვედრების გამო, თუმცა აქიმიძის დაჟინებული თხოვნის გამო ეს შეხვედრა ღამის 11 საათზე შედგა. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრესკონფერენციის წინ შეხვედრის დაჟინებით მოთხოვნა ეჭვებს ბადებს.

 

“ბოლოს, ძალიან დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მთხოვა, რომ როგორმე იქნებ დღეს შევხვდეთ და საკმაოდ გვიან შევხვდით. რა თქმა უნდა, შევხვდით იმიტომ რომ, რუსთავი 2–ს რომ დაერეკა ამ დროს და ჩემთვის ინტერვიუ ეთხოვა, რა თქმა უნდა, წავიდოდი, ამიტომ ჩავთვალე, რომ თანასწორობის პრინციპი მავალდებულებდა, რომ რადგან მათ ასე დაჟინებით სურდათ შეხვედრა, შევხვედროდი,”– ამბობს ნაცვლიშვილი.

 

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო – საია
ანა ნაცვლიშვილი. ფოტო – საია

 

რაც შეეხება საუბრის შინაარსს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დვალისა და აქიმიძისთვის რჩევები არ მიუცია. 

 

“რჩევებსა და კონსულტაციებზე საუბარი არის აბსოლუტურად მისი ინტერპრეტაცია იმისა, რასაც ადგილი ჰქონდა. მათ გამოხატეს სურვილი, რომ იქნება არასამთავრობო სექტორმა გარკვეული მედიაცია შეასრულოს ამ პროცესში. ერთადერთი, რაზეც დავთანხმდი და შევპირდი, ეს იყო არასამთავრობოთა გაფართოებულ ფორმატში რომ გაკეთებულიყო ეს შეხვედრა,”– განაცხადა საიას თავმჯდომარემ 

 

არასამთავრობო სექტორისთვის მედიატორის როლის დაკისრებასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ცალკე განსახილველი თემაა, რამდენად სწორი იქნება, ეს როლი არასამთავრობო სექტორმა შეასრულოს.


ნაცვლიშვილის თქმით, მან შეხვედრაზე დვალსა და აქიმიძეს უთხრა, რომ ეს “თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა”, განჩინება ვერ უძლებს სამართლებრივ კრიტიკას და ნათლად ჩანს ხელისუფლების ინტერესი.  მან შეხვედრაზე ასევე თქვა, რომ ამ ფორმით ტელეკომპანიის დაბრუნება საშიშ პრეცედენტს შექმნიდა, ვინაიდან არ იქნებოდნენ დაზღვეულები, რომ მათაც ამ ფორმით ამ წაართმევდნენ რისთავი 2–ს.

 

მან ნეტგაზეთთან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დვალსა და აქიმიძეს არ უთქვამთ, რომ დღევანდელ კონფერენციაზე ამ თემაზე ისაუბრებდნენ:


“ეს, რა თქმა უნდა, არ იყო და ვერ იქნებოდა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, საიდუმლო შეხვედრა და დასამალი ამ შეხვედრაში არაფერი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ  ელემენტარული ეთიკა არის, ადამიანებმა ერთმანეთს შეუთანხმონ ასეთი რამის საჯაროდ თქმა,”– ამბობს ნაცვლიშვილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი