პროგრამებს შორის ერთ-ერთი „ღია სამყაროს“ (OPEN WORLD) პროგრამაა, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ნახვისა და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. წელს, ოქტომბრის დასაწყისში, პატივი მხვდა, „ღია სამყაროს“ ფარგლებში პირველად მენახა ამერიკის შეერთებული შტატები და ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ხელიდან ვერ გავუშვებდი.
ვაშინგტონი – ქალაქი პოლიტიკა
პროგრამის მიხედვით ყველაფერი აშშ-ის დედაქალაქიდან იწყება. ვაშინგტონი – პარკებში, სიმწვანესა და კოხტა ქუჩებში ჩაფლული ქალაქია, სადაც ფეხით სეირნობის დროს არც სივრცისა და არც სიმშვიდის ნაკლებობას არ განიცდი. ჯორჯთაუნის ისტორიული უბანი კი ქალაქის ის ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. და მაინც, როგორც კი ვირჯინიიდან მდინარე პოტომაკს გადაივლი და ვაშინგტონის ცენტრალურ ნაწილებს მიადგები, ყველგან და ყველა ქუჩაზე გრძნობ, რომ შენ დიდი პოლიტიკის ქალაქში ხარ. ეს შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრი ხდება შეხვედრების მიმდინარეობისას. სამუშაო დღის ყოველი საათი და წუთი გაწერილია და ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჯგუფი ვაშინგტონიდან მისისიპის შტატში უნდა წასულიყო, შეხვედრებიც იმ სენატორებთან და კონგრესმენთან იყო, რომლებიც მისისიპის შტატს წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოში. მთლიანობაში აშშ-ის დედაქალაქი ის ქალაქია, რომელიც აეროპორტში მიმავალს, უკან, ვაშინგტონში ერთხელ მაინც დაბრუნებაზე ფიქრს გატანს თან.
მისისიპი – ამერიკული მუსიკის დაბადების ადგილი
მისისიპის შტატი, კერძოდ შტატის სამხრეთში, ზედ მექსიკის უბესთან არსებული ქალაქები – გალფ-პორტი, ბილოქსი, ნოსპონტი და ოუშენ-სფრინგსი აშშ-ში ვიზიტის ძირითადი დანიშნულების ადგილები იყო. ეს სწორედ ის ქალაქებია, რომლებსაც 2005 წელს დამანგრეველმა ქარიშხალმა „კატრინამ“ გადაუარა და ბევრ მათგანში ბოლო ათი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ. ინფრასტრუქტურის გამართვა, საცხოვრებელი გარემოს შექმნა, პორტის აღდგენა და სხვა. ყველა ოფიციალური შეხვედრა, თუ მუზეუმში ვიზიტი „კატრინას“ თემით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დამანგრეველი ქარიშხალი უკვე იქცა მისისიპის შტატის ისტორიის ნაწილად.
მისისიპის შტატის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ნამდვილი ამერიკული მუსიკის მოსმენის შესაძლებლობაა. მუსიკის, რომელიც საოცარი იმპროვიზაციის უნარის წყალობით, შეიძლება შენ წინ შეიქმნას და შეიცვალოს. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, პირველივე დღეს, გვიან ღამით, ძირითადად ჯაზისა და ბლუზის მოტივებზე აჟღერებული ცოცხალი მუსიკის მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა. იქ, მისისიპიში, მუსიკა გავიწყებს ყველაფერს და ერთადერთი, რაც გინდა, არის ის, რომ არასოდეს დამთავრდეს. ყოველდღე, სახლიდან ოფიციალურ შეხვედრამდე თუ ქალაქიდან ქალაქში გადასავლამდე ათეულობით კილომეტრის გავლისას მუსიკა საუკეთესო თანამგზავრია.
გზები, რომლებსაც თითქოს არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო, უსასრულო ხიდები და მწვანე სამოთხედ ქცეული ვებერთელა მდინარეების ჭალები, ე.წ. მომღერალ მდინარეში ნავით სეირნობა და მაღალ სიჩქარეს მოყოლილი ადრენალინი კი სულაც ცალკე საუბრის თემაა. და განა მარტო ეს? როცა მისისიპის შტატის საზღვაო ქალაქებში ამერიკელი ავტომოყვარულები ანტიკვარული ავტომობილების საგამოფენოდ იკრიბებიან და შუქნიშანზე შენ გვერდით საუკუნეს მიახლოებული ავტომობილი ჩერდება, იქ უკვე დროის სათვალავი გერევა. ოქტომბრის დასაწყისში მარტო იმიტომ ღირდა მისისიპის სამხრეთში წასვლა, რომ ასობით ძველი და ამავდროულად შესანიშნავ ფორმაში მყოფი „შევროლეტი“, „ფორდი“, თუ „GMC” გენახა და პრაქტიკულად შენ წინ გაევლო ავტოწარმოების გიგანტების ისტორიას.
ბილოქსში, სანაპიროზე, ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის – ჯეფერსონ დეივისის მუზეუმის არსებობა ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა დაივიწყო ომი და ქვეყნის ერთიანობისთვის საკუთარ თავზე მაღლა დადგე. ეს მუზეუმი არ არის უბრალო მუზეუმი. ჯეფერსონ დეივისის მუზეუმის არსებობა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ალბათ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ უნდა შექმნა სახელმწიფო.
გალფპორტის პორტის ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების განვითარების პროგრამა და 2005 წლის სტიქიის შედეგად გამოწვეული მიგრაცია ნამდვილად დიდი გამოწვევაა მისისიპისთვის. თუმცა შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს მულტიკულტურული მრავალფეროვნების სანახავად მისისიპი შესანიშნავი ადგილია. მით უმეტეს, თუ არ დაიზარებ და იქვე სულ ახლოს, აღმოსავლეთით მდებარე ალაბამს და ფლორიდის შტატებსაც მოინახულებ. ალაბამას, რომლის შტატის საზღვრის გადაკვეთისთანავე ცნობილი მუსიკალური კომპოზიცია – „Sweet Home Alabama“ გახსენდება. ხოლო როგორც კი ფლორიდაში შედგამ ფეხს, ვებერთელა აბრა მზიან შტატში შესვლის შესახებ გაუწყებს. აი, რაც შეეხება მისისიპის შტატის დასავლეთს, აქ უკვე ლუიზიანაა, მისი უდიდებულესობა ნიუ-ორლეანით, რომელიც ჯაზის სამშობლოა და ფრანგული კვარტალის ყოველ ქუჩაზე დაუსრულებლად გჩუქნის მუსიკას.
ნიუ-ორლეანი
ალბათ ცოტა ქალაქს თუ აქვს ისეთივე ლამაზი კვარტალი, როგორიც ეს ლუი არმსტრონგის მშობლიურ ნიუ-ორლენშია. ფრანგული კვარტალის ერთ, ორ და სამსართულიანი სახლები, წარმოუდგენლად ლამაზი აივნები, მოაჯირები და სახლებზე არსებული სხვადასხვა დეტალი ერთდროულად გახსენებს, როგორც თბილისის ძველი უბნების აივნებს, ისე – ბათუმს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ არავის მოსდის აზრად ქალაქის ძველ უბანში რომელიმე შენობა დაანგრიოს, გადაკეთოს ან თანამედროვე არქიტექტურის „შედევრით“ ჩაანაცვლოს. ჯაზი, როგორც ქალაქის სავიზიტო ბარათი. ტურისტები, როგორც ქალაქის აუცილებელი ელემენტი და თვალუწვდენელი მდინარე მისისიპი, რომლის ნაპირზე აუცილებლად უნდა ჩაიფიქრო ნიუ-ორლეანში არაერთხელ დაბრუნების სურვილი.
P.S.
ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ბეჭედზე არის წარწერა: „E pluribus unum“, რაც ნიშნავს „ერთი მრავალთაგან“. აშშ-ში ერთი ჩასვლაც საკმარისია საიმისოდ, რომ გაიგო, თუ როგორ გახდა „მრავალი“ – „ერთი“ და როგორ ახერხებს „ერთი“ იყოს „მრავალი“.