კომენტარი

ბოკერია Gazprom-თან მოლაპარაკებებზე, NDI-ის შედეგებსა და გავრცელებულ კადრებზე [ვიდეო]

18 ოქტომბერი, 2015 •
ბოკერია Gazprom-თან მოლაპარაკებებზე, NDI-ის შედეგებსა და გავრცელებულ კადრებზე [ვიდეო]


როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, გაზპრომთან მოლაპარაკება ნიშნავს საქართველოსთვის შიმშილს, სიცივეს, შანტაჟსა და დამცირებას.


თავი რომ დავანებოთ ყველაფერს, მაღალ მატერიებზე საუბარს, ჩვენ ყველას გვახსოვს, რას ნიშნავდა დამოკიდებულება “გაზპრომზე” და რუსეთზე. დაწყებული 90 წლებიდან, დამთავრებული 2005 წლის ზამთრამდე. ეს ნიშნავდა შიმშილს, სიცივეს, შანტაჟს და დამცირებას. დღეს მთელი თავისუფალი სამყაროს ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ დამოკიდებულია ნაწილობრივ გაზპრომზე, ცდილობს, რომ ამ გავლენისგან განთავისუფლდეს. აბსოლუტურად გაუგებარი ან მავნებლური ნაბიჯია თუნდაც სერიოზულად განხილვა, რომ უფრო დამოკიდებული გავხდეთ “გაზპრომზე”, ვიდრე დღეს ვართ, მაშინ, როცა 2005 წლის სამარცხვინო ბლოკადის შემდეგ ჩვენ განვთავისუფლდით ამ დამოკიდებულებისაგან. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და პირიქით – უფრო გავაღრმავოთ ჩვენი არადამოკიდებულება რუსეთზე. ხმამაღალი სიტყვების და ყალბი პატრიოტიზმის გამო არა, სუფთა პრაგმატული ინტერესების გამო – ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი მომავლის, მათ შორის, ჩვენი თავისუფლების, მაგრამ ელემენტარულად სითბოს და ელექტროენერგიის გამო.


გიგა ბოკერიასთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის, რომ NDI-ის ახალი კვლევაში ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებაზე მაღლა დგას. როგორც ბოკერია ამბობს, ნებისმიერი კვალიფიციური კვლევა ასახავდა იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია.


მე ველოდი იმას, რომ ნებისმიერი კვალიფიციური კვლევა ასახავდა იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში. ბუნებრივია, როცა ქვეყანაში არის ასეთი მძიმე ვითარება, საზოგადოება ხედავს ამას, ხედავს ამ მდგომარეობსი მიზეზებს და ამის შედეგია ის კატასტროფული ვარდნა მმართველი პარტიის რეიტინგის. საერთოდ, რასაც ვხედავთ არა მარტო კვლევაში, მთელი ორი წელიწადია. ეს არ არის გასაკვირი. ეს არის ბუნებრივი და ადეკვატური რეაქცია საზოგადოების. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე ვთვლი, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხედვა და გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ უმძიმესი კრიზისიდან, როდესაც ივანიშვილს დემოკრატიული გზით ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუხსნათ და გავაგებინოთ, რაში მდგომარეობს ეს ჩვენი გეგმა და ხედვა. გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებასთან ერთად შეძლებს ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას. რაც შეეხება ივანიშვილს, ეს კვლევა არის აბსოლუტურად დასტური, რომ არანაირი შანსი მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი მას არ აქვს. სხვათა შორის, სწორედ ამით არის გამოწვეული ის აქსელერაცია ნაბიჯების, რაც არის დაკავშირებული რუსთავი 2-თან, დევნასთან, უკვე არა მხოლოდ ძველი ლიდერების, არამედ აქტივისტების. ასევე, ამ ისტერიულ რეაქციასთან, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდში.


ბოკერიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილის სურვილს ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე შესაძლოა NDI-ის კვლევის შედეგების ცდომილებაც იწვევდეს.


ვერ გეტყვით, იცით. ზოგადად, თუ დააკვირდებით კვლევას, როდესაც კვლევის შემცირება ხდება დაბალ ციფრებში, იქ ცდომილება იზრდება – მითითებულია კვლევაში. როდესაც ზოგად ვითარებას აკეთებ, იქ ცდომილება არის 2 ან 3 პროცენტი. მერე, როდესაც უკვე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებში, რომლებიც არიან საერთო რაოდენობიდან ამ კვლევაში 15%, ვინც არჩევნებში მოდის და გადაწყვეტილი აქვთ -ოცდაათი, მაგრამ თხუთმეტია, იქ  ცდომილება ძალიან იზრდება. ვწუხვარ, რომ არა მარტო ჩვენს მომხრეებში, არამედ ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ხალხი… ჩვენ თავისუფალი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ყველანაირი ხალხი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მიმაჩნია ჩვენი პოლიტიკოსების ვალდებულებად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულება, რამდენად მცდარია [ევრაზიული კავშირი] ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რამდენად დამღუპველია ეს მათი და ჩვენი ცხოვრებისთვის.


როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, NDI-ის კვლევის შედეგებია დღეს ონლაინმედიაში გავრცელებული ადამიანის წამების კადრები, რომლებიც მათი ხელისუფლების დროს არის ჩაწერილი. ეს ამჟამინდელი ხელისუფლების ისტერიული რეაქციის ნაწილია. ბოკერიას ამბობს, რომ მათი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანების წამება ძალიან მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ამ გამოძიებით და ამ კადრებს მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.


არ მინახავს, რომელი კადრებია, სამწუხაროდ. არც არანაირი ენთუზიაზმი არ მაქვს, რომ ვნახო ეს კადრები. ლოგიკურად, ამ კვლევის შედეგებია დღეს ამ კადრების გამოქვეყნება, რაც გვაძლევს საფუძველს, გვქონდეს ეჭვი, რომ ეს არის ისტერიული რეაქციის ნაწილი. პრობლემა კიდევ უფრო მძიმე ის არის, რომ ამ კადრებს ის ხალხი განიხილავს არა როგორც მტკიცებულებას მართლმსაჯულების განსახორციელებლად. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ სამარცხვინო დანაშაულის ჩამდენი ადამიანები მათ პრაქტიკლად არ დასაჯეს არც ამ ეპიზოდში და არც მეორე ეპიზოდში, სადაც იყო პატიმრების დამამცირებელ მოპყრობაზე ლაპარაკი. ამ ადამიანების უმრავლესობა საერთოდ დევნის გარეშე განთავისუფლდა, ან მიიღეს ძალიან მსუბუქი დანაშაული და დღეს არიან თავისუფლები. ეს არის კატასტროფა. ამ თემას ისინი იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო ძალიან მძიმე, რომ ეს მოხდა თავის დროზე, იმ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დროს, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში. ეს პოლიტიკური ფასი ძალიან დიდი იყო, მინდა გითხრათ. მაგრამ, პირველ რიგში, დასასჯელები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულს ჩადიოდა. ყველამ უნდა ისწავლოს: ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, თუ ასე მოექცევი ადამიანს, უმძიმესად დაისჯები, მიუხედავად იმისა, როგორ შეიცვლება პოლიტიკური ხელისუფლება. ამ ხალხმა შექმნა პრეცედენტი, როდესაც ეს თემა გამოიყენა ცინიკურად, და ახლაც ამ კადრების გამოგდება ამის ნაწილია ოპონენტების წინააღმდეგ, მაშინ, როცა არ დასაჯა ადამიანები, ვინც ეს სამარცხვინო დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას არ ვიხსნით ამ უმძიმეს ამბავზე იმიტომ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის პასუხისმგებელია, როცა ირკვევა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო იმ სისტემის პირობებში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი და შეცდომა, რომელზეც ჩვენ ვისწავლეთ – როგორი სახიფათოა, როდესაც კონტროლის მექანიზმები არ არის ეფექტური სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და როცა შემაკავებელი სტრუქტურა არ არსებობს სამართალდამცავი ეფექტური ორგანოების, ამ შემთხვევაში ციხის, პენიტენციალური დაწესებულებების. მაგრამ ახალი ხელისუფლების გაკვეთლი აქედან არის ერთადერთი, რომ ყველანაირი თემა უნდა გამოიყენო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არ გაინტერესებდეს რეალურად მართლმსაჯულება. რაც მთავარია, გაირკვა, რომ მთელი ამ დაქადნების შემდეგ, რომ გაანადგურეს ამ ტიპის კადრები, სადაც ადამიანები შეიძლებოდა იდენტიფიცირებულიყო, ეს ასე არ ყოფილა. ამ მეთოდით გვებრძვიან, თუმცა მე არ მიკვირს. როცა ჩვენ ვნახეთ, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ღიად მოხდა მტკიცებულებებით გამოჩენა, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრის მოადგილე ხელისუფლების ოპონენტს ჯერ ემუქრებოდა მისი პირადი ცხოვრების დამონტაჟებული თუ დაუმონტაჟებელი კადრებით, რის შემდეგაც აღასრულა ეს მუქარა და გამოუქვეყნა, ეს ადამიანი საერთოდ არ დასჯილა. მოხსნეს, მაგრამ ერთი დღე არ მჯდარა. შემდეგ ვნახეთ მეორე სკანდალი, როცა გაირკვა, რომ ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტს ემუქრებოდნენ მისი პირადი კადრებით და როდესაც მან ეს თქვა საჯაროდ, არაფერი ამას არ მოყვა. ანუ, ეს სტილი არსებობს. ერთი პრობლემაა, როცა სამართალდამცავი ორგანოები აძლევენ თავს უფლებას, რომ ასეთი რაღაცები ჩაწერონ საერთოდ, და მეორეა ხარისხის პრობლემა, როცა ამის ღიად გაცხადებაა შესაძლებელი და ამისთვის არავინ პოლიტიკურად არ ისჯება.


გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აბსოლუტურად შესაძლებელია მსგავსი ჩანაწერები გავრცელდეს. მისი თქმით, წამების კადრების გავრცელება არის ცინიკური დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის გუნდს აქვს.


ვერ გამოვრიცხავ ვერაფერს ნამდვილად. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს არის ძალიან ცინიკური და უსინდისო დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ, რომელიც აქვს ივანიშვილის გუნდს. როგორ უნდა უშველოს ამან ივანიშვილს? საზოგადოება მათგან მოელოდა უფრო მეტს, ვიდრე რამე რეალისტური იყო. მათი დაპირებების დიდი ნაწილი თავიდანვე სიცრუე იყო, მაგრამ იმას, რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ მოველოდი. წინსვლის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ უფრსკნულისკენ სვლა ყველა მიმართულებით. მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ შანსი იმისა, რომ საზოგადოების განწყობა შეცვალონ, ნულოვანია. რაც შეეხება ჩვენს მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც დღეს აქვს შანსი, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ქვეყანა ამ უფსკნელიდან გამოიყვანოს- ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ და საზოგადოებასთან ეს უნდა მივიტანოთ ძალიან მკაფიოდ, თუ როგორ უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი