კომენტარი

ხაინდრავა: გაზპრომი რუსული ენერგეტიკული იპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი განსახიერებაა

14 ოქტომბერი, 2015 • 1454
ხაინდრავა: გაზპრომი რუსული ენერგეტიკული იპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი განსახიერებაა

როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ”მოამბესთან” საუბრისას აცხადებს, გვაქვს ვითარება, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ მან არ იცის, რაზე საუბრობს ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომის ხელმძღვანელთან ბრიუსელში. ხოლო შემდეგ, ხაინდრავას თქმით, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის თაობაზე საუბრობს ბაქოში სასწრაფოდ გაფრენილი პრემიერ-მინისტრი.


”პირველ რიგში, ჯობია, რომ პრემიერმა თავის გარემოცვას მისცეს შენიშვნები, რომელიც ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯებს აჟღერებს. გვაქვს ვითარება, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ არ იცის რაზე საუბრობს ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომის ხელმძღვანელთან ბრიუსელში. ხოლო შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის თაობაზე საუბრობს ბაქოში სასწრაფოდ გაფრენილი პრემიერ-მინისტრი. ეს პირველი თემაა ენერგეტიკის მინისტრის და ქვეყნის პირველი პირის. ბუნებრივია, ეს იწვევს ლეგიტიმურ კითხვებს. ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გასაცემად პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ ყველაზე სახარბიელო და ნორმალური ფორმატი არის მთავრობის სხდომა. რისკები, ბუნებრივია, არის იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ”გაზპრომთან” რაღაც სიახლის,” – ამბობს ივლიანე ხაინდრავა.


მისი თქმით, ”გაზპრომი” არ არის ბულგარეთის ან ლუქსემბურგის წარმომადგენელი, სადაც ბიზნესკონტაქტები მინისტრების გარეშეც ძალიან კარგად ლაგდება და რისკები თან არ ახლავს:


”გაზპრომი არის რუსული იმპერიალიზმის, ან ნეო-იმპერიალიზმის, ან, თუ გნებავთ, ენერგეტიკული იპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი განსახიერება. ამ მიმართულებით თუ ხდება რაღაც ძვრები და თუ ჩნდება რაღაც სიახლეები, უნდა იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე ეს პროცესი პოლიტიკური წრეებისთვის. საზოგადოებისთვის ყველაფერი უნდა იყოს ცხადი იმიტომ, რომ გვაქვს მწარე გამოცდილება. ვთქვათ, რუსეთში ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდისა და შემდეგ ისევ მნიშვნელოვანი დაცემისა, წელს რისი მომსწრენიც ჩვენ გავხდით. განახევრდა ბიზნესი, რაც დაეტყო, ბუნებრივია, ჩვენს ბიზნესმენებს. მაგრამ აქ, მე მგონი, პოლიტიკურ რისკებზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც ნამდვილად თან სდევს ხოლმე კომპანია ”გაზპრომის” საქმიანობას საერთაშორისო ასპარეზზე.”


როგორც ივლიანე ხაინდრავა ამბობს, როდესაც მსოფლიო ცდილობს, შეამციროს თავისი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ამ დროის რუსეთიდან გაზის თუ ნებისმიერი ენერგომატარებლის მოცულობის ზრდა საქართველოს მიმართულებით რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება.


”ჯერ ეს ერთი, პრეზიდენტი მუდამ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ის როლი, რომელიც ჩვენ გვაკისრია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, დამაკავშირებელი ხიდის როლი, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვყავს საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანის სახით. არსებობს თურქმენეთი, რომელთანაც ქვეყნებს შორის ინტენსიური კონტაქტები არის და დეკემბერში იგეგმება პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი თურქმენეთში. იქ არის ორმხრივი დაინტერესება: ევროპა არის დაინტერესებული თურქმენული გაზის მიღებით, თურქმენეთი დაინტერესებულია საკუთარი გაზის მიწოდებით ევროპულ დამკვეთზე. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დეკემბერში გაიმართება და სავარაუდოდ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თემა იქნება ამ მოლაპარაკებების.


უკვე ვიცით, რომ 6 ნოემბერს გაიმართება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში და, ბუნებრივია, იქაც ენერგომატარებლების, ენერგოუსაფრთხოების თემა იქნება წამყვანი. ასევე, სერიოზულია დაინტერესება ყაზახეთის მხრიდან, თუმცა ყაზახეთის მხრიდან გარკვეული შეშფოთებებიც არსებობს იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაშია ყაზახური ბიზნესი და ყაზახეთის ინვესტიციები საქართველოში, მაგრამ ეს სხვა თემაა.


ირანსა და ბულგარეთს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომ გაიხსნას დერეფანი და თავისთავად ეს დერეფანი საქართველოზე გაივლის. იმ დროს, როდესაც მსოფლიო ცდილობს, შეამციროს თავისი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ამ დროის რუსეთიდან გაზის თუ ნებისმიერი ენერგომატარებლის მოცულობის ზრდა საქართველოს მიმართულებით რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება. შესაძლოა, განსაკუთრებულად საგანგაშო არაფერი ხდებოდეს, მაგრამ… ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რუსულმა მხარემ უკვე დაადასტურა, რომ გაიმართება მეორე შეხვედრაც. ანუ, რაღაც პროცესი დაიწყო და უნდა გაირკვეს ვითარება, რა მიმართულებით მიდის ეს პროცესი და ხომ არ აღმოჩნდება ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე მზარდი. ის, რისგანაც ჩვენ, მადლობა ღმერთს, თავი დავიხსენით უკანასკნელ წლებში,” – განაცხადა ”მოამბესთან” საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.


ხაინდრავა ამბობს, რომ დივერსიფიცირება რუსეთის ხარჯზე, რომლის ხელშიც ენერგომატარებლები არის პოლიტიკური ზეწოლის და წნეხის ინსტრუმენტი, არ ვარგა და ეს თემა უნდა დაიხუროს. მისი თქმით, თუ თურქმენეთი მოახერხებს ჯერ კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, შემდეგ საქართველოზე თავისი გაზის გატარებას ევროპაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ეკონომიკური ხეირიც იქნება და პოლიტიკურად გააძლიერებს საქართველოს ფუნქციას:


”დივერსიფიცირება რუსეთის ხარჯზე, რომლის ხელშიც ენერგომატარებლები არის პოლიტიკური ზეწოლის და წნეხის ინსტრუმენტი, არ ვარგა. ვიმეორებ, ეს ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, იმ პროცესებიდან, რომელიც ვითარდება ახლა მსოფლიოში. ამიტომ დივერსიფიცირების თემა რუსეთის ხარჯზე უნდა დავხუროთ. მოგახსენეთ უკვე – თურქმენეთის თემა ძალიან აქტუალურია და თუ თურქმენეთი მოახერხებს ჯერ კასპიის ზღვაზე, მერე აზერბაიჯანზე, შემდეგ საქართველოზე თავისი გაზის გატარებას ევროპაში, რის თაობაზეც დონალდ ტუსკმაც ისაუბრა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ეკონომიკური ხეირიც იქნება და პოლიტიკურად გააძლიერებს იმ ჩვენს ფუნქციას, რომელზეც მე ვისაუბრე. ირანის გამოჩენა გაზის ბაზარზე, საქნქციების მოხსნის კვალობაზე, როდესაც ეს მოხდება, ესეც ახალ პერსპექტივას აჩნეს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამიტომ არ არის უალტერნატივო მდგომარეობა საქართველოსთვის. პირიქით, მე მგონი, ახალი შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, უნდა გამოვიყენოთ ის მაღალი დონის ურთიერთგაგება, რომელიც შექიმნა საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებს შორის და განვავითაროთ ეს ხაზი. მოდით, ვთქვათ, რომ არსებითად პრეზიდენტის ინიციატივა სწორედ იქით არის მიმართული, რომ დავსხდეთ, ვისაუბროთ და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება.”


უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ”მოამბესთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ რუსეთი აპირებს სომხეთისკენ გაზის მიწოდების გაზრდას, შეიძლება საქართველოს წილიც გაიზარდოს. თუმცა, ხაინდრავას თქმით, ჩვენ არ უნდა ვიმშვიდოთ თავი იმით, რომ წილი გაიზრდება და ამით საქართველოს საქმე კარგად არის:


”ეს ძველი ხელშეკრულებაა და მოქმედებს უკვე ორი ათეული წელია პრაქტიკულად. სომხეთისთვის რუსეთია გაზის ძირითადი მიმწოდებელი და ამ ტრანზიტის საფასურად ჩვენ ვიღებთ ამ გაზის გარკვეულ ნაწილს, რომელიც შედარებით უმნიშვნელო წილს წარმოადგენს მთლიანად ჩვენი გაზის მოხმარებაში. თუ რუსეთი აპირებს სომხეთისკენ გაზის მიწოდების გაზრდას, ბუნებრივია, ჩვენი წილიც გაიზრდება ალბათ. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიმშვიდოთ თავი იმით, რომ გაიზარდა და საქმე კარგად არის. სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ის შემთხვევები, როდესაც ძირითად გაზსადენზეც და დამხმარე გაზსადენზეც ერთდროულად მოხდა აფეთქებები და რომ არა აზერბაიჯანის მხრიდან გადადგმული კეთლიმეზობლური ნაბიჯი და ირანის მხრიდან ექსტრაორდიანარულ რეჟიმში გაზის მოწოდება, ჩვენ ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავვარდებოდით შუა ზამთარში. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და შეფასებულია იქ, სადაც საჭიროა. სწორედ რისკების მინიმიზაცია არის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი კომპონენტი.”


ივლიანე ხაინდრავა აღნიშნავს, რომ რუსული გაზის საკითხი არ ეხება მხოლოდ საქართველოს. მისი თქმით, საუბარია რეგიონის უსაფრთხოებაზე და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემდგომ ბედზე: ”თუ ჩრდილოეთ-სამხრეთის ვექტორმა გადალახა, დააზარალა აღმოსაველთ-დასავლეთის ვექტორი, ეს კარდინალურად ცვლის ჩვენდამი დამოკიდებულებას, შელახავს ჩვენს, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური საიმედო პარტნიორის, იმიჯს და ამოგვაგდებს იმ კონტექსტიდან, იმ პროცესებიდან, რომელიც ვითარდება ახლა მსოფლიოში. ამის დაშვება არ შეიძლება. წვრილმანები აქ არ არსებობს. ეს არის სერიოზული, რთული და კომპლექსური პრობლემა. სწორედ წვრილმანები და მათი ჯამი ახდენს ხოლმე სერიოზულ გავლენას ქვეყნის იმიჯზე და მის სანდოობაზე.”


როგორც ხაინდრავა აცხადებს, პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს შექმნას მაქსიმალურად კომფორტული მოედნები იმისთვის, რომ განხილული იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, თუმცა მთავრობა დუმს.


”სამწუხაროდ, გვაქვს არცთუ პოზიტიური გამოცდილება ამ თვალსაზრისით. შარშან, 6 ნოემბერს, იყო მიმართვა მთავრობის სახელზე, როდესაც პრეზიდენტმა ითხოვა დღის წესრიგში ისეთი საკითხის ჩასმა, როგორიც არის ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის განხილვა. მთავრობა დადუმდა. მთავრობა დადუმდა დიდი ხნით და პრეზიდენტმა თებერვლის თვეში კიდევ ერთხელ გაახსენა ამის თაობაზე და ეს დუმილი გრძელდება დღესაც. დღეს მეორედ შევიდა ასეთი მოთხოვნით პრეზიდენტი. ვიმეორებ, კონსტიტუციური მოთხოვნით მთავრობასთან. ვნახოთ, როგორი რეაქცია იქნება… საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი მუდმივად ამჟღავნებს კეთილ ნებას. ის მუდმივად ცდილობს შექმნას მაქსიმალურად კომფორტული მოედნები იმისთვის, რომ განხილული იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. პრეზიდენტმა სულ სამჯერ მოიწვია უშიშროების საბჭო, მაგრამ ორჯერ პრემიერი არ დაესწრო ამ სხდომებს. ხან რომელი მინისტრი არ ესწრებოდა და ხან რომელი. ანუ, პრეზიდენტის სახელმწიფოებრივ მიდგომას ყოველთვის როდის პასუხობს მთარობა ასევე სახელმწიფოებრივი მიდგომით… ეს არის სამწუხარო ვითარება ქვეყანაში, მაგრამ სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობას თავისი ხედვების გადახედვა ესაჭიროება,” – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ პირველ არხთან მიცემულ ინტერვიუში.

ივლიანე ხაინდრავა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
ივლიანე ხაინდრავა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე


13 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა, რათა მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილონ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაზე შეხვედრებს მართავს ”გაზპრომის” წარმომადგენლობასთან. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დაინტერესებულია, რომ სომხეთისთვის გაზრდილი მოცულობიდან საქართველომ უფრო მეტი გაზი მიიღოს.

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ”გაზპრომის” წარმომადგენლებს 25 სექტემბერს ბრიუსელში შეხვდა. ენერგეტიკის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები და საუბარი ასევე შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს. ორი დღის შემდეგ კი ამ საკითხზე კალაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „სამუშაო შეხვედრა იყო, თქვენ იცით, რომ ჩვენ, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანია ყოველ წელს ვაფორმებთ ხელშეკრულებას ”გაზპრომთან” საქართველოში გაზის შემოტანაზე. ასეთი შეხვედრები ყოველ წელს იმართება”.

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დივერსიფიცირების მიზნით საქართველო ფიქრობს გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე.  კახა კალაძე უახლოეს პერიოდში მორიგ შეხვედრას გამართავს ”გაზპრომის” წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, კალაძემ დაამატა, რომ გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები კომერციული ოპერატორების თხოვნითაა განპირობებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გაემგზავრა ბაქოში 11 ოქტომბერს და იქ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი