კომენტარი

“ქართულ საქმეს სიკეთეს არ მოუტანს” — ირაკლი მენაღარიშვილი „აგენტების“ კანონპროექტზე

1 მარტი, 2023 • 3402
“ქართულ საქმეს სიკეთეს არ მოუტანს” — ირაკლი მენაღარიშვილი „აგენტების“ კანონპროექტზე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (1995-2003 წწ) ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების” მთავრობას კონსულტაციებს უწევს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება „ქართულ საქმეს“ არ წაადგება.

„მე ეს იდეა არ მომწონს და ვთვლი, რომ არაფერი სასიკეთო აქედან ქართულ საქმეს არ შეიძლება ჰქონდეს. ვერ ვხედავ სიკეთეს, რომელიც შეიძლება აქედან ქართულმა პოლიტიკურმა რეალობამ მიიღოს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ირაკლი მენაღარიშვილმა.

რაც შეეხება ზიანს, მენაღარიშვილის თქმით, ის კამათი, რომელიც დღეს არის საზოგადოებაში ამ კანონპროექტის ირგვლივ, უკვე ზიანია.

„ჩვენს ისედაც გახლეჩილ და დაპირისპირებულ საზოგადოებას კიდევ ერთი თემა დაპირისპირების გაღრმავებისთვის ნამდვილად არაფერში სჭირდებოდა. ეს უკვე დამდგარი ეფექტია“, — ამბობს მენაღარიშვილი.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს“ — ევროკავშირი „აგენტების“ კანონპროექტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი