Interviewsკომენტარი

რუსული კანონი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ იდეას: ჩვენს ევროპელობას — დვალი

14 აპრილი, 2024 • 1708
რუსული კანონი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ იდეას: ჩვენს ევროპელობას — დვალი

„ყოველგვარი ფარდობითი შეფასებების გარეშე,  უპირველეს ყოვლისა, ეს კანონი პრობლემაა დემოკრატიისთვის და ამის გამო არის მიუღებელი,“ – ასე აფასებს ფიზიკოსი გია დვალი „ნეტგაზეთთან“ რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის საფარქვეშ გეგმავს.

„როდესაც ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობა რაღაც ზღვარს სცდება, ის ხდება კონტროლის მექანიზმი.  მაგალითად, არ შეიძლება მოქალაქეს აჰკიდო ვალდებულება რაღაც ყოვლად გაუგებარი და დამამცირებელი იარლიყი მიიწებოს და ამავე დროს თვითონვე ატაროს საპირისპიროს მტკიცების ტვირთი.

ასე რომ,  ევროპა საერთოდ რომ არ არსებობდეს, ამ კანონის მიღება დიდი დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. პარალელურად, ის უდიდეს წინაღობას ქმნის ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე.  ანუ, პირდაპირ  ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ იდეას: ჩვენს ევროპელობას,“ – ამბობს გია დვალი.

ფიზიკოსის თქმით, მსგავსმა კანონმა, რომელიც რუსეთში რამდენიმე წლის წინ მიიღეს, რუსეთს კარგი არაფერი მოუტანა.

„ზოგადად, ეგ ბუნების წესია, რომ ასეთი ტიპის რეგულაციებს საბოლოო ჯამში მოაქვთ სამოქალაქო საზოგადოების რღვევა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში სადაც  შემაკავებელი დემოკრატიული მექანიზმები არ არსებობს,“ – ამბობს ფიზიკოსი.

2023 წლის მარტის აქციების შემდეგ რუსული კანონი გაიწვია მთავრობამ. ახლა აღმოჩნდა, რომ მოგვატყუა. ამაზე რას ფიქრობთ? რას აჩვენებს ეს ტყუილი თქვენთვის? – ვკითხეთ ფიზიკოსს.

„ჩემთვის ეს მიანიშნებს, რომ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა. ასე სჩანს, რომ პრობლემის სათავე და კონტროლი გასცდა ლოკალური ხელისუფლების ფარგლებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდა მათივე ხელშეწყობით და სრული პასუხისმგებლობით, მაგრამ ეს შედეგს არ ცვლის: ეს კანონი ანგრევს ჩვენს დემოკრატიას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.

როგორია თქვენი გზავნილი მთავრობისა და  მოქალაქეებისადმი – ვკითხეთ გია დვალს.

„მთავრობისა და პარლამენტის მიმართ, როგორც მათ “დამქირავებელ” რიგით მოქალაქეს, გზავნილი ასეთი მექნება:

წინა წლის  გამოცდილების და ყველაფერი იმის გათვალისწინებით თუ რა მასშტაბის უბედურების მომტანია ეს კანონი,   კანონის ინიციატორებმა მონახონ თავის თავში ძალა, რათა რაიმე საბაბით (თუნდაც გადახედვის მიზნით) გაიწვიონ ეს კანონი. ასეთი ნაბიჯი, საზოგადოებამ უნდა დააფასოს და არ ჩაუთვალოს ეს სისუსტედ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ რიგითმა პარლამენტარებმა არ მისცენ ხმა ამ კანონს.

თანამოქალაქეებს მე მხოლოდ შემიძლია ჩემი პირადი აზრი გავუზიარო:

მე ვგმობ ამ კანონის თავიდან ინიციირებას, როგორც მისი შინაარსიდან, ასევე მისი ინიციირების გარემოებებიდან გამომდინარე, და ასევე იმ დესტრუქციის რისკების გათვალისწინებით, რაც მას შეუძლია, რომ მოიტანოს.

რაც მეტი მოქალაქე დააფიქსირებს თავის აზრს, მით უფრო დიდი იქნება სამოქალაქო საზოგადოების მორალური უპირატესობა, რაც ერთერთი რეალური ბერკეტია ამ სიტუაციაში.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მის გამოვლინებაში, პროტესტი იყოს ზედმიწევნით  მშვიდობიანი და  ცივილური, რათა არ შექმნას  რისკი  “მაიდნის” სცენარის  და შესაძლო ოკუპაციის,“-ამბობს გია დვალი.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და, როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.

რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი