კომენტარისაზოგადოება

ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი უსამართლოა – ლევან სონღულაშვილი

12 აპრილი, 2024 • 696
ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი უსამართლოა – ლევან სონღულაშვილი

“დანაშაულის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებაზე, თუმცა ლაზარეს 9- წლიანი განაჩენი ყველანაირ ზღვარს სცილდება და უსამართლოა!” – აშშ-ში მცხოვრები ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ლაზარე გრიგორიადისისისთვის 9 წლით პატიმრობის მისჯას ეხმაურება.

“განსხვავებული ბიჭი არასტანდარტული გარეგნობით ერთ-ერთია იმ მრავალათასიანი ადამიანიდან, რომელიც საპროტესტო აქციაზე იდგა, ერთ-ერთია, რომელიც შეამჩნიეს და ერთადერთი, რომელიც პასუხს აგებს იმაზე, რაშიც მარტო არ იყო. 

ცხადია, ჩემთვის გმირი არაა, თუმცა მსხვერპლია, რომელიც სწორედ განსხვავებული იდენტობის გამო გაწირეს; იგი საუკეთესო კანდიდატია ეშაფოტზე აიყვანო და მასების წინაშე ჩამოახრჩო, რადგან არ შეებრალებათ; ის ხომ ჯერ კიდევ მაშინ იწვევდა აგრესიას, როცა ქუჩაში ჩუმად, თავისთვის სეირნობდა, რადგან სტანდარტული არაა.

სწორედ ისეთ ადამიანს უნდა წაართვა 9- წლიანი თავისუფლება, ვისი გარეგნობაც მასებს გააღიზიანებს, ხოლო შეიწყალო კრიმინალები, რომელთა ოჯახებიც წინასაარჩევნოდ ხმებს შეგმატებენ”, – წერს ლევან სონღულაშვილი.

მხატვარი ეხმიანება “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ რუსულ კანონსაც, რომელიც მეგობარს მტრად აცხადებს მაშინ, როცა რეალური მტერი საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს და საზღვრებს წევს.

“სწორედ დღეს და ახლა, მტრად შეგიძლია გამოაცხადო მეგობარი ქვეყნები, რომლებიც დანგრევის პირას მყოფ ეროვნულ ძეგლებს აღადგენენ, როცა თავად საყდრისს აფეთქებ, მტერი კი შენს ტერიტორიებს ბომბავს, შენს მოსახლეობას იტაცებს, საზღვრებს წევს”, – წერს მხატვარი.


22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო, რის მიზეზსაც ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები ლაზარეს დასჯის მცდელობითა და იმ ნაბიჯებისთვის დაბრკოლებების შექმნის სურვილით ხსნიდნენ, რაც დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უნდა გადაედგა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის 12  აპრილს გამოაცხადა და გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“ქართულმა ოცნებამ” დაარღვია პირობა, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მისცა და ე.წ. რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა.

რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი