კომენტარიხელოვნება

გივიკო ბარათაშვილი: შევეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც უპირისპირდება ევროპულ მომავალს

10 აპრილი, 2024 • 1671
გივიკო ბარათაშვილი: შევეწინააღმდეგებით ყველაფერს,  რაც უპირისპირდება ევროპულ მომავალს

„არ ვიცი, რისი იმედი აქვთ და რა ჰგონიათ, რომ დაგვავიწყდა ყველაფერი, სხვა აზრზე ვართ, ღირებულებები შეგვეცვალა ან სხვა რაღაცით გვაქვს ტვინი დაკავებული?”- ამბობს მსახიობი გივიკო ბარათაშვილი „ნეტგაზეთთან” საუბარში “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში მეორედ შეტანილ რუსულ კანონზე.

მსახიობი აღნიშნავს, რომ „ძალიან მარტივი მისახვედრი და თვალსაჩინოა, რომ ამ კანონს ისინი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ არ იღებენ. პირიქით, თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლების გასამყარებლად სჭირდებათ ეს კანონი, რადგან ცენზურის მნიშვნელოვანი იარაღია, რაც სხვა ქვეყნების და პირველ რიგში, რუსეთის მაგალითზე ვნახეთ. ამ გზას თუ ვირჩევთ, კი ბატონო, მაგრამ არ მგონია, ხალხი ამ აზრზე იყოს.”

“ხელისუფლებაც თითქოს სიტყვიერად სულ ამბობს, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ თავისი თითქმის ყველა პოლიტიკური ნაბიჯით ეწინააღმდეგება ნათქვამს. ახლა საერთოდ გვეუბნებიან და ამტკიცებენ, რომ ეს ევროპული კანონია და არა რუსულიო, პარალელურად ევროპიდან გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, სამომავლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და აბსოლუტურ შეუსაბამობაში მოდის რეალობასთან მათი [ხელისუფლების] ნათქვამი”, – ამბობს გივიკო ბარათაშვილი და ამატებს:

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წინა წელს, როცა უკან დაიხიეს და ჩვენ გავიმარჯვეთ ამ ბრძოლაში ხელისუფლებასთან, შეგვპირდნენ, რომ ამ კანონს აღარ განიხილავდნენ.  ერთი წლისთავზე, ჟარგონულად რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ გადაგვაგდეს და კიდევ ერთხელ მოგვატყუეს.

არ ვიცი, რისი იმედი აქვთ.  რა ჰგონიათ, რომ დაგვავიწყდა ყველაფერი, სხვა აზრზე ვართ, ღირებულებები შეგვეცვალა ან სხვა რაღაცით გვაქვს ტვინი დაკავებული? ეს ასე არ არის. რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული,  არის ის,  რომ ქართველი  ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ, ყოველთვის, როცა საჭირო გახდება, დააფიქსირებს თავის მკაფიო პოზიციას და ეს პოზიცია არის ძალიან მარტივი – ჩვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით ყველაფერს,  რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი