კომენტარი

დათო ბარბაქაძე: ღია წერილი ალექსი ჩიღვინაძეს

28 სექტემბერი, 2010 • 3172
დათო ბარბაქაძე: ღია წერილი ალექსი ჩიღვინაძეს

ალექს, წავიკითხე ბუშის ქუჩაზე გამართული აქციის შესახებ შენი საინფორმაციო წერილი, რომელიც დღეს მომაწოდე, და დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მკაფიო წარმოდგენა შემექმნა შოთა დიღმელაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და შენს აქციაზე. თუ სწორად გავიგე, თქვენი იდეა მდგომარეობდა ბუშის ქუჩისთვის უიტმენის სახელის დარქმევაში. ამ მოთხოვნით 14 აგვისტოს მიხვედით ბუშის ქუჩაზე, მისი სურათი გრაფიტით შეამკეთ (თუ არ შეამკეთ? წერილიდან ეს არ ჩანს), მერე ”უსაფრთხოების კუნძულზე” დადექით და დაიწყეთ ამერიკელი პოეტების ლექსების კითხვა. ამასობაში მოვიდნენ პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროში წაგიყვანეს და დაგაჯარიმეს.

ამ თქვენს აქციას მხოლოდ იმიტომ ვერ დავტოვებ უკომენტაროდ, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დასახსრულ უმწვავეს საკითხებსაც წამოჭრის, მათ გადაჭრაზე ოცნებებსაც აინტენსიურებს და, რაც ჩემთვის ყველაზე უფრო მტკივნეულია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ნებისმიერი ძლიერი იდეის განაყოფიერების სრულ კულტურულ უპერსპექტივობას. და მე ასეთი უპერსპექტივობის ერთადერთი მიზეზს, ათიდან ცხრა შემთხვევაში, თვით იდეის ავტორთა კულტურულ უმწიფრობასა და პოეტურ უსუსურობაში ვხედავ. ხოლო კულტურული უმწიფრობის არსებითი ნიშანი, ჩემი დოგმატური და უდავოდ დასაგმობი შეხედულებით, კონტექსტის გრძნობის არქონაა (რაც, კიდევ უარესი, ესთეტიკური უგემოვნობის საბუთად წარმომიდგენია). თქვენი შემთხვევა სწორედ ცხრიდან ერთ-ერთია, ჩემს გულდაწყვეტას კი მხოლოდ აძლიერებს იდეის გამაოგნებელი პოეტური სიზუსტე და მისი რეალიზაციისთვის თქვენს მიერ დახარჯული ენერგიის სრული უბადრუკობა.

ასეთი უზუსტესი იდეები ხომ, არც მეტი და არც ნაკლები, მთელი კულტურული დინებების წარმოსაქმნელად გამოდგება ხოლმე. მარტო მისი ტევადობა რად ღირს: პრიმიტივი პრეზიდენტის სახელობის ქუჩის ნაცვლად – უდიდესი პოეტის სახელობის ქუჩა; ათასი პირადულ-პრაგმატული მიზნის სუნად აყროლებული ქუჩის ნაცვლად – კულტურებს შორის დიალოგის მიმართ ღიაობის გამომხატველი ქუჩა; პოლიტიკის მიერ კულტურის დამცირების ხაზგამსმელი ქუჩის ნაცვლად – პოეტური საწყისის მიმართ მოკრძალების გამომხატველი ქუჩა; პოლიტიკური ქლესაობის სიმბოლოს ნაცვლად – მადლიერების გადახდისთვის კეთილშობილური მზადყოფნის სიმბოლო… ბოლოსდაბოლოს, თუნდაც, უბრალოდ, შანსი, რომელიც ხელისუფლებას ეძლევა, რათა მის მიერ სულიერების წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიაროს და მისი გამოსწორებით ნაკარნახევი ნაბიჯი გადადგას!

მაგრამ არც ერთ ასეთი უზუსტესი კულტურული იდეა არ მუშაობს საქართველოში, თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად მწერლობაში, ნებისმიერს, ვინც ლექსის წერას და გამოქვეყნებას იწყებს, პოეტი წარმდგენილი ჰყავს, როგორც დენდი და არა – როგორც ადამიანი, რომელიც, როცა ამას კონტექსტი მოითხოვს, საკუთარ თავზე იღებს უამრავი შავი სამუშაოს ჩატარებას და სხვას კი არ მიუთითებს გასაკეთებელ საქმეზე, არამედ რასაც იწყებს, თავადვე განაგრძობს და იმასაც ცდილობს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, მე რომ თქვენი დასჯის შესაძლებლობა მქონოდა ან საერთოდ თუ გადავწყვეტდი თქვენს დასჯას მას მერე, რაც თქვენ ჩაიდინეთ, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება: ჩვენი სამართალდამცავების პროფესიული უვარგისობა და თქვენი კულტურული უსუსურობა ისე ჰარმონიულად თანაარსებობს, რომ ისღა დამრჩენია, კიდევ ერთხელ სევდანარევად დავტკბე ამ ჰარმონიის უზრუნველმყოფელი ხელისუფლების შავი იუმორით. სხვათაშორის, თქვენი მდგომარეობის კომიზმი კარგად ჩანს იმაში, რომ თქვენ ვერც მათ შავ იუმორს ხედავთ და ვერც – იმას, თუ როგორ ერთობიან ისინი თქვენით (იმიტომ ხომ არა, რომ უკვე საგანგაშოდ ხართ გართული თქვენი თავის უმოწყალო ცვეთით? შენს წერილში ისიც კი აღნიშვნის ღირსად მიიჩნიე, რომ იზოლატორში ბიჭები სოციალიზმზე და ფუკოზე საუბრობდით, მაგრამ არც კი გიფიქრია თქვენი ამ რომანტიზმის უზრუნველმყოფლებისთვის მადლობის გადახდა; ისე, ჩემო ალექს, ხანდახან მაინც ხომ გიფიქრია, შენს ასაკში ფუკომ რამდენი ენა იცოდა, რა განათლება უმაგრებდა ზურგს და როგორ პროზაულ და არა რომანტიკულ საყრდენებზე დგას მისი „ციხის დაბადება“ და სხვა „დაბადებები“?). მაინცდამაინც თმაში ჭაღარა უნდა შემოგერიოთ შენ და შენს მეგობრებს, რომ ციხის გარეთაც გაფლანგული დროის ციხეში იგრძნოთ თავი?

გთხოვთ, ნურც შენ და ნურც შოთა ნუ შეურაცხყოფთ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას და თანადგომას და ნუ მიმითითებთ გარდასულ დროთა აქციონიზმებზე და ბევრ სხვა ისეთ რამეზე, რაც ერთი შეხედვით თქვენი ამაღლებული რომანტიზმის და ჩემი მოსაწყენი კლასიციზმის საბუთი იქნება. მე ახლა უფრო კარგად ვხედავ იმასაც, თუ როგორ გამოგიყენათ ყველამ (და ახლაც გიყენებთ თქვენი ინტერესების დავიწროების გამო), ვისაც ენდობოდით და პატივს სცემდით (ვნატრობ, რომ ვცდებოდე!); როგორ დებდნენ და დებენ ისინი ფსონს თქვენისთანა ახალგაზრდებზე და როგორ ხდებით მერე ავანტიურაში ნაწრთობი და გამოცდილი ადამიანების გეგმებში ჩართული (თუ ასე გაგრძელდება, ძალიან, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ დიდი ხნის მერე, როცა ამ ყველაფერს მიხვდებით და დროც თვალსა და ხელს შორის გაგიქრებათ, თქვენ არ მოექცეთ ასე თქვენს მერე მოსულ ახალგაზრდებს და მათ არ ჩაუტაროთ ის ილეთები, რომლებსაც ახლა თქვენ გიტარებენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ თავიანთ დეკორაციებად წარმოუდგენიხართ).

და ამ მშობლიური მზაკვრობების ფონზე, რომელთა მახეში დღეს სულაც არ გაბმულხართ, მართლაც ანგელოზების საკრებულოდ გამოსჩანს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ თავაზიანი მოპყრობით და თქვენი მატერიალური დაჯარიმებით გაგეთამაშათ.

და მაინც, რა ჩაიდინეთ ასეთი, რასაც პირადად მე ვერ გპატიობთ? რა და, თქვენდაუნებურად, გენიალურ იდეას უღალატეთ. საქართველოში, რომელიც ცნობილია ერთ დღეში გასაკეთებელი საქმის ერთ წელიწადზე გადაჭიმვის უნაკლო ხრიკებით, თქვენ ბევრად უარესი ჩაიდინეთ და ერთი წლის საქმეს ერთი დღეც კი არ დაუთმეთ. თქვენ, არტისტებმა და ხელოვნებაზე შეყვარებულმა ადამიანებმა, ხელისუფლების პერმანენტულ უნიჭობას თქვენი აქციის უნიჭობა შეაგებეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში როგორც სამოხელეო აქტივობები, ისე – პოლიტიკის „მაყურებლებისა“ და მთავრობის „მფარველობის“ ქვეშ მყოფი ბიზნესმენების ერთობლივი პროექტები მოკლებულია არსებითს: ნიჭიერებას. რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით, უნიჭობაა სიღნაღის ნაკრძალიც, ხალხური შემოქმედების ტოტალურ დაცვაზე სახელმწიფოს დედობრივი ზრუნვაც, ტურიზმის დარგში სამყაროს ცენტრად საქართველოს გადაქცევაზე ოცნებით მოტივირებული სარესტავრაციო ვნებებიც და უამრავი ჯერ კიდევ მოსალოდნელი ბიზნესიც. რა თქმა უნდა, უნიჭობაა ამ უნიჭობებზე თვალისდახუჭვის ან მათში მსუბუქი კორექტივების შეტანის „კულტურაც“. მაგრამ იმაზე დიდი უნიჭობა ძნელი წარმოსადგენია, როცა ზუსტი და უძლიერესი მუხტის მატარებელი იდეა ფუჭდება და – კონტექსტის გრძნობის არარსებობის ფონზე – შესაძლო შრომის შედეგად მისაღები შედეგები წყალში იყრება.

უბრალოდ რომ ვთქვათ, თქვენი იდეა მიბაძულმა, მექანიკურად გადმოღებულმა აქციონიზმმა და პოეზიის ნაკლებობამ გაანადგურა. რა თქმა უნდა, ამან კიდევ ერთხელ რაღაც შესძინა თქვენს ბიოგრაფიას (თუნდაც მდარე თბილისური ტუსოვკებისა და თქვენი სოციალური აქტივობების გამომყენებელთა ოპერატიულ მეხსიერებაში), მაგრამ არა – იდეას და არა – თქვენს კულტურულ გამოცდილებას. თქვენ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგით წინ თქვენს განვითარებაში იმიტომ, რომ უარი თქვით ათასჯერ უფრო რთულ გზაზე: პატიოსანი შრომის გზაზე. ამ შემთხვევაში კი (რაკი მაინც და მაინც აქციის ხელოვნება აირჩიეთ და რაკი ამ ფრონტზე საქართველოში ჯერ მხოლოდ ყამირია, შესაბამისად კი, შავი სამუშაოების ნაკლებობა არ იგრძნობა) პატიოსანი შრომის გზად მხოლოდ ხანგრძლივ დროში განაწილებული პერმანენტული შრომა შეიძლებოდა ქცეულიყო. მაგრამ თქვენი შრომა ამ მიმართულებით გადასროლისგან თავიდანვე დაზღვეული იყო: თქვენ ხომ პროზა და რუტინა არ გინდოდათ, თქვენ ხომ დამქანცველი ყოველდღიური შრომა არ გინდოდათ! აღიარეთ!

რაკი ეს ის შემთხვევაა, როცა მკითხველი აუცილებლად იკითხავს, მე როგორ მოვექცეოდი ამ იდეას, ორიოდე სიტყვას იმ ტკბობის შესახებაც ვიტყვი, რომელსაც თქვენმა კულტურულმა და პოეტურმა ნაკლულობამ თქვენც აგაცდინათ და – ქართული კონტექსტიც: ასეთი იდეის პატივსაცემად და ზრდასრული ადამიანისთვის შესაფერისი ფორმით მის დასაცავად ჩემი პერფორმანსის პირველი ნაწილი შეივსებოდა აღნიშნულ თემაზე (მარტივად: ბუში თუ უიტმენი?) ხელისუფლების მოხელეთა ინტერვიუირებით და მათი პოზიციის დაფიქსირებით (მე, მაგალითად, კულტურის სამინისტროს მოხელეების და მუდმივად მათგან სარგებლის მიმღებ კარის ხელოვანთა უწყინარი გამოკითხვით და მათი მიკიბულ-მოკიბული „აზროვნების“ დაფიქსირებით დავიწყებდი, არც ნიკა მემანიშვილს, გიორგი უშიკაშვილს და ყოველდღიურად გაპიარებული სიმღერების ავტორ-შემსრულებლებს თუ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გამოვტოვებდი), მეორე ნაწილი კი მათი ინტერვიუირების რთულ გზაზე მიღებული გამოცდილების აღწერას დაეთმობოდა. რა თქმა უნდა, სამი კაცისგან დაკომპლექტებული გუნდი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდა და შრომას სხვა მიმართულებებით დასახსრავდა: უიტმენის ანუ პოეზიის სასარგებლოდ ხელმოწერებს შეაგროვებდა, აქციის მომწიფებულ ეტაპზე პროკლამაციების სახით უიტმენის და გინზბერგის ლექსებს გაავრცელებდა (ორივე პოეტს გაუმართლა, მათი ლექსების შესანიშნავი ქართული თარგმანები არსებობს). შეუერთდებოდნენ თუ არა ამ აქციას თქვენი მეგობრები და დაგეხმარებოდნენ თუ არა მის გამრავალფეროვნებაში? შეუერთდებოდნენ თუ არა სტუდენტები? მათი პროფესორები? იშიმშილებდნენ თუ არა ამ იდეისთვის პოეტები სიმბოლურად თუნდაც ერთი დღით? გამართავდნენ თუ არა ისინი იდეის მხარდასაჭერ პოეტურ საღამოებს? რას იტყოდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები (თუ, რა თქმა უნდა, სატელევიზიო არხები მათ ინტერვიუირებას გაბედავდნენ)? რას იტყოდნენ უცხოელი მწერლები ან მთელ საქართველოში მიმოფანტული უცხოელი ინგლისურის მასწავლებლები? რა სახე ექნებოდა შესაძლო მანიპულაციებს ხელისუფლების მხრიდან ან იქნებოდა თუ არა ასეთი მანიპულაციები საერთოდ (იქნებ, მათ თქვენზე მეტად უნდათ ამ ქუჩისთვის სახელის გადარქმევა და მხოლოდ ძლიერ იმპულსს უცდიან)? როგორ აიცილებდით თავიდან ცრუოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოპულიზმს? მოედებოდა ეს ტალღა საქართველოს სხვა ქალაქებს? გამოჩნდებოდა რეჟისორი, რომელიც ამ უნიკალურ მასალებზე და უნიკალურ პროცესზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებდა?

აი, ასეთ გამოცდილებაზე თქვით უარი, ალექს, შენ და შენმა მეგობრებმა, ასეთი გამოცდილება დაუკარგეთ თქვენს მშობლიურ კონტექსტს და მე ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა – პოეზიის ნაკლებობას და, ამის მიზეზით, იდეის უნებლიე ღალატს. თქვენ, ჯერჯერობით, თქვენი თავი უფრო გიყვართ, ვიდრე – პოეზია. არადა, პოეზია ხომ მხოლოდ პროზით, თავაუღებელი შრომით, მიიღწევა. მე კი ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ კარგად ვხედავ: თქვენ ამას სხვა არავინ გეტყვით.

ისე კი, მართლაც რომ შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი! რატომ არ ინება ღმერთმა, რომ XXI საუკუნის საქართველოში სწორედ შენ, შოთას და თქვენს თაობას, პოეზია გადაგექციათ ისეთი დიდი კულტურული მოძრაობის პლატფორმად, რომელიც თქვენს კონტექსტსაც და ჩვენს მომავალ თაობებსაც დიდხანს გაჰყვებოდა სულიერ საგზლად და ღირსების მანიფესტად? მხოლოდ იმიტომ, რომ იდეა ერთ დღეში ასე უმოწყალოდ გაანიავეთ? არ ვიცი. მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთ მომენტებში კიდევ უფრო მეტად ესმება ხაზი ღმერთის სამართლიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი