კომენტარი

ერთ დღესაც რუსეთი ნავალნის პატივს მიაგებს | კარლ ბილდტი

22 თებერვალი, 2024 • 2406
ერთ დღესაც რუსეთი ნავალნის პატივს მიაგებს | კარლ ბილდტი

ავტორი: კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი


შეიძლება, ვერც ვერასდროს გავიგოთ, როგორ და რატომ დაიღუპა ალექსეი ნავალნი არქტიკაში მდებარე კოლონიაში. რუსეთის ოფიციალური უწყებების მიერ ნავალნის სიკვდილიდან ორიოდე წუთში გამოქვეყნებულ კომუნიკეს არავინ და არასდროს დაუჯერებს, ხოლო ნავალნის ცხედრის დედამისისთვის გადაცემის შეფერხება ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

რაც არ უნდა იყოს, ნამდვილად შეიძლება ვთქვათ:  რომ არა კრემლი, ნავალნი ცოცხალი იქნებოდა. პუტინის რეჟიმმა ორიოდე წლის წინ მისი მკვლელობა სცადა, დაკავების შემდეგ კი სულ უფრო და უფრო სასტიკ ციხეებში გადაჰყავდა. წელს რუსეთს საპრეზიდენტო „არჩევნები“ აქვს და, როგორც ჩანს, ცოცხალი ნავალნი მეტად საფრთხის შემცველად მიიჩნიეს.

ნავალნის პირველად 2011 წლის დასაწყისში შევხვდი. მაშინ მოსკოვში, ანდრეი სახაროვის ხსოვნის კონფერენციაზე მიმიწვიეს. სახაროვი, საბჭოთა ჰიდროგენული ბომბის მამა, საბჭოეთის ბოლო წლებში ლიბერალური ოპოზიციის ლიდერი გახდა. რეალურად, ნავალნი იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჩემი მოსკოვში ჩასვლისა. მაშინ იგი პოპულარობას იძენდა. შევთანხმდით საუზმეზე, რომელიც ხანგრძლივ საუბრად იქცა.

დისიდენტების ძველი თაობა საბჭოთა რეჟიმს კალმითა და სიტყვით ებრძოდა, ნავალნი კი სულ ახალ და განსხვავებულ რაღაცას წარმოადგენდა. მისი იარაღი იყო მტკიცებულებებით გამოაშკარავება. იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა ელიტის კორუფციისა და სიმდიდრის აღმოსაჩენად, შემდგომ კი, ხალხის გაბრაზებას იყენებდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც არა მარტო ძალაუფლებას იმტკიცებდა, არამედ თავსაც იმდიდრებდა. მისი მეთოდები ადვოკატის ან ბუღალტრის იყო: შეაგროვე ფაქტები, მიჰყევი ფულის კვალს, გამოააშკარავე სქემები და თვალი ადევნე კორუფციულ ქსელებს.

ზოგიერთი ვეტერანი ოპოზიციონერი მას ეჭვის თვალით უყურებდა – მისი მეთოდები მათსას არ ჰგავდა. ნავალნისგან განსხვავებით, მათ არ ჰქონდათ მოსახლეობის სხვადასხვა ფენის მობილიზაციის უნარი. ვუყურებდი რა მის მონდომებასა და სტრატეგიას, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მას მომავალი ლიდერის თვისებები ჰქონდა.

შემდგომ წლებში სულ რამდენჯერმე შევხვდით. ნავალნი იშვიათად დადიოდა კონფერენციებზე ან დიპლომატებთან შეხვედრაზე. ცხოვრება სხვების შთაგონებასა და ორგანიზაციას დაუთმო. ამას ხშირად უშლიდა ხელს შეთითხნილი საქმეები, რომელთა გამოც პერიოდულად ციხეში ხვდებოდა. მაშინაც კი, ნავალნი იყენებდა თავის შარმს და დარწმუნების უნარს სხვა პატიმრების თავის მხარეს გადასაყვანად.

მისი და ჩემი კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებას არ მოსწონდა. პირველი შეხვედრის შემდეგ სახელისუფლებო გაზეთმა დაწერა, რომ ჩვენი საუბრის ჩანაწერი ჰქონდა. გაზეთი თავს დაგვესხა – მე, მას, შვედეთს, მაგრამ არაფერი სენსაციური არ ჰქონია უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] დიდი დოკუმენტიდან.

იგივე იყო ჩვენი ბოლო შეხვედრაც. მაშინ რუსეთს კიდევ უფრო ბნელი გზა ჰქონდა არჩეული. ვფრთხილობდით, ფსბ-ს „ტრიუკების“ გვეშინოდა. დიდხანს ვისაუბრეთ რუსეთის პოლიტიკურ მომავალზე და რეჟიმის უკრაინაზე „გაჭედვის“ საფრთხეზე. ნავალნიმ შეხვედრა უპრობლემოდ დატოვა.

სამ დღეში რუსეთის მთავარმა სახელისუფლებო არხმა ეთერი ფარული კამერის ჩანაწერით დაიწყო. სიუჟეტში საუბარი იყო ჩემზე, ნავალნიზე და რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს შეთქმულებაზე. რაკიღა შეხვედრის ადგილი მის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევცვალეთ, კამერაში მხოლოდ ის ჩანდა, როგორ შევდიოდით სხვა ოთახში. შეიძლება, ამან ყველაფერი იმაზე საეჭვოდ აჩვენა, ვიდრე სინამდვილეში იყო. სიამოვნებით გავუზიარებდით ჩვენს ხედვებს უშიშროებას, მაგრამ ამას ხელი მათივე არაპროფესიონალიზმმა შეუშალა.

ნავალნის შეეძლო ხალხის შთაგონება და მობილიზაცია ისე, როგორც არავის სხვას. სწორედ ამიტომაა, რომ რეჟიმი ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა მის არჩევნებზე არდასაშვებად. ერთხელ, როცა 2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებზე დაუშვეს, ნავალნიმ ხმების თითქმის მესამედი მიიღო – ეს იმ დროს, როცა ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გაიღო ოპოზიციის ჩასახშობად. არასდროს გვეცოდინება, აირჩევდნენ თუ არა ნავალნის პრეზიდენტად თავისუფალ რუსეთში. მაგრამ, ეჭვიც არ მეპარება, კარგი შანსები ექნებოდა – იგი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო.

ციხიდან გამოგზავნილ დიდ წერილში ნავალნი ამბობდა, რომ უკრაინაში ომის დამთავრება რუსეთის უკეთესი მომავლის წინაპირობა იყო. რუსეთის ახლანდელი მდგომარეობა მან ახსნა პოლიტიკური სისტემით, რომელშიც ძალაუფლება მაქსიმალურადაა კონცენტრირებული და ისაუბრა რუსეთზე მთავრობის ღია, საპარლამენტო სისტემით.  ნავალნი მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ახალი პოლიტიკური მოდელით შეწყვეტდა რუსეთი აგრესიისა და არასტაბილურობის  წამქეზებლობას.

ნავალნი აღარაა ცოცხალი. ეჭვგარეშეა, რომ მისი მემკვიდრეობა იცოცხლებს და გააგრძელებს კრემლის დიდი კედლების უკან დამალული რეჟიმის დევნას. ერთ დღეს, სხვა რუსეთში, ნავალნის მიაგებენ იმ პატივს, რომელსაც იმსახურებს.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს „ნეტგაზეთის“ პოზიციას. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი