კომენტარი

სანქციები მუშაობს | სერგეი გურიევი

23 აგვისტო, 2023 • 1949
სანქციები მუშაობს | სერგეი გურიევი

ავტორი: სერგეი გურიევი, რუსი ეკონომისტი, პარიზის Sciences Po-ს ეკონომიკის პროფესორი.


წელიწადნახევრის წინ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამოცხადების შემდეგ, დასავლეთმა უპრეცედენტო სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკს – გაუყინა ასობით მილიარდი დოლარის აქტივები. რუბლის კურსი დაეცა და შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ ანტირეკორდი დაამყარა – ერთი დოლარის ღირებულება 136 რუბლს გაუტოლდა. თუმცა, ცენტრალური ბანკის მიერ სავალუტო და საკაპიტალო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, რუბლი გამოცოცხლდა – ერთი დოლარი უკვე 51,5 რუბლი ღირდა, რითიც კრემლი დიდი სიამოვნებით ტრაბახობდა.

დღეისთვის რუსეთის ხელმძღვანელობას საზეიმო ნაკლებად აქვს. რუბლის გაცვლითი კურსი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე ხილვადი ინდიკატორია, ყოველ შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის მაინც. ასე რომ, ახლანდელი ვარდნა, როცა ერთი დოლარის ღირებულება პოლიტიკურად მნიშვნელოვან ნიშნულს, 100 რუბლს გადასცდა, კრემლისთვის სანერვიულოა. ცენტრალური ბანკი კი, რომელიც წლის განმავლობაში არბილებდა ან სულაც ხსნიდა შეზღუდვებს, კრიტიკის ქვეშ მოექცა.

პუტინის თანაშემწე ეკონომიკის საკითხებში მაქსიმ ორეშკინი, როგორც წესი, ცენტრალურ ბანკს ზედმეტი სიმკაცრისთვის აკრიტიკებს. თუმცა რუბლის ბოლო ვარდნის შემდეგ მან სტატია დაწერა – გააკრიტიკა ბანკის მესვეურები „სისუსტის“ და ზედმეტი საკრედიტო ზრდის დაშვების გამო. ბანკმა უმალ მოიწვია საბჭოს სხდომა – რეფინანსირების განაკვეთი 3,5%-ით გაზარდა და მიანიშნა, რომ ზრდა კვლავაც იქნება, შეიძლება, სექტემბრის დასაწყისშიც კი. ვარიანტად განიხილება დამატებითი ზომები სავალუტო კონტროლისთვის. იქამდე კი ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, არსებული ცნობებით, ითხოვს, რომ რუსი ექსპორტიორები აიძულონ, თავიანთი შემოსავლიდან მიღებული ამერიკული დოლარი ცენტრალურ ბანკს მიჰყიდონ.

უნდა აღინიშნოს: არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. დოლარის ღირებულების ასრუბლიანი ნიშნული ჯადოსნური არ არის, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არის ჩვეული რეაქცია ინფლაციაზე. ზუსტად ასე მოიქცეოდნენ დასავლეთის ცენტრალურ ბანკებშიც. თუმა ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რამხელა ზეწოლას ახდენს ომი და სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე.

2022 წლის აპრილში ვწერდი, რომ პუტინი არ უნდა ზეიმობდეს რუბლის აღმავლობას, ვინაიდან უკანასკნელი ასახავს მოვლენათა განვითარების ორ სცენარს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკისთვის ცუდი იქნება. პირველი – სანქციების გამო იმპორტი შემცირდა, რის შედეგადაც დაიკარგა წვდომა იმპორტირებად სამომხმარებლო საქონელზე და შეიზღუდა რუსეთის საწარმოო შესაძლებლობებიც. მეორე – გაიზარდა ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი, რაც უბიძგებდა დასავლეთს, დაეწესებინა ემბარგო და ფასის ზედა ზღვარი რუსულ ნავთობზე.

ზუსტად ასე მოხდა. 2022 წლის მაისში ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90%-ზე ემბარგო ამოქმედდებოდა შემდგომი 6-8 თვის განმავლობაში. მალევე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე.

ამ ზომების დაგვიანებულმა მიღებამ პუტინს უზარმაზარი შემოსავლის მიღების საშუალება მისცა. დასავლეთმა კი გაყინა ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300-მილიარდიანი აქტივები, მაგრამ 2022 წლის დადებითმა მიმდინარე ანგარიშმა 227 მილიარდის ოდენობით ეს თითქმის დააბალანსა. თუმცა ასეთი მაჩვენებლები წარსულს ჩაბარდა: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის შემოსავლები გაზის და ნავთობის გაყიდვიდან თითქმის განახევრდა, რის შედეგადაც საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს ორ პროცენტამდე გაიზარდა.

ნავთობზე ემბარგომ  და ფასის ზედა ზღვარმა რუსული ექსპორტიც მესამედით შეამცირა 2023-ის იანვარი-ივლისის პერიოდში. შედეგად, რუსეთის დადებითი სავაჭრო ბალანსი შემცირდა 204-დან 64 მილიარდამდე, ხოლო დადებითი მიმდინარე ანგარიში – 165-დან 25 მილიარდამდე.

როგორც მოსალოდნელი იყო, წიაღისეულის საექსპორტო შემოსავლის მკვეთრმა ვარდნამ ხელი შეუწყო რუსეთის ფისკალური მდგომარეობის გაუარესებას. გარკვეული ხანი რუსეთის მთავრობას არაფერი ეტყობოდა: მათ აქვთ საკმაო რეზერვები და გასწვდებიან ბიუჯეტის დეფიციტს. ომი კი კრემლის მთავარ პრიორიტეტად რჩება: მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამხედრო სფეროზე მთელი წლისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე 12%-ით მეტი დაიხარჯა.

ომის დაფინანსებასთან ერთად, მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ სახელმწიფო ხარჯვა ეკონომიკას კეინზისეულ წინსვლას მოუტანდა. თუმცა ეს იმედები არ გამართლდა, ვინაიდან სწორედ რომ სანქციებმა ძირი გამოუთხარეს რუსეთის საწარმოო შესაძლებლობებს. დასავლეთისგან იზოლირებულს და ომისა და მიგრაციის გამო ასიათასობით ადამიანისგან დაცლილ რუსულ ეკონომიკას, უბრალოდ, არ შეუძლია აწარმოოს იმდენი, რამდენიც სურს პუტინს.

ეკონომიკის გადახურების პარალელურად, სახელმწიფოს მიერ მეტის ხარჯვამ გასაქანი მისცა ინფლაციას , ამას თუ დავუმატებთ კაპიტალის გასვლას ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, რუბლის ბოლოდროინდელი ვარდნა მოსალოდნელი იყო. არაა გასაკვირი არც ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, მიუხედავად ეკონომიკის ზრდაზე უფრო მაღალი რეფინანსირების განაკვეთის გავლენისა. „ბლუმბერგი“ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში რეცესიის ალბათობას 21%-ად აფასებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე ალბათობა 6%-ად იყო შეფასებული.

ნათელია, რომ სანქციები მუშაობს. თუმცა ის, რომ პუტინს კვლავაც აქვს შესაძლებლობა, ომი აფინანსოს, გვაჩვენებს, რომ საჭიროა მეტის გაკეთება. ემბარგოსა და ზედა ზღვრისთვის გვერდის ავლის კუთხით დასავლეთმა უნდა იმუშაოს ხარვეზების აღმოფხვრაზე და ამასთან ერთად, დაწიოს ზედა ზღვარი – დღევანდელი 60$-დან ერთი ბარელისთვის 50-55 დოლარამდე, ან სულაც უფრო ნაკლებამდეც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა რუბლის ვარდნიდან გახლავთ ის, რომ პუტინი ახერხებს სავაჭრო სანქციებისთვის გვერდის ავლას. რუბლი იაფია, ვინაიდან რუსეთს დოლარი სჭირდება იმპორტის დასაფინანსებლად. იმპორტი კი 2023 წლის მეორე კვარტალში 1/3-ით გაიზარდა – 57-დან 76 მილიარდამდე. ეს ნაწილობრივ ასახავს სანქციებისთვის გვერდის ავლის ფასის ზრდას, რაც ტვირთად აწევს რუსეთის ბიუჯეტსა და ვალუტას. საექსპორტო კონტროლის გამკაცრებით დასავლეთს შეუძლია ეს ფასი კიდევ უფრო გაზარდოს და, შესაბამისად, დიდი პრობლემები შეუქმნას რუსეთის ბიუჯეტსა და დანაშაულებრივ ომს.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი