კომენტარი

ნგიახოლისა-ანუ რატომ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა ბოდიში

28 ივლისი, 2010 • 1458
ნგიახოლისა-ანუ რატომ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა ბოდიში

„ნგიახოლისა“ ზულუს ენაზე ბოდიშს ნიშნავს. ზულუ ერთ–ერთი უძველესი და უმსხვილესი აფრიკული ტომია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში თეთრების აპარტეიდული მმართველობის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. თეთრკანიანთა მხრიდან შავკანიანებისადმი მიყენებულ დამცირებასა და ჩაგვრაში გუშინ თავისი წვლილი საქართველოს პრეზიდენტმაც შეიტანა.

გუშინდელი რასისტული გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილმა შავკანიანთა მიმართ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოავლინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ თითქოს პრეზიდენტმა მხოლოდ ხალხში მოარული გამოთქმა გამოიყენა, ყოველივე რასობრივი ელფერის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის გამართლებად და შესამსუბუქებლად არ გამოდგება. ქართულ გამოთქმებში მართლაც  რომ ბევრია არაქართული ჯგუფების დამამცირებელი სახელები და გამოთქმები, ისევე, როგორც  ქალების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამომხატავი ფრაზეოლოგია. თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იმთავითვე გულისხმობს ასეთი გამოთქმებისაგან, მითუმეტეს საჯაროდ,  თავის შეკავების უნარს. ქვეყნის პირველი პირისაგან ასეთი გამოთქმების გამეორება, განსაკუთრებით სატელევიზიო ეთერში, ხელს უწყობს მათ დამკვიდრებასა და გამყარებას, იმის მაგივრად, რომ გამოიწვიოს მათ მიმართ წინააღმდეგობისა და პროტესტის გრძნობა.

მიხეილ სააკაშვილისგან მორიგი, ამჯერად რასისტული გამოთქმა გასაკვირი არ ყოფილა. პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ლექსიკონში, პოლიტიკური კრიზისის სხვადასხვა ეტაპზე, გამოჩნდებოდა ხოლმე სხვადასხვა ასეთი ჯგუფები, რომელთა გამოცალკევებითა და აბუჩად აგდებით იგი ცდილობდა  საკუთარი პოლიტიკის გამართლებას და ახსნას. ერთ–ერთ ეტაპზე ეს იყო “ჩარეცხილი” ოპოზიცია და ინტელიგენცია, შემდეგ  იყო ოქრუაშვილის მიერ დახატული ფეკალიების მსმელი რუსები,  ბესო ჯუღელის “მიკირტუმა”, დაბოლოს, მთავრობის სხდომაზე სააკაშვილის მიერ საკუთარი მთავრობისათვის განკუთვნილი მეტაფორები.

გუშინ სააკაშვილის  გამოთქმა– “ზანგები ხომ არ ვართ, ასე ველურებივით რომ ვიქცევით”– ერთ–ერთი ნაწილია შეურაცხყოფასა და დამცირებაზე აგებული სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკისა. თუ მანამდე გამოთქმების დროს შეურაცხყოფა ხდებოდა ასაკისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით, გასაკვირი არ არის, რომ ამჯერად ეს გამოთქმა რასისტული იყო. 

დადებითად გასაკვირი და სასიხარულო  იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს ყოფნოდა სიმამაცე და ამ სიტყვიერი გადაცდომისათვის, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაჩაგრული რასისათვის ბოდიში მოეხადა. მარტივად და დროზე წარმოთქმული „ნგიახოლისა“–თი იგი გამოისყიდდა არა მხოლოდ ამ გამოთქმით მიყენებულ შეურაცხყოფას, არამედ ასევე საძირკველს ჩაუყრიდა საზოგადოების ახლებურ დამოკიდებულებას განსხვავებული ჯგუფების მიმართ. საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, დამცირებასა და განსხვავებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მაგივრად, გამხდარიყო გაერთიანებასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკისაკენ შემობრუნების მოწმე.

 

ავტორის შესახებ

ანა დოლიძე გახლავთ იურისტი, კორნელის უნივესტიტეტის (აშშ) მკვლევარი. წლების განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი