დღეს, 29 მაისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ელჩებთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.
დემარში რომელიმე სახელმწიფოზე ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტია – ამ შემთხვევაში ის 27 სახელმწიფოს სახელით გამოცხადდა. ეს უკვე მეორე ასეთი დემარშია. მანამდე ქვეყნებმა მსგავსი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით გადადგეს.
ნეტგაზეთთან ინტერვიუში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, ჟან მონეს პროფესორი, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ დემარში საქართველოს პროევროპული საგარეო კურსიდან გადახვევისკენ მიუთითებს. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ რუსეთის ინტერესია.
„ეს არ არის ერთი სახელმწიფოს ნაბიჯი, არამედ 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის არის უნგრეთიც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები საკმაოდ შორს წავიდა ევროპულისგან.. და უპირველესად მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და საქართველოს ახლო ურთიერთობით რუსეთთან.
მთელი საერთაშორისო საზოგადოება უკრაინაში კონფლიქტის ფონზე ცდილობს რუსეთის იზოლაციას და ამ დროს ჩვენ, ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება… შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თვითონვე ვუცხადებთ დემარშს [ევროპას] და დემონსტრაციულად ვაუმჯობესებთ ურთიერთობას რუსეთთან მაშინ, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა საწინააღმდეგოს ცდილობს.
შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა, თავად ევროკავშირმა გვითხრას უარი კანდიდატის სტატუსზე, რათა მთავრობას ეს არ დაჰბრალდეს. ბოლო თვეების განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ თითქოს ერთი ხელით ვითომ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებას ვცდილობთ, მეორე ხელით კი ამ ყველაფერს ხაზს ვუსვამთ – განსაკუთრებით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, სადაც სერიოზული აცდენა გვაქვს – სტატისტიკაც კი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიჰყვება ამ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპებს“.
კაკაჩია დასძენს, რომ საქართველოსგან არ მოითხოვენ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას, თუმცა ელოდებიან, რომ ქვეყანა გამოიჩენს სოლიდარობას მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მიმართ და სოლიდარული იქნება ასევე ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების – „რომლისკენაც ქვეყანა, ფორმალურად მაინც მიიღწვის“.
კითხვაზე, როგორ შეეძლო ხელისუფლებას ორივე დემარშის თავიდან აცილება, კორნელი კაკაჩია განმარტავს, რომ სააკაშვილის შემთხვევაშიც ქვეყანას შესთავაზეს შუალედური ვარიანტები.
„რაც შეეხება ფრენებს – ხელისუფლება ახლა რუსეთისკენ იშვერს ხელს, თითქოს თავად არაფერ შუაშია. მაგრამ როდესაც შენი წამყვანი კომპანია აანონსებს, რომ ის სატრანზიტო ფრენებით მოემსახურება რუს ტურისტებს… და მთლიანად, ქვეყნის პოზიცია ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ე.წ. გარიყულ სახელმწიფოსთან და ამავდროულად, ვაცხადებთ, რომ გვინდა კანდიდატის სტატუსი და თითქოს ამისთვის ვდგამთ ნაბიჯებს – ეს ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. არ მოდის არც მორალურად, არც სხვა კრიტერიუმებით. ვფიქრობ, ზუსტად ეს არის ის მორალური კომპასი, რომელზეც ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაასწორეო. მაგრამ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, რასაც მოწმობს მისი ბოლო გადაწყვეტილებები…
მე არ ვამბობ, რომ ეს მაინცდამაინც ასეა, მაგრამ ბევრ ადამიანს საქართველოშიც და ბრიუსელშიც შთაბეჭდილება უჩნდება, რომ ხელისუფლებას არ უნდა ევროკავშირთან დაახლოება. ერთმანეთთან შეუთავსებელია რუსეთთან და ევროკავშირთან ერთდროულად დაახლოება. ეს კარგად ესმის დღევანდელ მთავრობას. უბრალოდ, მათ არ სურთ ეს. როგორც ჩანს, მათთვის მთავარია, რომ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვონ ნებისმიერ ფასად“.
კაკაჩია ვარაუდობს, რომ 12 რეკომენაციიდან საქართველო რამდენიმეს ვერ შეასრულებს, მათ შორის, დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის რეკომენდაციებს:
„ბუნებრივია, ისინი ცდილობენ რუსული ინვესტიციებითა და მოკლევადიანი დახმარებებით გავიდნენ ფონს, რათა შემდეგ არჩევნებში ამით მიაღწიონ წარმატებას და შეამცირონ ევროკავშირის მხრიდან ე.წ. პირობითობის პრინციპის ზეგავლენა, იმიტომ, რომ ევროკავშირი ცდილობდა კიდეც და გვახსოვს, რომ ერთხელ უარი ვუთხარით ტრანშზე… ესეც არის გარკვეულწილად ნაბიჯი ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების, რომ ის არ დაუშვებს ე.ი. რომ მასზე გარკვეულწილად დემოკრატიული წნეხი განახორციელოს ევროკავშირმა“, – ამატებს კორნელი კაკაჩია.
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ცდილობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას (და ამაში ის უნიკალური არ არის) – არის ის, რომ მათ ეშინიათ არა მხოლოდ დამარცხების, არამედ იმის, რომ დამარცხების შემთხვევაში ამოქმედდება ე.წ. პოლიტიკური ვენდეტის [შურისძიება] წესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაფორმალურად არსებობს. თუ დავაკვირდებით, როგორ ექცევიან ისინი სააკაშვილს, ასევე სააკაშვილი როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლებას და ზოგადად ყველა ხელისუფლება როგორ იქცეოდა… ისინი ხვდებიან, რომ დამარცხება უბრალოდ დამარცხება კი არ იქნება, ეს იქნება ვენდეტა. შესაბამისად, მათთვის რეჟიმის გადარჩენა, პოლიტიკური ლიდერების ფიზიკური გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის რეკომენდაციები.
მაგრამ, ამავე დროს, იმასაც ვერ იტყვი, რომ ევროკავშირი არ უნდათ. უნდათ, მაგრამ .. თუ ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო აქტორები ხელს არ შეახებენ მმართველი პარტიის ინტერესებს და მხარს დაუჭერენ – მაშინ, ბუნებრივია, აწყობთ. და ახლა ევროკავშირი და ზოგადად, საერთაშორისო აქტორები მხარს არასდროს დაუჭერენ ავტორიტარულ ხელისუფლებას და ამიტომაც არის, რომ რუსეთისკენ ლტოლვა შემთხვევითი არ არის.. რაც უფრო დაშორდება ევროკავშირს, მით უფრო ახლოს მიდის საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარული ტენდენციებით რუსეთისკენ. ანუ მისი ბუნებრივი მოკავშირე ხდება რუსეთი და ეს რუსეთშიც მშვენივრად იციან“.
ამ თემაზე ნეტგაზეთი ასევე გირჩევთ:








