კომენტარი

კობახიძე ხსნის, რატომ იქნება “ლოგიკური” თუ პრეზიდენტს ევროპარლამენტში ვიზიტზე თანხმობას არ მისცემენ

18 მაისი, 2023 • 2277
კობახიძე ხსნის, რატომ იქნება “ლოგიკური” თუ პრეზიდენტს ევროპარლამენტში ვიზიტზე თანხმობას არ მისცემენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიაში ეშინიათ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში და მისი განცხადებები დააზიანებს ქვეყნის სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. შესაბამისად, კობახიძის თქმით, მისთვის ლოგიკური იქნება თუ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილს ვიზიტზე თანხმობას არ მისცემს.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა და თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესს, მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება ვიზიტზე თანხმობა არ გასცეს:

„მე არაფერს არ ვამბობ, მთავრობას არ გაუცია შეიძლება დღემდე თანხმობა, შეიძლება მოგვიანებით გასცეს, არ ვიცი. ეს არის მთავრობის პრეროგატივა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება ის, თუ მთავრობას ეშინია (ეშინია ამ შემთხვევაში პირობითი სიტყვაა) პრეზიდენტის არასწორი განცხადებების. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს, არ იდგმება ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის დამაზიანებელი განცხადებები.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს რათა არ დაზიანდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. დანარჩენი მთავრობის პრეროგატივაა, მიანიჭებს თუ არა პრეზიდენტს უფლებას, გაემგზავროს რომელიმე სხვა ქვეყანაში,“ — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობას სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ნებართვა დაუყოვნებლივ გაიცა.

„15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, — აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში 31 მაისს არის დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლა თავდაპირველად 18 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა, მთავრობის ადმინისტრაციამ კი ბრალდება უარყო.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი ნაწილია ა) ქვეპუნქტის თანახმად, პრეზიდენტი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ამისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდება.

აღნიშნული მუხლი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს არეგულირებს:

„მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს,“ — წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი