კომენტარი

გიგიაძე IRI-ის კვლევაზე: ხალხმა უპასუხა „ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას

25 აპრილი, 2023 • 2082
გიგიაძე IRI-ის კვლევაზე: ხალხმა უპასუხა „ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევრის, გიგი გიგიაძის შეფასებით, ევროკავშირისა და ნატოსადმი გაზრდილი მხარდაჭერა არის საქართველოს მოსახლეობის პასუხი „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (89%) სრულად ან მეტ-ნაკლებად ემხრობა ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. წინა კვლევასთან შედარებით [2022 წლის შემოდგომა] მხარდაჭერა 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. 2%-ით გაზრდილია და 80%-ს შეადგენს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა.

გიგი გიგიაძის აზრით, ევროკავშირისა და ნატოსადმი მხარდაჭერის ზრდა განპირობებულია სამი ძირითადი მიზეზით:

  1. ანტიევროპული პროპაგანდა, რომელსაცც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახორციელებს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში;
  2. რუსული სულისკვეთებით გამსჭვალული კანონმდებლობის მიღების მცდელობა;
  3. „ოცნების“ პრორუსული პოლიტიკა.

„ქართველმა ხალხმა პასუხი გასცა ამ პოლიტიკას და კიდევ ერთხელ დააზუსტა საკუთარი არჩევანი. ევროკავშირში გაწევრიანებისადმი უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ რუსული დეზინფორმაციული გზავნილი, რომელსაც ასე ჭარბად ავრცელებდა საქართველოს ხელისუფლება, სრული მარცხით დამთავრდა. ამ გზავნილმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო გაზრდილი მხარდაჭერა ორივე ორგანიზაციისადმი, რაც მისასალმებელი დინამიკაა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ გიგიაძემ.

იგი არ ელის, რომ „ქართული ოცნება“ გაკვეთილს გამოიტანს IRI-ის კვლევიდან:

„მათი მხრიდან ისევ გვესმის და პირიქით, მოუმატეს დეზინფორმაციას და ტყუილებს, როგორიცაა გლობალური ომის პარტია, „ცალ ფეხზე დგომის იძულება“, ევროპის მიერ საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა. ესაა საქართველოს საზოგადოებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოებამ პასუხი გასცა“.

გიგი გიგიაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ განწყობებს ხედავენ ქვეყნის ევროპელი პარტნიორები, რომლებმაც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი დაარწმუნებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს მოსახლეობა და არა — ხელისუფლება ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის გზაზე წინსვლას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ფაქტორი დადებით გავლენას მოახდენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. პოზიტიური შედეგი იქნება იმ 89%-ის დამსახურება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა“, — ამბობს გიგიაძე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მთავარ საფრთხედ კი რუსეთს მიიჩნევს. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრორუსულად მიიჩნევს.

IRI-ის კვლევა: 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრორუსულად მიიჩნევს

მასალების გადაბეჭდვის წესი