კომენტარი

დღესასწაული, რომელიც არ შედგა

25 ივნისი, 2010 • • 1313
დღესასწაული, რომელიც არ შედგა

წუხელ ღამე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გორის ცენტრალურ მოედანზე აღმართული იოსებ სტალინის ძეგლი მოხსნა. ძეგლის დემონტაჟს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ტელეჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. ამ ფაქტის ამსახველ სიუჟეტებში, რომლებიც სატელევიზიო არხებით გავიდა, არ ჩანდა კორდონი, რომელიც ძეგლის გარშემო იყო გაკეთებული და რომლის მიღმაც  გორის მოსახლეობის ძეგლის დემონტაჟით უკმაყოფილო ნაწილს მოეყარა თავი. კამერებს არც ტელეკომპანია ”თრიალეთის” იმ ჟურნალისტის ცემის ფაქტი დაუფიქსირებიათ, რომელიც მიმდინარე მოვლენას იღებდა.

სტალინის ძეგლის გორის მოედანზე ყოფნა არყოფნის საკითხს საზოგადოება სხვადასხვაგვარად უყურებდა. განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ძეგლის დემონტაჟისას შეკრებილ ადამიანებსაც.

ბრიფინგზე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”თუ ჩვენ გვინდა და ნამდვილად გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე, თავისუფალი ერი, ასეთ მახინჯ საბჭოთა კერპებს თავისუფალ საქართველოში არ აქვთ ადგილი”.

იოსებ სტალინის 6– მეტრიანი ქანდაკება მისივე სახელობის მუზეუმში გადაიტანეს. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომელიც ღიაობასა და დემოკრატიაზე საუბრობს, დემონტაჟი ღამე განეხორციელებინა და  იყო თუ არა ეს უკმაყოფილო მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის თავის არიდება.

 

ლევან ბერძენიშვილი 

რესპუბლიკური პარტია

„მიმაჩნია, რომ სტალინის ძეგლის აღება სწორი საქმეა, გინდა ეს ამ ხელისუფლებას გააკეთებინა, გინდაც სხვას. მაგრამ, საერთოდ, კარგი საქმეები დღისით კეთდება. ღამე, ალბათ, იმიტომ მოხსნეს, რომ უსიამოვნებას მოერიდნენ. ხელისუფლება, ალბათ, გარკვეულწილად გაურბის ხალხის გაღიზიანებას. მეორეს მხრივ, სტალინის ძეგლის აღებას ვერ შევეწინააღმდეგები. მისი ადგილი მუზეუმშია.

ბავშვობაში სტალინის ძეგლის აღებას ქალაქ ბათუმში შევესწარი. დაახლოებით  1960– 1961 წლები იყო. ესეც ღამე მოხდა, სხვათა შორის. ხრუშჩოვიც სწორად მოიქცა, რომ ძეგლი მოხსნა. თუმცა, ღამე რომ იღებენ, არ არის სწორი, იმიტომ, რომ მოქალაქეები თუ არ არიან თანახმა, მათი დარწმუნება და მათთან მუშაობაა საჭირო.  მაგრამ, თავისთავად, გორში რომ არ დგას სტალინის ძეგლი, მთელი მსოფლიოს თავმოსაჭრელად, ეს კარგია“. 

 

პავლე კუბლაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

„არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, დღისით მოხდებოდა დემონტაჟი თუ ღამე. მთავარია, რომ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია და ისიც, რომ დაღუპულ გმირთა მემორიალი აშენდება იმ ადგილას. ჩვენი გმირების პატივსაცემად ამ მემორიალის აღმართვა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, მუზეუმში შეიძლება იდგეს ძეგლი და თუ იქნება სტალინის მუზეუმი, იქ უნდა იყოს ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

მთავარია არსი, რაც ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. არ ვიცი, ვინ როგორ შეაფასებს ამას და ვის რა დამოკიდებულება ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო მეტ პატივს სცემს  იმ გმირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მართლაც ძალიან უთანასწორო ომში დაიღუპნენ, ვიდრე ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიკვდილი და რეპრესიები უკავშირდება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი