აფხაზეთიდან დევნილ მალხაზ ლაკერბაიას, თბილისში 7-8 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ, სოციალური დახმარებას უწყვეტენ. მალხაზ ლაკერბაიასთვის სოციალური დახმარების მოხსნასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს.
როგორც ლაკერბაიამ ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, საპროტესტო აქციებზე [აქციები “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა] შვილებთან ერთად იდგა.
“შვილებთან ერთად მივდიოდი და ვაპროტესტებდი რუსულ კანონს. ჩემთვის მიუღებელია და არაფრის ფასად დავთმობ ჩვენს თავისუფლებას და ქვეყნის მომავალს”, – ამბობს ის.
7-8 მარტის აქციების შემდეგ კი, როგორც ლაკერბაია ჰყვება, 12 მარტს, კვირას მასთან მივიდა სოციალური აგენტი, რომელმაც უთხრა, რომ აქციებზე წასვლის გამო ისჯებოდა და ბრძანებაა, მოეხსნას დახმარება.
“აქციებზე ხართ შემჩნეულიო”.
როგორც ის ამბობს, ასევე, სოციალურმა აგენტმა მიუთითა, რომ ლაკერბაიას მეუღლეს ჰყავს მანქანა და საჯარო სამსახურში მუშაობს. თუმცა ლაკერბაია განქორწინებულია და შესაბამისი დოკუმენტი 13 მარტს სამგორის რაიონის სოციალურ სააგენტოში მიიტანა. ამის მიუხედავად, როგორც ის ამბობს, სააგენტოში იმ დღესვე უთხრეს, რომ სოციალური დახმარება 350 ლარის ოდენობით უკვე შეწყვეტილია.
“იქაც მითხრეს, რატომ დადიხართ აქციებზეო, თქვენი და ჩემი შვილებისთვვის დავდივარ მეთქი. აფხზაეთი მაქვს გამოვლილი, 29 დეკემბერს ენგური გადმოვცურე მშობლებთან და დებთან ერთად და არ მინდა ჩემმა შვილებმა იგივე გამოიარონ”.
მალხაზ ლაკერბაიას შემთხვევის შესახებ ოფიციალური განმარტების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ რაიმე კომენტარის ან განცხადების შემთხვევაში, დაგვიკავშირდებიან.
ლაკერბაიას ცნობითვე, სოციალურ დახმარების მოხსნის პარალალურად, სახელმწიფო მას პოლიციის მეშვეობითაც დაემუქრა.
7-8 მარტის პროტესტი თბილისში
„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.
საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.
თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.