კომენტარი

ამ სამარცხვინო ადამიანებმა ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ – TOA

6 მარტი, 2023 • 683
ამ სამარცხვინო ადამიანებმა ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ – TOA

Tbilisi Open Air რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფესტივალი ამბობს, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ იცის თავისუფლების ფასი, დღეს კი ეს ღირებულება საფრთხის ქვეშ დგას.

„წელს Tbilisi Open Air 14 წლის გახდება. ცხადია, ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზარდნენ და ისევ იმავე ბრძოლაში მყოფი ქვეყნის ახლა უკვე სრულწლოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.

თავისუფლება ჩვენი ფესტივალის უპირველესი ღირებულებაა და ეს მხოლოდ ცარიელი სლოგანი არ არის.
დღეს ეს ღირებულებები, რომლებმაც ასე გაგვაერთიანა და დაგვაახლოვა, სერიოზული საფრთხის წინაშეა.
მხოლოდ სიკეთისგან და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს თუ მოუვათ თავში ამგვარი კანონის შემოღება და თანაც იმ ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლებისთვის ამდენი იბრძოლა და მისი ფასი ყველაზე უკეთ იცის.

ჩვენ და თქვენ, ვინც ეს ფესტივალი ერთად ავაშენეთ, ვიცით, რომ შენება ძნელია და დანგრევა ადვილი – ამისდა მიუხედავად, ჩვენ ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს და დაგვინგრევს. ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ და ვერც განახორციელებენ.

#მუსიკაათავისუფლებს
#არარუსულკანონს,“ – წერს Tbilisi Open Air.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 მარტს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი