კომენტარი

„არა უცხოური გავლენის, არამედ ქართველი ხალხის აგენტები“ – იაპონიის ელჩი არასამთავრობოებზე

6 მარტი, 2023 •
„არა უცხოური გავლენის, არამედ ქართველი ხალხის აგენტები“ – იაპონიის ელჩი არასამთავრობოებზე

იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ამბობს, რომ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ნეგატიური გავლენა ექნება არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიტიურ როლზე, რაც, თავის მხრივ, „ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.

„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც „უცხოური გავლენის აგენტად“ უპირებენ გამოცხადებას, ბევრს აკეთებენ ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის და რეალურად, „ქართველი ხალხის აგენტები“ არიან.

იმამურა აკირას ვკითხეთ, თუ როგორია მისი აზრი რუსული კანონპროექტის შესახებ და როგორ იგრძნობს თავს იაპონიის საელჩო, თუ, მათ შორის, მისგან დაფინანსებული პროექტების გამო ორგანიზაციები „უცხოური ძალის აგენტად“ ჩაითვლებიან.


საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია  კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ – რას ფიქრობთ ამის შესახებ? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კანონს ქართულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე?

თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კრიტიკული როლი აქვთ დემოკრატიაში, ისინი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აწვდიან მნიშვნელოვან მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ, წლებია მათთან ვთანამშრომლობთ.

ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი, რომლითაც ქართველმა ხალხმა სარგებელი მიიღო, განსაკუთრებით- რეგიონებში. ეს პროექტები მოიცავს სახანძრო მანქანების შესყიდვას, მოშორებულ ადგილებში სკოლებისა და საბავშვო ბაღების აშენებას, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას.

აგრეთვე, სხვადასხვა გზით ხელს ვუწყობთ მედიის დამოუკიდებლობას. მაგალითად, „ნეტგაზეთს“ მივაწოდეთ მასალა გაშუქებისთვის, განვახორციელეთ მობილური ბიბლიოთეკის პროექტი, რათა ბავშვებსა და ზრდასრულებს მაღალმთიან აჭარაში წიგნებზე ჰქონოდათ წვდომა.

ვშიშობ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიტიურ როლზე. თუ ასეა, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელსაც იაპონია ძლიერ უჭერს მხარს.

  კანონპროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ემუქრება მედია და არასამთავრობო სექტორს, რომ არის მათი დისკრედიტაციის რისკი. ეთანხმებით მათ? როგორ ფიქრობთ, გამართლებულია ეს შიში?

ვიზიარებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას. როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციირების საბაბი არასაკმარისი გამჭვირვალობაა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილებით, ამჟამინდელი კანონმდებლობის ფარგლებში ისინი საკმარის [ინფორმაციას] აქვეყნებენ.  უფრო მეტიც – არ მომისმენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომაა საჭირო უფრო მეტი გამჭვირვალობა მედიისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვიდრე სხვა დაწესებულებისთვის.

იაპონიაში არაკომერციულ ორგანიზაციებს შემოსავლის წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვთ. თუ არსებობს უსაფრთხოების პრობლემები, მათ ვუმკლავდებით სხვა ღირებულებების, – სიტყვის და შეკრების თავისუფლების, – საფრთხეში ჩაგდების გარეშე. ვიცით, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტებთან ერთად და შესაბამისი სამინისტროებისა და პარლამენტის მხარდაჭერით, სთავაზობენ მოქალაქეებს შეუცვლელ მომსახურებებს. ეს მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რათა ქართველი ხალხისთვის ხელშესახები პროგრესი იყოს მიღწეული.

რა გავლენას იქონიებს კანონი საელჩოსა და ორგანიზაციების თანამშრომლობაზე? აგრეთვე, რას ფიქრობთ თავად ტერმინზე, – „უცხოური გავლენის აგენტი“, – მათთვის, ვინც თქვენთან თანამშრომლობს და ზოგადად, რა გავლენა ექნება კანონს საერთაშორისო დახმარებაზე, მათ შორის სახელმწიფო უწყებებისთვის, რომლებსაც კანონი არ ეხებათ?

ჩვენ ვეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან დიდად ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელსაც ისინი აკეთებენ საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ისინი არიან არა უცხოური გავლენის, არამედ „ქართველი ხალხის აგენტები“. ამიტომ გვსურს, განვაგრძოთ ამ მიზნებისთვის ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებელნი უნდა ვიყოთ ჩვენი გადასახადების გადამხდელების წინაშე, რომელთა წყალობითაც ფინანსდება ეს პროექტები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებთანაც ვმუშაობთ, უნდა დააკმაყოფილონ კონკრეტული კრიტერიუმი. თუმცა ამ ეტაპზე არ მსურს სპეკულაცია იმის შესახებ, თუ რა დაემართება ჩვენს დახმარებას.

რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ კანონპროექტი არაა მისასალმებელი სიგნალი დონორებისთვის, – მათ შორის იაპონიისთვის, – ჩემ მიერ ნახსენები მიზეზების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო.

თარგმანი: ნიკა ბურდული


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი