ავტორი: სულხან სალაძე
შესავლისა და ქარაგმებით საუბრის დრო აღარ არის. ყველაფერი პირდაპირ და ღიად უნდა ითქვას. ვითომ გამჭვირვალობის სახელით შეფუთული უცხოეთის აგენტების შესახებ მომზადებული ეს ტყუპი, ურჩხული კანონპროექტები, სინამდვილეში, საქართველოს ნათელი მომავლის დასასრულისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ეს კანონი ცივილიზაციის არჩევანია – ამ კანონის მიღებით საქართველო უარს ამბობს ევროპაზე, რაც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, დამოუკიდებელ სასამართლოს, ხელისუფლების ანგარიშივალდებულებას, ადამიანის უფლებების დაცვას, საუკეთესო ჯანდაცვას, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკას ნიშნავს.
ამ კანონების ამოქმედების შემდეგ კარგს ნურაფერს დაელოდებით, სხვა ყველა თანმდევი კანონი უარესი იქნება და თან ეს უარესი იმაზე მალე მოხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ჩრდილოეთის გზაზე დამდგარი ქვეყნის ხელისუფლება, მისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა-დაჯარიმებით დაახრჩობს ყველა მედიას, ვინც სახელისუფლებო სიაში არ ჩაეწერება. შეცვლის გამოხატვის თავისფულების დღეს არსებულ სტანდარტს და არსებული სასამართლოს პირობებში ცილისწამების კრიმინალიზაციას მოახდენს. ქუჩაში უფრო აქტიურად ირბენს ბრბო და ყველა სხვას, განსხვავებულს, ფიზიკურად გაუსწორდება (ერთი რეპეტიცია კი გაიარეს უკვე 2021 წლის 5 ივლისს). ზოგს კანის ფერის, ზოგს ეთნიკური კუთვნილების, ზოგს რელიგიური აღმსარებლობის ნიშნით და ა.შ. უსასრულოდ.
ეს კანონი არ ემსაუხურება არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გამჭვირვალობის ხელშეწყობას, როგორც ამას კანონპროექტის ავტორები ამბობენ. გამჭვირვალობა და სხვა კეთილი იდეები მათ განზრახვაში არ არსებობს. ეს კანონი კლავს სამოქალაქო საზოგადოებას და მის ნაცვლად ტყუილში ცხოვრებას, სიღარიბეს და მოსახლეობის დიდი ნაწილის მუდმივ სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულებას გთავაზობთ.
ამ კანონის მიხედვით, უცხოეთის აგენტებად გამოცხადდებიან თქვენი მეგობრები, მეზობლები, კლასელები, კურსელები, ნათესავები და ბევრ შემთხვევაში ოჯახის წევრებიც კი. მერე, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მათი ნაწილი აქტიურ ცხოვრებას ჩამოსცილდება, ნაწილი სულაც უცხოეთში წავა.
უცხოეთის აგენტების ეს კანონი (რომელიც არ უნდა მიიღონ), ყველას შეგეხებათ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების დახმარებით კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობთ; ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენელებს, რომლებიც უცხოური დაფინანსებით და კონკურსების გზით არაერთ ფესტივალში იღებთ მონაწილეობას; მეცნიერებს, ვინც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად არაერთხელ გააცანით მსოფლიოს საქართველო; სტუდენტებს, ვინც ახლა იღებთ უმაღლეს განათლებას და საქართველოში ლამის საგინებელ სიტყვად ქცეული ევროპა და ამერიკა ფართოდ გიღებთ კარს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. ბიზნესს, რომელიც თქვენი საქმიანობა დასავლეთის გრანტებისა და სხვა სახის მხადაჭერით დაიწყეთ.
ეს კანონი შეგეხებათ თქვენც, საჯარო მოხლეებს, რომლებიც ახლა ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ. შეგეხებათ იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ, როცა დაუსაბუთებლად გაგყრიან სამსახურებიდან, აღარავინ იქნება დარჩენილი, რომ თქვენი უფლებების დაცვაში დაგიდგეთ გვერდში. ისევე როგორც სახელისუფლებო ორბიტაზე მყოფ მედიას, ვინც იცით რა საშინელების მიღებას აპირებს პარლამენტი და სიმართლის თქმის ნაცვლად ტყუილის პროპაგანდაში ხართ ჩართული.
ამ კანონის მიღებიდან მალე, იქნება სიბნელე და რუსეთი.