კომენტარი

თუ ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, არ უნდა მივიღოთ — კონსერვატორიის რექტორი “აგენტების” კანონპროექტზე

4 მარტი, 2023 • 2617
თუ ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, არ უნდა მივიღოთ — კონსერვატორიის რექტორი “აგენტების” კანონპროექტზე

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტებზე”. ნანა შარიქაძის სიტყვებით, თუ ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, პარლამენტმა ეს კანონი არ უნდა მიიღოს.

“ევროკავშირი ჩემი/ჩვენი თვითმიზანია. მის სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაც ჩემი/ჩვენი თვითმიზანია და ამის განხორციელებას არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი.

თუ ეს “უცხოური გავლენის აგენტების” კანონი შეუშლის ხელს, არ უნდა მივიღოთ”, — დასძენს შარიქაძე და იქვე ამატებს:

“საბჭოთა ბოღმით შეპყრობილებმა კი მიხეილ ჯავახიშვილი გადაიკითხეთ (დახვრეტილია როგორც აგენტი 1937):

,,… ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი…” მიხეილ ჯავახიშვილი, 1918”.

ხსენებულ კანონპროექტს საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი აკრიტიკებს. ინტერნეტში გავრცელდა სათეატრო სფეროსა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენელთა კრიტიკული პეტიციებიც.

რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გარეკანის ფოტოზე: ნანა შარიქაძე. წყარო: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

რატომაა საშიში რუსული კანონი? ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ 5 კითხვაზე:

რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი