ახალი ამბები

ეს კანონი სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს ჩვენს დაწესებულებებს — საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართვა

4 მარტი, 2023 • 1616
ეს კანონი სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს ჩვენს დაწესებულებებს — საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართვა

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები “აგენტების” შესახებ კანონპროექტებს აკრიტიკებენ.

Manifest.ge-ზე გამოქვეყნებული პეტიციის ავტორების თქმით, რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს.

პეტიციის სათაურია “საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს”, ადრესატები კი პარლამენტი და მთავრობა არიან, ისევე როგორც, საქართველოს საზოგადოება.

“ვფიქრობთ, რომ ამ ინსტრუმენტების თუნდაც ნაწილობრივ გამოყენება შეუქცევადად დააზიანებს იმ საზოგადოებრივი წესრიგის პერსპექტივას, რომლის შექმნის მიზანსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების დროიდან, ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორთა სიტყვებით, უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის დაწესებულებები განათლების მიწოდების ფუნქციას ასრულებენ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც შექმნილნი არიან გაერთიანებისა და სამეწარმეო თავისუფლებების საფუძველზე და შეადგენენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

” „უცხოელი აგენტების“ კანონი შეზღუდავს და სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს როგორც ჩვენს პარტნიორ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, ისე ჩვენ, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებებს.

საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არ გამოეთიშოს ცოდნის შექმნისა და გავრცელების გლობალურ პროცესებს, რომლებიც სწრაფმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ კიდევ უფრო დააჩქარა.

განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაცია ერთადერთი და უალტერნატივო საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს და დამატებით შეიქმნას მეტი ხარისხიანი განათლების მიმწოდებელი და ორიგინალური ცოდნის შემქმნელი აკადემიური ინსტიტუტები.

ბოლონიის პროცესთან მიერთებით, საქართველომ სწორედ ამ იმპერატივით იმოქმედა და გრძელვადიან მიზნად ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია დაისახა.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაუძლეველ ბარიერებს შეუქმნის ამგვარი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ამოქმედება გადაულახავ წინააღმდეგობებს გააჩენს არა მხოლოდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულად ჩართვის პროცესში, არამედ  შეუძლებელს გახდის ამ მხრივ მიღწეულის შენარჩუნებასაც”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან  პერსონალურ, პროფესიულ და ინსტიტუციურ კავშირებს ემუქრებათ გაწყვეტა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით გამოწვეული სტიგმის ძალით,  კანონის მსუსხავი ეფექტი კი გამოიწვევს პერსონალის მასობრივ გადინებას უცხოეთში და მათ მოწყვეტას საქართველოს აკადემიური სფეროდან:

“თუ დღეს ინსტიტუციურად შესაძლებელია, რომ ქართველმა სტუდენტმა, პროფესორმა და მკვლევარმა ბარიერების გარეშე მიიღოს მონაწილეობა განათლებისა და ცოდნის შექმნის ევროპულ და გლობალურ პროცესებში, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მოშლის ამ ინსტიტუციონალიზებულ შესაძლებლობებს და ამ სიკეთეებით მხოლოდ ძალაუფლების მიერ პრივილეგირებულები შეძლებენ სარგებლობას.

საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის ფაქტობრივი იზოლაცია მოკლავს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას, მოსპობს რა განათლებული და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდის ინსტიტუციურ საფუძვლებს”.

ავტორები მოუწოდებენ საქართველოს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, რათა არ დაუშვას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მეშვეობით “საქართველოს საზოგადოებაზე და მის ძირითად ინსტიტუტებზე თავდასხმა, საქართველოს საზოგადოებისთვის საძირკვლის მოშლა”.

რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

რატომაა საშიში რუსული კანონი? ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ 5 კითხვაზე:

რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი