კომენტარი

დამღუპველია და არ არის ამერიკული — ლევან სონღულაშვილი რუსულ კანონზე

4 მარტი, 2023 • 1876
დამღუპველია და არ არის ამერიკული — ლევან სონღულაშვილი რუსულ კანონზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. ის “ფეისბუკზე” წერს:

“ეს ე.წ. “რუსული კანონი” დამღუპველია და არაა ამერიკული… ზოგადად, აშშ-ს გარკვეულ ნაწილში სიკვდილით დასჯაცაა და ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობით. ჰოლანდიაში რაც ლეგალურია, საქართველოში არალეგალურია, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით.

2 ვადის მანძილზე უამრავი დრო იყო ამ კანონის მისაღებად, და რატომ 2023 წელს? რატომ დღეს და ახლა?! და კირილურით დაწერილი სახელით ტროლ-ბოტები რატომ ამტკიცებენ, რომ ეს კანონი რუსული კი არა, ამერიკულია, როცა წინა პოსტში დასავლეთს აკრიტიკებენ?!

წაიკითხეთ კანონი, რჩევა ჰკითხეთ იურისტებს, გაუგზავნეთ ტექსტი შესაფასებლად პროფესიონალებს. ოჯახში მშობელს თუ არ ეთანხმები, არ ნიშნავს, რომ მისი მტერი ხარ, ქართული ოცნების ელექტორატმაც რომ ეჭვი შეიტანოს ამ კანონში, არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ოჯახს დაკარგავთ, ჯერ სახელმწიფო ინტერესი უნდა იდგეს, შემდგომ პარტიული!”

რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გარეკანის ფოტო: სოფიო მელიქიძე

რატომაა საშიში რუსული კანონი? ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ 5 კითხვაზე:

როგორ (გა)ფორმდება ავტოკრატია?!

მასალების გადაბეჭდვის წესი