სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანს რუსული 102-ე სამხედრო ბაზის ქვეყნიდან გაყვანის საკითხი მოსკოვთან ჯერ არ დაუყენებია.

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიშია განთავსებული. ბაზა 1995 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს. 2010 წელს მხარეებმა ბაზის განთავსების ვადა 2044 წლამდე გაახანგრძლივეს.

ამის შესახებ ფაშინიანმა 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პირველ სექტემბერს ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასა და მის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ამ დროის განმავლობაში ჩვენ არც ერთხელ არ დაგვიყენებია სომხეთში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის საკითხი. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ რუსული ბაზის ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელი მიგვაჩნია. თუ რუსეთი გადაწყვეტს, გაიყვანოს სამხედრო ბაზა სომხეთის რესპუბლიკიდან, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ამის განხილვაც მზად ვართ. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ეს საკითხი არასდროს დაგვიყენებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.