კომენტარი

პრაისი: „ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებისთვის“

2 მარტი, 2023 • 1103
პრაისი: „ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებისთვის“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ხმას მისცემენ, „პასუხისმგებელნი იქნებიან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურ საფრთხეში ჩაგდებისთვის“.

პრესკონფერენციაზე პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია კანონპროექტით:

„იმიტომ, რომ ის სტიგმატიზირებას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს, რომლებსაც სურთ, თავიანთი მოქალაქეებისთვის და საზოგადოებისთვის უკეთესი ქვეყანა ააშენონ. ღრმად ვართ შეშფოთებულნი ამ კანონის პოტენციური შედეგებით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურ საფრთხეში ჩაგდებისთვის“.

პრაისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინიციირებული კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი:

„ბევრი პროპაგანდაა ამ კანონის შესახებ. თქვენ ახსენეთ განცხადება, თითქოს ეს კანონი დაფუძნებულია ჩვენს კანონ FARA-ზე. ეს კანონი მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტები დარეგისტრირდნენ და არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და დაფინანსებას“.


2 მარტს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. სხდომა მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტი აგრეთვე გააკრიტიკა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი