კომენტარი

“ეს პოსტი გეძღვნებათ თქვენ” – მოქალაქის მიმართვა ოჯახსა და ნათესავებს რუსულ კანონზე

2 მარტი, 2023 • 2575
“ეს პოსტი გეძღვნებათ თქვენ” – მოქალაქის მიმართვა ოჯახსა და ნათესავებს რუსულ კანონზე

მოქალაქე ნინო ტურიაშვილი თავის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მიმართავს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც მმართველ პარტიასა და მის მოკავშირეებს სურთ.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც ევროკავშირის კვლევების მაგისტრმა “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა:

“ჩემო ძვირფასო ოჯახო და ნათესავებო

ეს პოსტი გეძღვნებათ თქვენ!

ქოცებს უნდათ, რომ მე, თქვენს ერთ-ერთ ნათესავს, “უცხოეთის გავლენის აგენტის” სახელი დამარქვან.

რატომ? ვგავარ მე ვინმეს გავლენით საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგეს? ვიმსახურებ აგენტის სამარცხვინო წოდებას? ჩემი საქციელით, ჩემი სამსახურით თუ ჩემი აქტივიზმის გამო ოდესმე შემირცხვენიხართ? მგონი, პირიქით.

  • თქვენ გიამაყიათ, რომ მისწავლია ევროპაში – ევროკავშირის დაფინანსებით;
  • თქვენ გიამაყიათ, რომ ჩემი სამსახურის ფარგლებში შევხვედრივარ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს – ხელფასს ვიღებდი ევროკავშირის ბიუჯეტიდან;
  • თქვენ გიამაყიათ, რომ ვარ ლექტორი, ევროკავშირის თემაზე ვატარებ ლექციებს საქართველოს მასშტაბით, ვხვდები უამრავ ახალგაზრდას – ხელფასს მიხდის გაერო, ქართული ორგანიზაციის გავლით;
  • თქვენ გიამაყიათ, რომ სამართლიანობის მხარეს ვდგავარ ხოლმე: მუშათა გაფიცვების თუ ქვეყნისთვის სახიფათო პროექტების განხორციელების წინააღმდეგ – ბევრ ჩემს მეგობართან ერთად, რომლებსაც იგივე სამარცხვინო სახელის დაძახება ემუქრებათ.

სასაცილოა, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ 2014 წლიდან ვმუშაობ. არასოდეს ხელფასი არ ამიღია საქართველოს ბიუჯეტიდან. ჩემი ხელფასი ყოველთვის იყო ევროპელი დონორების მიერ ჩარიცხული თანხები, რასაც მერე პირადად მე ამ ქვეყანაში ვხარჯავდი (ანუ, ჩემი უმცირესი წვლილი შემქონდა საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირებაში).

ამ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს მოუწევთ, დარეგისტრირდნენ “უცხოური გავლენების აგენტების” სპეციალურ რეესტრში. ისინი ვალდებულები იქნებიან, თავიანთ ნებისმიერ საქმეს დაურთონ განმარტება, რომ ისინი “აგენტები” არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სახელმწიფო დიდი თანხით დააჯარიმებს და ფაქტობრივად, ხელს შეუშლის მათ არსებობას.

შედეგად, თუ ეს ორგანიზაციები გაქრებიან, მე ვერ ვიმუშავებ.

თუ რომელიმე ორგანიზაციამ მაინც გადაწყვიტა რეგისტრაცია და მუშაობის გაგრძელება “აგენტის” ტიტულით, მე მათთან ვერ ვიმუშავებ.

თუ მაინც ვიმუშავებ, მეც მომიწევს “უცხოური გავლენის აგენტის” წოდების დარქმევა, რასაც არ ვაპირებ, რატომ? იმიტომ, რომ:

ეს წოდება, ჩემთვის შ ე უ რ ა ც ხ მ ყ ო ფ ე ლ ი ა!!!!

ეს წოდება თქვენთვის, ჩემო ნათესავებო, შეურაცხმყოფელია!!!

და რაც მთავარია, ბაბუაჩემის შვილიშვილი ვინმეს აგენტს ვერ დავირქმევ და მის მოგონებას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ!!!

– თუ ამ წოდებას არ დავირქმევ, ჩემი მუშაობით პატარ-პატარა, თქვენთვის საამაყო საქმეებს ვეღარ გავაკეთებ;

– თუ ამ წოდებას მე და ჩემი მეგობრები არ დავირქმევთ და ისე ვიმუშავებთ, განწირულები ვართ ჯარიმებისთვის, ციხისთვის ან ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გაქცევისთვის;

– თუ ამ წოდებას მე და ჩემი მეგობრები არ დავირქმევთ, ჩვენ ელემენტარულად, გაფიცვის საშუალებაც კი არ გვექნება (რადგან კანონპროექტი პროფკავშირებსაც აგენტებად არეგისტრირებს);

– თუ ამ წოდებას მე და ჩემი მეგობრები არ დავირქმევთ და დავრჩებით უმოქმედოდ, ელემენტარულად, გზის ფული არ გვექნება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავიდეთ და ამა თუ იმ პროტესტს შევუერთდეთ;

– და ა.შ.

მაგრამ თუ ამ წოდებას დავთანხმდებით, პროტესტზე პოლიცია დაგვარბევს, მერე მთავრობა იტყვის, რომ აგენტები და ქვეყნის მოწინააღმდეგეები დაარბიეს, აგენტები ციხეში ჩასვეს, რომ მათ წინააღმდეგ პროტესტი უცხოეთიდან იმართება… თქვენ ტელევიზიაში და ინტერნეტში ნახავთ ჩვენს ფოტოებს, წარწერებით “უცხოეთის აგენტი”…

ამიტომ, თუ ახლა ჩუმად ხართ, შორიდან ადევნებთ თვალყურს ამ მოვლენებს, ან პირველად იგებთ ინფორმაციას ამ კანონპროექტის შესახებ, ნუ იქნებით მშვიდად. ეს კანონპროექტი არაა გამჭვირვალობისთვის შექმნილი კანონპროექტი. ამ კანონით ქოცობას უნდა საბოლოოდ დაგვიმორჩილოს ის ახალგაზრდები, ვინც მათი (და არა ქვეყნის!!) მოწინააღმდეგეა; ვინც ვერც სამსახურის დაპირებით მოთაფლეს, ვერც ფულის შეთავაზებით, ვერც დააშინეს, ვერც დააზომბირეს და ვერც გააჩუმეს. ამ კანონით ან გაგვაჩუმებენ ფიზიკურად, ან – ქვეყნიდან წასვლას გვაიძულებენ.

ჰოდა, ჩემო ნათესავებო, თუ ეს შავბნელი მომავალი არ გემეტებათ ჩემთვის და თქვენი საკუთარი თავებისთვის, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ქოცებს წინააღმდეგობა გაუწიეთ. წინააღმდეგობა არის ტელევიზია “იმედის” თუ “პოსტ-ტივის” გამორთვა. წინააღმდეგობაა, მათთვის ხმის არმიცემა არჩევნებში. წინააღმდეგობაა თქვენი ნაცნობი დეპუტატების გაფრთხილება, რომ მხარი არ დაუჭირონ საქართველოს განადგურებას. წინააღმდეგობაა თუნდაც ამ გამწარებული სტატუსის გაზიარებაც და ინფორმაციის გავრცელება

თქვენ, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ “დამპალ, გარყვნილ ენჯეოებთან” ბრძოლაში ხელისუფლება გამჭვირვალობას იცავს, მაგრამ არა, ქოცებს ჩემი და ჩემნაირი ადამიანების მორალური და შემდეგ ფიზიკური განადგურება უნდათ. ამიტომ, გთხოვთ, თქვენი სიჩუმით ნუ დაეხმარებით მათ ჩემს განადგურებაში.

მადლობა”.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი