კომენტარი

„არათუ მიღება, ამ კანონპროექტის ინიცირებაც კი ბოროტებაა” – დათო გორგილაძე

1 მარტი, 2023 • 1595
„არათუ მიღება, ამ კანონპროექტის ინიცირებაც კი ბოროტებაა” – დათო გორგილაძე

„არათუ ამ კანონპროექტის მიღება, მისი ინიცირებაც კი ბოროტებაა და ძალიან ბევრს ამბობს მისი ინიციატორების გეგმებსა და ზრახვებზე“, – ასე აფასებს მწერალი და გადაცემის წამყვანი დათო გორგილაძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ  რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც  „ქართული ოცნება“ აპირებს.

დათო გორგილაძის თქმით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იარლიყს მიაკრავენ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია ამ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას ცდილობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, განათლების, სამართლიანობის, კულტურის და ბევრი სხვა მიმართულებით.

“თუმცა გონიერი მოქალაქე ხვდება, რომ ყველაზე სამარცხვინო და მოუშორებელ იარლიყს უცხო (სინამდვილეში კი ძალიანაც ნაცნობი) ქვეყნის გავლენის აგენტის შესახებ სწორედ ის მიიკრავს, ვისაც ეს კანონი თავში მოუვიდა (უფრო სწორად, მოუყვანეს) და ის, ვინც მხარს დაუჭერს“, – უთხრა დათო გორგილაძემ „ნეტგაზეთს“.

  • რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამავე თემაზე

„სრული კატასტროფაა“ — არჩილ ქიქოძე „აგენტების“ კანონპროექტზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი