კომენტარი

„სრული კატასტროფაა“ — არჩილ ქიქოძე „აგენტების“ კანონპროექტზე

1 მარტი, 2023 • 3295
„სრული კატასტროფაა“ — არჩილ ქიქოძე „აგენტების“ კანონპროექტზე

მწერალი, ფოტოგრაფი და მსახიობი არჩილ ქიქოძე მიიჩნევს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააპროტესტოს და არ უნდა დაუშვას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება.

„სრული კატასტროფაა ეს კანონპროექტი. მე მგონი, საზოგადოებამ არ უნდა დავუშვათ, რომ მიიღონ. ასეთი კანონი მოგვიტანს იზოლაციას, „ჯაშუშებზე“ და შესაბამისად, „ეშმაკებზე“ ნადირობას, ათასობით გაწვალებულ ადამიანს და ავტორიტარიზმს. შევრცხვებით უბრალოდ“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ქიქოძემ.

არჩილ ქიქოძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი საკუთარი ხალხის კონტროლისთვის სჭირდება, საზოგადოება კი არ უნდა დაემორჩილოს, თუ კანონს მაინც მიიღებენ.

„არანაირი ევროინტეგრაცია არ მოხდება, თუ ასეთი კანონები და ასეთი საზოგადოება გვექნება“, — ამბობს არჩილ ქიქოძე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი