კომენტარი

უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დაზარალებულ ბავშვებს ვულოცავ შობას – ილია II

6 იანვარი, 2023 • 1047
უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დაზარალებულ ბავშვებს ვულოცავ შობას – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელშიც ილია არ საუბრობს უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომზე, თუმცა ახსენებს ომის მძიმე შედეგებით დაზარალებულ ბავშვებს და მათ პირველ რიგში ულოცავს ქრისტესშობის დღესასწაულს. 

“ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს”, – წერია ეპისტოლეში, რომელიც საშობაოდ გამოქვეყნდა. 

პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლეში მხოლოდ ეს ფრაზა გვხვდება უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ამასთან ეპისტოლეში ომი უკრაინაში მოხსენიებულია როგორც “უკრაინის ომი” . 

საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე ასევე ყურადღებას სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობაზე: 

“განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), – მოგვიწოდებს წმინდა წერილი.”. 

7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი შობის დღესასწაულს ზეიმობს. მათ შორისაა საქართველოს ეკლესიაც.  სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ილია მეორემ შეასრულა, რომელიც ახლახანს 90 წლის გახდა, თუმცა პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა, ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა. 

სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი