კომენტარი

ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ შეცვალა მსოფლიო – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

1 იანვარი, 2023 • 1723
ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ შეცვალა მსოფლიო – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართა უკრაინელებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტის ქართულ თარგმანს.

„ძვირფასო უკრაინელებო!

ეს წელი დაიწყო 24 თებერვალს. შესავლისა და პლერუდიის გარეშე. მძაფრად. ადრე. 4 საათზე.

სიბნელე იყო. ხმაური. ბევრისთვის რთული იყო, ზოგისთვის – საშინელი.

311 დღე გავიდა. ჩვენ, შესაძლოა, ისევ სიბნელში ვიყოთ, ხმაურში და რთული იყოს. მაგრამ უკვე აღარ შეგვეშინდება. და არასდროს შეგვრცხვება.

ეს ჩვენი წელი იყო. უკრაინის წელი. უკრაინელების წელი.

24 თებერვალს ჩვენ გავიღვიძეთ. ჩვენ სხვა ვიყავით. სხვა ერი. სხვა უკრაინელები. პირველმა რაკეტებმა საბოლოოდ დაანგრია ილუზიების ლაბირინთი. ჩვენ დავინახეთ ვინ ვინ არის. რა შეუძლიათ მეგობრებს, მტრებს და რაც მთავარია – რა შეგვიძლია ჩვენ თვითონ.

24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი, არამედ ლურჯ-ყვითელი დროშა. არა გაქცევა, არამედ დახვედრა. მტრის დახვედრა. წინააღმდეგობა და ბრძოლა.

24 თებერვალს აფეთქებების ხმამ ჩვენ დაგვაყრუა. მას შემდეგ ჩვენ ყველაფერი არ გვესმის. და ჩვენ ყველას არ ვუსმენთ. ჩვენ გვეუბნებოდნენ: დანებების გარდა სხვა გზა არ გაქვთ. ჩვენ ვამბობდით – გამარჯვების გარდა სხვა გზა არ გვაქვს.

24 თებერვალს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი გამარჯვების შექმნა. ბევრი აგურიდან – ასობით გამარჯვებიდან.

ჩვენ დავძლიეთ პანიკა. კი არ გავიფანტეთ, არამედ შევიკარით. ჩვენ დავძლიეთ ეჭვი, სასოწარკვეთა, შიში. ჩვენ გვჯეროდა საკუთარი თავის და ჩვენი ძალების. უკრაინის შეიარაღებული ძალები. დაზვერვა. ეროვნული გვარდია. მესაზღვრეები. ტერიტორიული თავდაცვა. საჰაერო თავდაცვა. პოლიცია. საგანგებო სიტუაციების სამსახური. მთელი ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები. მე ვამაყობ ყველა თქვენგანით, ჩვენო მეომრებო!

ამ წელს შეიძლება ვუწოდოთ დანაკარგების წელი უკრაინისთვის, ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მაგრამ ეს არასწორია. ჩვენ ასე არ უნდა ვთქვათ.

ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენ წაგვართვეს. უკრაინას არ დაუკარგავს შვილები – ისინი მკვლელებმა წაგვართვეს. უკრაინელებს სახლები არ დაუკარგავთ – ისინი ტერორისტებმა გაანადგურეს. ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი მიწები – მათზე დამპყრობლები შეიჭრნენ. მსოფლიოს არ დაუკარგავს მშვიდობა –  ის რუსეთმა გაანადგურა.

24 თებერვლის დილა.

გოსტომელი. ბუჩა. ირპენი. ბოროდიანკა. ხარკოვი.

„მრია“ [მსოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც რუსეთმა გოსტომელის აეროდრომზე გაანადგურა].

კრემატორსკი. ვაგზალი. სათამაშო.

ჩერნიგოვი.

მარიუპოლი. დრამატული თეატრი. წარწერა „ბავშვები“.

ოლენოვკა.

ოდესა. მრავალსართულიანი სახლი. გოგონა. სამი თვის.

ვოლნიანსკი. სამშობიარო სახლი. ახალშობილი. ორი დღის.

„აზოვსტალი“.

ამის დავიწყება შეუძლებელია. და შეუძლებელია პატიება. მაგრამ შესაძლებელია გამარჯვება.

ფეხზე დგომა შევეძელით, იმიტომ რომ იყო რაღაც, რაც გვაძლებინებდა. ჩვენი სულისკვეთება.

კიევის დაცვა.

ხარკოვი.

ნიკოლაევი.

ჩერნობაევკა.

კუნძული ზმეინი.

„ჰაიმარსი“.

ანტონოვსკის ხიდი.

ყირიმის ხიდი.

„ნეპტუნი“.

კრეისერი „მოსკოვი“.

რუსული სამხედრო ხომალდი.

იზიუმი, ბალაკლეა და კუპიანსკი.

ხერსონი.

და ვლოცულობთ, რომ იქნება კრემენნაია და სვატოვო, მელიტოპოლი, მთელი დონბასი, ყირიმი.

ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ისევ. მთავარი სიტყვისთვის – „გამარჯვება“.

ეს აუცილებლად იქნება. ჩვენ მისკენ მივდივართ 311 დღეა.

ბევრი ძალისხმევა გავიღეთ. მაგრამ იმ დროს, როცა გეჩვენებათ, რომ მეტი აღარ შეგიძლიათ, გაიხსენეთ, უკვე რა გადავიტანეთ.

მინდა ყველას გითხრათ: უკრაინელებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ! შეხედეთ, რა გავაკეთეთ და რას ვაკეთებთ!

როგორ ანადგურებენ ჩვენი მებრძოლები პირველივე დღიდან „მსოფლიოს მეორე არმიას“.

როგორ აჩერებდა ჩვენი ხალხი მათი ტექნიკის კოლონებს.

როგორ აჩერებდა მოხუცი კაცი ხელებით ტანკს.

როგორ ჩამოაგდო ქალმა დრონი პომიდვრის ქილით.

როგორ იპარავდნენ ოკუპაციისას მტრის ტანკებსა და ტექნიკას.

როგორ კრეფდნენ საათებში „შაჰედებზე მონადირეებს“, საზღვაო დრონებსა და „ბაირაქტარებს“.

როგორ უძლებდნენ ყველა მუქარას, სროლას, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, სიბნელესა და სიცივეს.

როგორ უჭერდნენ მხარს ერთმანეთს და სახელმწიფოს.

ომის დროს ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია.

ვისაც უჭირავს ხელში იარაღი, მანქანის, გემის ან თვითმფრინავის საჭე თუ სკალპელი.

ყველა, ვინც ნოუთბუქთანაა, ვინც მართავს კომბაინს, მატარებელს, ვინც ბლოკპოსტზეა და ელექტროსადგურზე.

ჟურნალისტები და დიპლომატები, მერიის თანამშრომლები და მაშველები.

ყველა. ვინც მუშაობს. ვინც სწავლობს უნივერსიტეტსა თუ სკოლაში. და ისინიც, ვინც ახლა სწავლობს სიარულს.

ეს ყველაფერი მათთვისაა. ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის.

დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. არ არსებობს არასაჭირო ადამიანი. თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. თითოეული ჩვენგანი ფრონტია. თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის საფუძველი.

ჩვენ ვიბრძვით როგორც ერთი გუნდი – მთელი ქვეყანა, ჩვენი ყველა რეგიონი. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით. მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის ყველა უდრეკ რეგიონს.

ხარკოვი. დასახიჩრებული, მაგრამ დაუმორჩილებელი. თქვენ დაუმტკიცეთ მტერს, რომ ტერიტორიულად ახლოს ყოფნა არ ნიშნავს გონებრივად ახლოს ყოფნას. ხარკოვი უკრაინის ქალაქია. გმირი ქალაქი.

უდრეკი ნიკოლაევი. გმირულად უძლებს ყველა დარტყმას. ქალაქი ტალღაზე, რომელიც უძლებს ყველა შტორმს.

სუმშინა და სუმი. თქვენ იმ პირველებს შორის იყავით, ვინც იგრძნო დამპყრობლების სრულმასშტაბიანი შემოჭრა. მათთვის სუმი ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა. ჩვეულებრივი ადამიანები ამზადებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, წვავდნენ მტრის კოლონებს, აჰყავდათ პირველი ტყვეები. სუმი ძალაა.

დნეპრი. ჩვენი ფრონტის მხარდაჭერა და საიმედო ფარი. თქვენ იღებდით ხალხს, სიცოცხლეს უბრუნებდით დაჭრილ ჯარისკაცებს. მუდმივი დარტყმების მიუხედავად, დნეპერი ცხოვრობს.

ოდესა. მზიანი და მეგობრული, ახლა – ციხესიმაგრე. მსოფლიო ციხესიმაგრე, რომელიც გვიცავს და რომელიც იცავს მსოფლიოს. ის კვებავს მსოფლიოს, ყოველდღიურად ზღვით აგზავნის მილიონობით ტონა შველას. რადგან ის ოდესა – დედაა.

ხერსონი! თქვენ გმირი ხალხი ხართ! თქვენ იყავით რვა თვეზე მეტი ოკუპაციის ქვეშ. სიახლეების გარეშე, კავშირის გარეშე, მოწყვეტილი უკრაინიდან.

ათასობით თქვენგანი გამოვიდა რაშისტების წინააღმდეგ აქციაზე. თქვენ არ იცოდით, ხედავენ თუ არა ამას უკრაინაში, იციან თუ არა ამის შესახებ. ოკუპანტებმა მოგატყუეს, რომ უკრაინამ მიგატოვათ და არ იბრძოლებენ თქვენთვის. მაგრამ თქვენ გჯეროდათ და ყველაფრის მიუხედავად დაელოდეთ. ხერსონი ჭურვის ნამსხვრევებითაა დაჩეხილი, მაგრამ მთავარია, ახალ წელს თავისუფლად და ერთად აღვნიშნავთ ლურჯი და ყვითელი დროშების ქვეშ. ასე რომ, ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე როგორც ჩერნიგოვს და ზაპოროჟიეს, კრამატორსკსა და ბახმუტს.

და მათ, ვინც ელოდება უკრაინას. და დაელოდება. დონბასი, ლუგანსკი, ყირიმი. მადლობა თქვენ, ჩვენო მეომრებო!

და, რა თქმა უნდა, კიევის ოლქი და კიევი – ჩვენი გული, რომელიც თქვენი წყალობით სცემს, ყველა უკრაინელის!

ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ. ერთი უკრაინა.

ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ შეცვალა მსოფლიო. და მსოფლიომ აღმოაჩინა უკრაინა. ჩვენ გვეუბნებოდნენ: კაპიტულაცია. ჩვენ ავირჩიეთ კონტრშეტევა! გვეუბნებოდნენ, რომ დათმობებზე და კომპრომისებზე წავსულიყავით. ჩვენ მივდივართ ევროკავშირსა და ნატოში.

მსოფლიომ გაიგონა უკრაინის ხმა. ევროპარლამენტი, ბუნდესტაგი, ბრიტანეთის პარლამენტი, ქნესეტი, აშშ-ის კონგრესი.

მსოფლიომ იგრძნო უკრაინა. უკრაინა მედიაში. ხალხის გულებში. Google ძიების ტოპებში.

მსოფლიომ დაინახა უკრაინა. ტორონტოს, ნიუ-იორკის, ლონდონის, ვარშავის, ფლორენციის, სიდნეის და სხვა ქალაქების მთავარ მოედნებზე.

უკრაინელები აოცებენ. უკრაინელებს ტაშს უკრავენ. უკრაინელები შთააგონებენ.

არის რამე, რამაც შეიძლება შეგვაშინოს?  – არა. არის ვინმე ვინც შეგვიჩერებს? – არა.

იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვართ.

აი, ამისთვის ვიბრძვით. თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩვენთვის საუკეთესო სალუტი ოკუპანტების საწყობებშია. საუკეთესო საჩუქარი – რიცხვებია გენერალური შტაბის მოხსენებაში.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი 2023 წელი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.

ახალი მიღწევები? – ბედნიერი ვიქნებით. ახალი დარტყმები? – ურყევი ვიქნებით. ბრძოლის გაგრძელება? –  ჩვენ ვიბრძოლებთ. და როცა გავიმარჯვებთ, ჩავეხუტებით ერთმანეთს.

ძვირფასო უკრაინელებო!

ახალ წლამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. მინდა ყველას ვუსურვო ერთი რამ – გამარჯვება. და ეს არის მთავარი. ერთი სურვილი ყველა უკრაინელისთვის.

დაე, ეს წელი იყოს დაბრუნების წელი. ჩვენი ხალხის დაბრუნების. მეომრების – მათ ოჯახებში. ტყვეების – საკუთარ სახლებში. დევნილების – უკრაინაში.

ჩვენი მიწების დაბრუნების. და დროებით ოკუპირებული მიწები სამუდამოდ თავისუფალი იქნება.

ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების. ბედნიერ წუთებში დაბრუნების, კომენდანტის საათის გარეშე. მიწიერი სიხარულებისკენ დაბრუნების – საჰაერო განგაშის გარეშე.

ჩვენგან მოპარულის დაბრუნების. ჩვენი შვილების ბავშვობის, ჩვენი მშობლების მშვიდი სიბერის დაბრუნების.

რომ არდადეგების დროს შვილიშვილები ბებიასთან და ბაბუასთან ჩავიდნენ, ხერსონში – საზამთროსთვის და ალუბლისთვის – მელიტოპოლში.

რომ ჩვენი ქალაქები თავისუფალი იყოს, ჩვენი მეგობრები – ერთგული.

და რომ მოხსენებებში, 100 ათასი განადგურებული მტრის რიცხვთან ახლოს, რუსული ტექნიკის ათასობით განადგურებულ ერთეულთან გამოჩნდეს ჩვენი მთავარი რიცხვი და მთავარი მიღწევა – 603 ათასი 628 კვადრატული კილომეტრი. დამოუკიდებელი უკრაინა, როგორც ეს იყო 1991 წლიდან. როგორც ეს ყოველთვის იქნება.

დაე, ახალმა წელმა მოიტანოს ეს ყველაფერი. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის. აი, რატომ არის ყოველი ჩვენგანი აქ.

მე აქ ვარ. ჩვენ აქ ვართ. თქვენ აქ ხართ. ყველა აქ არის. ჩვენ ყველა ვართ უკრაინა.

დიდება უკრაინას!“

მასალების გადაბეჭდვის წესი