კომენტარი

სააკაშვილი ზელენსკიზე, მოწამვლაზე, ოდესაში დაბრუნების სურვილსა და ომზე [ინტერვიუ]

30 დეკემბერი, 2022 • 15661
სააკაშვილი ზელენსკიზე, მოწამვლაზე, ოდესაში დაბრუნების სურვილსა და ომზე [ინტერვიუ]

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ინტერვიუს კითხვები სააკაშვილს მისმა ახლო მეგობარმა გადასცა კლინიკაში, ხოლო პასუხები დაწერა თავად სააკაშვილმა და ნაწილობრივ მისმა მეგობარმა, „ვინაიდან სააკაშვილს წერაც კი უჭირს“.

„ნეტგაზეთი“ სრული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.


– როგორ გრძნობთ თავს, რა პირობებში გამყოფებენ? გიწევენ თუ არა სამედიცინო დახმარებას?

ვიმყოფები კლინიკაში, სადაც ექიმები მაქსიმალურად მეხმარებიან მათთვის ძალიან რთულ პირობებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათთან ყოველდღიურ საუბარს ატარებს და ყოველ ჯერზე, როცა მედდა ჩემთან უნდა შემოვიდეს სრულიად ჩვეულებრივი რამისთვის (მაგალითად, ტაბლეტის მოსაცემად), მას ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს დღეში 30-ჯერ ხდება.

ჩემი „პალატის“ ფანჯრები დაწებებულია სქელი აპკით და მზის სხივი უკვე შვიდი თვეა არ მინახავს. ცოტა ხნის წინ, როცა მძიმე ჰიპერტონიული კრიზი მქონდა, ციხის ბადრაგებმა არ მისცეს ნება [ექიმებს – „ნეტგაზეთი“], რეანიმაციულ განყოფილებაში გადავეყვანე.

– თქვენ საუბრობდით მძიმე მეტალებით მოწამვლაზე. ვისთვის შეიძლებოდა ეს მომგებიანი ყოფილიყო და როგორ და როდის მოხდა ეს?

ჩემი მოწამვლა უტყუარადაა დამტკიცებული ორი ამერიკული ლაბორატორიისა და წამყვანი ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დეივიდ სმითის მიერ.

რაღა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს პუტინისთვის იყო მომგებიანი, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ აღმოჩნდა, სრულიად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა.

მოწამვლა მოხდა „ციხის საავადმყოფოში“ ძალადობრივი გადაყვანისას, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და, როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაულია, რომ არ მოვკვდი. თუმცა მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა.

თუ დაპატიმრებისას 120 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა 72-ს ვიწონი.

– გეხმარებიან თუ არა დღეს დასავლელი პოლიტიკოსები? რა შეუძლიათ უფრო ეფექტიანად აკეთონ თქვენი გადარჩენისთვის?

ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან გააქტიურდნენ. ევროპარლამენტმა ჩემს მოწამვლასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, ევროკომისია ძალიან აქტიურია. პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჩამოფრინდნენ საქართველოში ჩემს გასათავისუფლებლად. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გააკეთა რამდენიმე განცხადება. იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, ეს მხოლოდ დასაწყისია.

თუმცა მთავარი ჩემთვის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება იყო. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მისი სიტყვა უფრო ფასობს, ვიდრე ბევრი მსოფლიო პოლიტიკოსის. ქართველები მას უბრალოდ აღმერთებენ. ასევე, ეს იყო ჰუმანიზმის უმაღლესი აქტი უკრაინისთვის ძალიან რთულ დროში.

– არ ნანობთ საქართველოში წასვლის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც დაპატიმრება და ასეთ პირობებში ყოფნა მოჰყვა?

ვნანობ არა დაპატიმრებაზე, არამედ იმაზე, რომ უკრაინაში ვერ ვარ და ვერ ვიღებ ამ ომში აქტიურ მონაწილეობას.

ვიღვიძებ უკრაინასთან, ვიძინებ უკრაინასთან და მთლიანობაში, ვარსებობ უკრაინით.

– იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს თქვენდამი განსაკუთრებით „რბილი“ დამოკიდებულება აქვს, სად უფრო იგრძნობდით თავს უსაფრთხოდ – უკრაინაში თუ ქართულ ციხეში?

ქართულ ციხეში მე პუტინის პირადი ტუსაღი ვარ. ბადრაგები ხშირად უფრო ცუდად მექცევიან, ვიდრე ექცევიან ხალხს, მაგალითად, ლეფორტოვოში [ციხე მოსკოვში – ნეტგაზეთი].

ამავე დროს, საქართველოში ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემ მიმართ დადებითადაა განწყობილი. ამას ვგრძნობ მშობლების, შვილების და მეგობრების მონაყოლიდან. უსაფრთხოებას არ ვეძებ. უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი და თავს ძალიან ბედნიერად ვიგრძნობდი.

– გჯეროდათ თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრის? რამ გაგაკვირვათ ამ ომში ყველაზე მეტად?

მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც წლების წინ იწინასწარმეტყველა ეს შეჭრა, მათ შორის მისი მთავარი მიმართულებები. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი წინა გამოსვლები. ოღონდ, არ მჯეროდა, რომ კიევის შესატევად [პუტინი – ნეტგაზეთი] ასეთი პატარა ძალებით წავიდოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი ისტორიაში, რომელმაც იგივე 300 სპარტელის გმირობა ასზე გაამრავლა.

– როცა უყურებთ, თუ როგორ ეხმარება მსოფლიო უკრაინას, ხომ არ უსვამთ საკუთარ თავს კითხვას, „სად იყვნენ ისინი 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდა?“

მსოფლიომ გაკვეთილი ისწავლა და ძალიან კმაყოფილი ვარ დასავლური დახმარების მოცულობით, განსაკუთრებით -შემდეგი წლისთვის. 2008 წელს ჩვენი სახელმწიფო ამერიკამ იხსნა. არ გვაქვს საწუწუნო.

– რა მსგავსება და კარდინალური განსხვავებაა უკრაინის 2022 წლის და საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შორის?

მზადება მსგავსი იყო, მაგრამ მასშტაბებით ეს სხვადასხვა რაღაცებია.

რა აერთიანებს? დასავლელი მეგობრები, პუტინის მოწოდებით, ევაკუირებისკენ მომიწოდებდნენ. უარი ვუთხარი, როგორც ზელენსკიმ, და გადავწყვიტე მებრძოლა. სარკოზის იგივე ფრაზა ვუთხარი, რაც ზელენსკიმ ევროპელ სტუმრებს შეჭრამდე – დედაქალაქის დატოვებას არ ვაპირებ, სულაც რომ ბოლოჯერ ვნახულობდეთ ერთმანეთს.

– რატომაა შესაძლებელი საქართველოს ასეთი ნეიტრალური პოზიცია და რად უღირს ეს რუსეთს?

ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია, ნეიტრალიტეტი ასეთ ომში არ შეიძლება იყოს. გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს სერგეი კირიენკო [იხილეთ: ჩამოვიდა თუ არა საქართველოში პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი? — რას ამბობს ქართული მხარე], თუ უკვე არ ჩამოვიდა – ამ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს. რუსი ჩინოვნიკები და პროპაგანდისტები მუდმივად აქებენ ხელისუფლებას, რომ ციხეში მამყოფებენ. საქართველო ოფიციალურად ამოიღეს რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნების სიიდან, სადაც თითქმის ნახევარი მსოფლიო შედის…

საქართველოში ოფიციალურად მოქმედებენ რუსული პროპაგანდისტული არხები, მათ შორის ქართულ ენაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ერთი განცხადებითაც არ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა მუდმივად, დამცინავად საუბრობს უკრაინაზე და მის მთავრობაზე. ნეიტრალიტეტთან ახლოსაც კი არაა.

საქართველოს ხელისუფლება არა მარტო ზელენსკის, არამედ აშშ-საც სდებს ბრალს, რომ თითქოს სპეცოპერაციით და ომის დაწყების დავალებით გამომაგზავნეს. ეს ცხადად აჩვენებს ვექტორს.

და საერთოდ, რა ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ, როცა საშობაო სოფელს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ოფიციალურად უწოდეს „რუსული სოფელი“? [„რუსული სოფლის“ შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა]

– რატომ არ აქვთ ქართველებს რუსეთიდან მობილიზებული ლტოლვილებისადმი უარყოფის გრძნობა?

ქართველებს ძალიან არ სიამოვნებთ რუსეთიდან ჩამოსულთა დიდი ტალღა, იმ დონემდე, რომ ხელისუფლებას სურდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეწესებინა რუსოფობიური გამონათქვამებისთვის და მოქმედებებისთვის [ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“ — კობახიძე რუსებისთვის ვიზების დაწესებაზე].

განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ინგლისურზე შევსვი და რუსულის სწავლის ვალდებულებისგან გავათავისუფლე, ღია ამრეზს ავლენს რუსეთიდან ჩამოსულების მიმართ.

– რომ არ წასულიყავით უკრაინიდან და თებერვალში კიევში ყოფილიყავით, ახლა რას გააკეთებდით? როგორ ხედავთ თქვენს მონაწილეობას ამ ომში სხვა გარემოებებში?

უპირველეს ყოვლისა, ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელიც ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე მგონია. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი ნერვულად ეწევიან. მოვივლიდი მთელ მსოფლიოს, გამოვიყენებდი ჩემს კავშირებს უკრაინის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის.

ვივლიდი ფრონტის წინა ხაზზე, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს და დაბადების დღე მომილოცეს, მაგრამ მე წამითაც არ მავიწყდება, რომ უკვე 35 მათგანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბახმუტის ფრონტზე. ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარიც დაიღუპა ან დაიჭრა.

ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პატიოსანი ადამიანი, ჩემი თანაშემწე ვლადიმერ ჩავრიგი ხერსონთან დაიღუპა. ჩემმა ერთადერთმა პირადმა მცველმა და უბრალოდ მეგობარმა, მიშა ბატურინმა, ბახმუტთან მძიმე ჭრილობა მიიღო. ასეთ ფასს იხდის უკრაინა და ყველა ჩვენგანი.

თავს ასი პროცენტით უკრაინელად ვგრძნობ და  აქამდე ამით ასე არასდროს მიამაყია.

– გაქვთ თუ არა ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლებთან? თუ კი, ვისთან?

მუდმივი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტის ოფისთან, რომელიც სუპერეფექტიანად მუშაობს. მინისტრებთან – მიხაილ ფედოროვთან, ალექსანდრ კუბრაკოვთან, „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელ ალექსეი ჩერნიშოვთან, რადას დეპუტატებთან, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელ დავით არახამიასთან.

საერთოდ, ზელენსკის ახლა იდეალური საომარი კაბინეტი აქვს, ერმაკის ხელმძღვანელობით.

– რით დასრულდება ეს ომი უკრაინისთვის და საქართველოსთვის? რა იქნება რუსეთის მარცხი და უკრაინის გამარჯვება?

ომი დასრულდება რუსეთის სრული მარცხითა და დაშლით.

გამარჯვების კონკრეტული პარამეტრების ფორმულირება მოახდინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თუ გამარჯვებამდე (მჯერა, რამდენიმე თვეში) ვიცოცხლე, ოდესაში დაბრუნება მინდა – ზღვით ტკბობა და მეგობრების გამასპინძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი