კომენტარი

პუტინის განცხადება ბირთვულ იარაღზე ძველი პოზიციებიდან უკან დახევაა – ავსტრალიელი გენერალი

9 დეკემბერი, 2022 • 905
პუტინის განცხადება ბირთვულ იარაღზე ძველი პოზიციებიდან უკან დახევაა – ავსტრალიელი გენერალი

ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი, მიკ რაიანი რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ „ბირთვული ომის საფრთხეზე“ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ თუ პუტინი გულწრფელია, მაშინ ეს განცხადებები პოზიტიურ განვითარებად უნდა შეფასდეს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მართალია „ბირთვული ომის საფრთხე იზრდებოდა, მაგრამ რუსეთი „არ გაგიჟებულა“ და არ გამოიყენებს ამ ტიპის იარაღს პირველი“.

მისი განცხადებით, რუსეთი ამგვარ იარაღს მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენებს.

„ჩვენ არ გავგიჟებულვართ და კარგად ვიცით თუ რაც არის ბირთვული იარაღი… არ ვაპირებთ ამ იარაღის მთელი მსოფლიოსთვის სამართებელივით ტრიალს“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე.

პუტინის თქმით, უკრაინის ომი „ხანგრძლივი პროცესია“.

რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის, ასევე რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმების განცხადებით, უკრაინის ომი რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი გაიწელა, ხოლო უკრაინულმა ჯარმა მოახერხა ხერსონის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილების გათავისუფლება, რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ საუბარს მოუხშირა.

პუტინის  შემდეგ, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ამ მომენტისთვის ბირთვული საფრთხე არიდებულია“.

ავსტრალიელი გენერლის თანახმად, პუტინის ეს განცხადება მის მიერ წარსულში დაფიქსირებული პოზიციებიდან უკან დახევაა.

„ამჟამად მას აქვს მინიმალური სივრცე მანევრირებისთვის. ბირთვული იარაღის რუსეთის, როგორც პირველი მოქმედი ძალის მიერ გამოყენების გამორიცხვით, ის ამცირებს ნატო-ს მიერ უკრაინის ომში პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობას“, – აცხადებს გენერალი და ასევე დასძენს, რომ პუტინი ამ განცხადებით ასევე ამსუბუქებს რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის ნარატივსაც.

ავსტრალიელი გენერალი ასევე ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, პუტინს წარუდგინეს მოდელირება, რომელმაც აჩვენა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას დიდი საბრძოლო შედეგი არ მოჰყვებოდა.

„[მას აჩვენეს, რომ] ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ექნებოდა მინიმალური ეფექტი ბრძოლის ველზე მაგრამ ამას მოჰყვებოდა დიდი, გრძელვადიანი სტრატეგიული შედეგები რუსეთისა და მისი მეზობლებისთვის“, – აცხადებს გენერალი.

მიკ რაიანის თანახმად, განცხადება, რომ უკრაინის ომი „ხანგრძლივი პროცესია“ კარგადაა გათვლილი კონკრეტულ აუდიტორიაზე.

მისი განცხადებით ასეთი სამი აუდიტორია არსებობს, პირველ რიგში რუსეთის მოსახლეობა, რომელთაც პუტინი ამზადებს მომავალი მოვლენებისთვის, შესაძლოა ახალი მობილიზაციებისთვისაც; რუსი ძალოვნები – რომელთაც პუტინი ამ განცხადებით ეუბნება, რომ ის ომის მოგებას აპირებს და დასავლეთის მოსახლეობა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. გენერლის განცხადებით, „ის ევროპელებს ეკითხება, ღირს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა მაღალ ინფლაციად და ენერგიაზე გაზრდილ ფასებად“.

გენერლის განცხადებითვე, დასავლური სახელმწიფოები არ უნდა დაჰყვნენ შანტაჟს და უნდა გააგრძელონ უკრაინის დახმარება.

მიკ რაიანი არის ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი, არმიაში 35-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, ამჟამად „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ანალიტიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი