კომენტარი

ფონ დერ ლაიენის მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის | თეონა ლავრელაშვილი

16 სექტემბერი, 2022 • 1702
ფონ დერ ლაიენის მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის | თეონა ლავრელაშვილი

14 სექტმებერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროპაშია და მათ გარეშე ევროკავშირი სრულყოფილი არაა. 

ლუვენის უნივერსიტეტში (KU Leuven) ევროპის პოლიტიკური პარტიების პროგრამის მენეჯერი და მიწვეული ლექტორი, თეონა ლავრელაშვილი ნეტგაზეთთან აფასებს ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლას და ამბობს, რომ მისი წინადადება ისტორიულია და  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას სამეზობლოს მიმართ, კერძოდ, ასოცირებული ტრიოს მიმართ ცვლილებას ნიშნავს.

 გთავაზობთ  თეონა ლავრელაშვილის კომენტარს.


ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ვონ დერ ლეიენის 14 სექტემბრის ყოველწლიურ გამოსვლას ევროპის პარლამენტში ფართოდ აფასებენ, როგორც „გეოპოლიტიკურ გამოსვლას“, რომლის მიზანი იყო ევროკავშირის პოლიტიკური და ღირებულებითი ხედვის წარმოჩენა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

ვფიქრობ, ამ სიტყვით პრეზიდენტს ასევე სურდა, ევროკავშირის ერთიანობის წარმოჩენა რუსეთის აგრესიის ირგვლივ, რაც გამოიხატა ევროკავშირის უპრეცედენტო ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაში. ამ სიტყვით მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის მიმართ არის არა მხოლოდ ომი ერთ ქვეყანზე, ეს არის სისტემური ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის. ვფიქრობ, ამ სიტყვაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა.

პირველად მოხდა, რომ ევროკავშირის პრეზიდენტი ასეთი მაღალი დონის ტრიბუნიდან იყენებს ფრაზას, რომელიც გვესმოდა მხოლოდ გაწევრიანების გზაზე მყოფი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. კერძოდ, რომ ევროკავშირი ვერ იქნება მთლიანი, თუკი არ მოხდება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს გაწვერიანება.

მე ვიტყოდი, რომ ეს არის ისტორიული წინადადება, რაც პრინციპში ნიშნავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას სამეზობლოს მიმართ, კერძოდ, ასოცირებული ტრიოს მიმართ. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მოიაზრება არა როგორც სამეზობლო, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგომ ქვეყნებად.

ჩვენ გვახსოვს, რომ თუკი აღმოსავლეთ პარტნიორების პროგრამის ფარგლებში გაფართობის პერსპექტივა პროგრამის არცერთ ქვეყანას არ ჰქონია და უფრო მეტიც, ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები გამორიცხავდნენ კიდეც ამ პერსპექტივას, ახალ რეალობაში უკრაინა და მოლდოვა არიან კანდიდატი ქვეყნები, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და იმედი მაქვს, რომ ჩვენც უახლოეს პერიოდში (1 წლის ვადაში) მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რაც დიდწილადაც დამოკიდებულია საქართველოში შიდაპოლიტიკურ პროცესებზე და გარკვეულწილად, აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე.

ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა იდეა იმის თაობაზე, რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზარს, რაც გულისხმობს ცნობილი 4 თავისუფლების მინიჭებას (თავისუფალი მიმოსვლა, საქონლის გადაადგილების, პირთა გადაადგილების, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას). თუმცა ამ იდეის წინ წამოწევა მიანიშნებს, რომ უკრაინის უშუალოდ ევროკავშირში წევრობა არის შორეული პერსპექტივა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მრავალჯერ იქნა ნახსენები, ასევე, ვიზუალურად მკაფიოდ იყო წარმოჩენილი (პრეზიდენტის სამოსი უკრაინის დროში ფერებში, ასევე, უკრაინის პირველი ლედის მიწვევა საპატიო სტუმრის რანგში), უკრაინის კანდიდატის სტატუსი და წევრობის პერსპექტივა არ იყო ნახსენები. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საქართველოში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებაც, რომ ავირიდოთ ცრუ მოლოდინები ევროკავშირში გაწევრიანების უახლოესი პერსპექტივების შესახებ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა, სამოქალაქო და კვლევითმა ორგანიზაციებმა უნდა დაიწყოს სისტემური დისკუსია, თუ როგორ დაჩქარდეს სექტორული ინტეგრაცია და ე.წ. ფაზური გაწევრიანება. ასევე უნდა ჩავერთოთ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური გაერთიანებით იდეის განვითარებაში. ეს არ გულისხმობს წევრობის ალტერნატიულ მოდელებს, არამედ დამატებით საშუალებებს ევროკავშირში საქართველოს ფუნქციური გაწევრიანებისათვის.

ასევე მნივშენლოვანია აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გამოსვლების შინაარსი მიუთითებს, რომ ევროკავშირისთვის საგარეო პოლიტიკა უფრო პრიორიტეტული და მტკიცე ხდება, ხოლო მეორე მხრივ, დგება აუცილებლობა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ევროკავშირის გაფართოების ირგვლივ. კერძოდ, გადაწყვეტილებები მიღებულ იყოს არა კონსენსუსის საფუძველზე, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით.

ამ და სხვა საკითხების განსახილველად (რომელიც ევროპის მომავლის კონფერენციის ფარგლებში შემუშავდა ევროკავშირის მოქალაქეების მიერ) პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის კონვენციის მოწვევას, რასაც შესაძლოა, ორგანიზაციის ფუნქციონირების ფუნდამენტური ცვლილებები მოჰყვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირს განსკუთრებით რთული პერიოდი აქვს, რაც პირველ რიგში უკავშირდება ენერგორესურსებზე ფასების ზრდას. ასევე, დემოკრატიის უკუსვლას წევრ ქვეყნებში, კერძოდ- პოლონეთსა და უნგრეთში. ამ მხრივ პრეზიდენტმა ერთგვარი კრიტიკა დაიმსახურა, რომ ნაკლები ყურადღება დაუთმო კონკრეტული ზომების მიღებას, რომ შეჩერდეს ამ ორი ქვეყნის დემოკრატიული რეგრესი. ასევე გრძელდება შიდაინსტიტუციური ბრძოლა, მაგალითად, ევროპარლამენტს სურს მეტი ფუნქციები და ჩართულობა საკანონმდელო პროცესში.

ამ რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელსაც ემატება ღირებულებითი ომი დემოკრატებსა და ავტოკრატებს შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება დაასრულოს პოლარიზაცია, იმუშაოს დემოკრატიის განვითარების კუთხით და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისაკენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში საქართველო მოიხსენია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგომ ქვეყნად, რაც ძალიან პოზიტიური გზავნილია, თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს პროცესი იქნება გრძელი, მისი წარმატება დამოკიდებული იქნება საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე.

ამ თემაზე გირჩევთ:

მინდა, უკრაინელებმა, მოლდოველებმა და ქართველებმა იცოდეთ, ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ – ლაიენი

მასალების გადაბეჭდვის წესი