ახალი ამბები

მინდა, უკრაინელებმა, მოლდოველებმა და ქართველებმა იცოდეთ, ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ – ლაიენი

14 სექტემბერი, 2022 • 1039
მინდა, უკრაინელებმა, მოლდოველებმა და ქართველებმა იცოდეთ, ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროპაშია და მათ გარეშე ევროკავშირი სრულყოფილი არაა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მეორე მსოფლიოს შემდეგ შექმნილი საერთაშორისო სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, სამართლიანობას და ეკონომიკურ პროგრესს, დღეს რუსული რაკეტების სამიზნედ იქცა.

ლაიენის თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არა მხოლოდ საერთაშორისო წესების დარღვევაა, არამედ მათი გაუქმების მიზანმიმართული მცდელობა. მისი თქმით, ეს გლობალურ პოლიტიკაში წყალგამყოფი მომენტია, რომელიც ევროკავშირისგან მოითხოვს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გადახედვას.

როგორც ლაიენმა განაცხადა, დროა, რომ ინვესტიცია ჩადონ დემოკრატიულ ძალებში და ეს უნდა დაიწყონ მთელ მსოფლიოში თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად.

„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს ერთი თვალით და უნდა მოვახდინოთ კოლექტიური ძალის მობილიზება. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ დემოკრატიების გაფართოებისკენ. ამისათვის საუკეთესო გზა ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერებაა.

ეს იწყება იმ ქვეყნებით, რომლებიც უკვე დგანან ჩვენი კავშირის გზაზე. ამ გზის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიყოთ, რადგან გზა დემოკრატიის გაძლიერებისკენ და გზა ჩვენი კავშირისკენ ერთი და იგივეა.

ასე რომ, მინდა, დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხმა იცოდეს, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე!“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე საუბრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ომიდან ერთი გაკვეთილია – უნდა მოესმინათ მათთვის, ვინც პუტინს იცნობს.

„ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც ამხილეს დანაშაულები და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე ბელარუსის ოპოზიციისთვის.

ჩვენ უნდა მოგვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით – პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი