კომენტარი

“მეტი პასუხისმგებლობა მთავრობაზეა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ მეორე მხარე საერთოდ არაა დამნაშავე” – ლინკევიჩუსი

9 სექტემბერი, 2022 • 1871
“მეტი პასუხისმგებლობა მთავრობაზეა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ მეორე მხარე საერთოდ არაა დამნაშავე” – ლინკევიჩუსი

რა შანსი აქვს საქართველოს, დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე? აამაღლა თუ არა რუსეთის ომმა უკრაინაში კონსენსუსი ევროკავშირის მომავალ გაფართოებაზე? რამდენად მაღალია უკრაინით გადაღლის საფრთხე ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების ზრდის და ინფლაციის ფონზე? — ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ ესაუბრა ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს, რომელიც თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

— საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მიიღო EU კანდიდატის სტატუსი. ლიეტუვასაც კი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია წლების განმავლობაში, პროაქტიული პოზიცია არ დაუფიქსირებია, რომ ივნისშივე მიენიჭებინათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი? რით აიხსნება ეს?

— ყველა ასეთი გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. კონსენსუსი არ იყო. ჩემი რჩევა იქნება, პოზიტიურად მიიღოთ ეს. საქართველოს მიეცა ევროპული პერსპექტივა და ძალიან კონკრეტული საგზაო რუკა, რა უნდა გაკეთდეს. რეკომენდაციები სერიოზულად უნდა შესრულდეს. არ არის საჭირო თვითგვემა და ხელმოცარულად თავის მიჩნევა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მიმართულებით. ყოველთვის იყო მოწინავე ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. მართალია, არც ისე ბევრ მოასპარეზეს შორის, მაგრამ მაინც ნუ უარვყოფთ ამ მიღწევებს. საქართველოში ერთგვარი ტრადიციაა მოლოდინების აწევა და შემდეგ დამარცხება. ეს მახსენებს MAP-ის ისტორიას.

ჩემი აზრით, მოლოდინების აწევა საჭირო არ იყო. როგორც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს — გაწევრიანების დაპირება, მხარდაჭერის პაკეტი, ერთობლივი კომისია ნატო-სთან. ვადარებ ლიეტუვას და ჩვენ არასდროს არ გვქონია მსგავსი დაპირებები. მახსოვს, 2000 წელსაც კი (ლიეტუვა ნატოში 2004 წელს გაწევრიანდა – ნეტ.) მომავალი მოკავშირეები მეუბნებოდნენ, რომ ლიეტუვა ვერასდროს გახდებოდა ნატოს წევრი. ეს იყო ჩვენი წახალისება. საქართველოში ცოტა განსხვავებულადაა. მოდით, გამოადნეთ ამ შედეგისგან რამე პოზიტიური — პოლიტიკური სპექტრის ერთობა ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად. ეს იქნებოდა ძალიან პოზიტიური სიგნალი. აქამდე სიგნალები ძალიან კონფლიქტურია. ჩვენ მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას შურისძიების განწყობაზე ოპოზიციის დასჯის შესახებ. ეს არ არის კარგი. იგივე უნდა ითქვას მესამე პრეზიდენტზე. ჩემი შესაფასებელი არ არის, დამნაშავეა ის თუ არა. მაგრამ როდესაც ქვეყნის ყოფილ ლიდერს ასე ექცევიან, აღქმებს ყოველთვის ახლავს გარკვეული ეჭვები.

ჩემი რეკომენდაციაა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეძლონ თანამშრომლობა და ფოკუსირება 12 პუნქტზე. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესიდან ამოსვლა.

— მაგრამ მთავრობას და ოპოზიციას განსხვავებული ინტერპრეტაციები აქვთ იმასთან დაკავშირებითაც კი, თუ რას ითვალისწინებს ეს 12 რეკომენდაცია. მაგალითად, დეოლიგარქიზაცია პერსონალურად მიემართება თუ არა ბიძინა ივანიშვილს?

— მე არ ვისაუბრებ სახელებზე და გვარებზე. ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც, შეიძლება, სახელების გარეშე უფრო მარტივი იყოს საუბარი. გასაგებია, რომ წარმოდგენაში სხვადასხვა პიროვნება ეყოლებათ, მაგრამ ზოგად ყველამ უნდა შეძლოს შეთანხმება ზოგად პრინციპზე, რომ ოლიგარქების გავლენა არასწორია. დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო, როცა ვინმეს, ვინც არ არის არჩეული, აქვს გავლენა არჩეულ ინსტიტუტებზე ან მართავს ჩრდილიდან. შესაძლოა, საჭიროა ლეგალური ბერკეტების სისტემა ამის პრევენციისთვის მომავალში.

— როგორ წარმოგიდგენიათ ეს თანამშრომლობა? ხელისუფლება ამ კონფერენციასაც კი არ ესწრება…

— ძალიან ცუდია რომ არ ესწრება, ისევე, როგორც ცუდია, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. ორივემ უნდა შეიცვალოს ეს ურთიერთდამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებაზეა. მაგრამ ვერ იტყვი, რომ მეორე მხარე საერთოდ არ არის დამნაშავე. ასე არ ხდება.

მე მახსოვს, წლების წინ ამ კონფერენციაზე მაშინ მთავრობის სახელით ვსაუბრობდი, ოპოზიცია იყო ოთხში და ვთქვი, თქვენ ხედავთ, ისინი აქ სხედან. მშვენიერი იქნებოდა მათი ციხეში ჩასმა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, როგორც ოპოზიციას უნდა მოექცე. ასევე, თქვენ არ შეგიძლიათ დაბრკოლებები შეუქმნათ მთავრობას მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენგან განსხვავებულია და უნდა დაელოდოთ შემდეგ არჩევნებს.

ახლა უფსკრული საკმაოდ ღრმაა და ეს პრობლემა ხდება საქართველოსთვის. ძალიან ბევრი დრო იკარგება. ურთიერთთანამშრომლობა პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს. თქვენ უნდა იაროთ სტრატეგიული მიზნებისკენ ერთად, რაც არ კეთდება. არასდროს, ეს არ ყოფილა ტრადიცია ამ ქვეყანაში და ეს უნდა დაძლიოთ. ვიღაცამ უნდა ითავოს წინამძღოლობა და ეს უნდა იყოს საქართველოდან და არა გარედან. ვიცი, რომ სათქმელად ადვილია და შესასრულებლად ძნელი, მაგრამ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.

— ახლა რა შანსები აქვს საქართველოს, დაეწიოს მოლდოვასა და უკრაინას? როდისთვის ვარაუდობთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას და საბოლოო წევრობას ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის?

— ეს შესაძლებელია. თუ ევროკავშირის პირობები შესრულდება, ყველა შანსი ადგილზეა. ჩვენ ვიქნებით იმ მხარდამჭერებს შორის, იმიტომ რომ ტრადიციულად მხარს ვუჭერთ საქართველოს. მე რაც მახსოვს მეოთხედი საუკუნეა თბილისში ვმოგზაურობ, ვხვდები ყველა მთავრობას და ვცდილობ გავიმეორო, რომ ჩვენ არ ვართ რომელიმე კონკრეტული პარტიის მეგობარი, ჩვენ ვართ საქართველოს მეგობარი. და ვცდილობთ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებაში. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ქართველების გადაწყვეტილება და იგი გაზიარებულია თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ.

— კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებამ ბოლო პერიოდში ისედაც დაძაბული ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის კიდევ უფრო გაამწვავა. „ქართული ოცნება“ აწარმოებს პროპაგანდას, რომ დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა. რას ფიქრობთ ამ ბრალდებებზე?

— ომის საფრთხის ნაწილში ყოველთვის საქართველოს მხარეს ვიქნები, იმიტომ რომ ეს ძალიან დელიკატური საკითხია. ჩვენ ყველას გვესმის, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა უკრაინაში, როგორც იქცევა რუსეთი იმ სახელმწიფოებში, რომელიც იმპერიის უკანა ეზოდ მიაჩნია, საქართველოც უნდა გადარჩეს და მოახერხოს ბალანსირება. მას არ შეუძლია მიიღოს ზომები, სანქციები და გადადგას ნაბიჯები ისე მკვეთრად, როგორც ვისურვებდით. ეს შეიძლება რთული იყოს. მე მესმის, იმიტომ რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს მორიგი კონფლიქტის პროვოცირებას, მათ შეიძლება გამოიგონონ მიზეზი, ვინ დაიცავს საქართველოს?

— საქმე იმაშია, რომ „ოცნება“ არა — რუსეთს, არამედ დასავლეთს ადანაშაულებს საქართველოს ომში ჩათრევაში…

— არ მგონია, რომ ეს მართალია, პირიქით. ვინ აკეთებს ამას? იქნებ რომელიმე პოლიტიკოსი, მაგრამ არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მთავრობები ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას. არა, არასოდეს.

— ზოგადად, როგორ აფასებთ ურთიერთობის იმ ხარისხს, რომელიც ამჟამად საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის არსებობს?

— ურთიერთობები ნამდვილად გართულებულია ნდობის ნაკლებობის გამო. რწმენის არქონის გამო, რომ საქართველო ნამდვილად ასრულებს ვალდებულებებს. აქვს კი ადგილი მედიის თავისუფლების გაუმჯობესების ძალისხმევას? ეს არ ჩანს. ბევრი კითხვის ნიშანია. ურთიერთობები შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან დღეს. ვისაუბრეთ 12 პირობის შესრულების მნიშვნელობაზე. უკრაინასაც აქვს რეკომენდაციები და მიუხედავად ომისა, რაც ართულებს რეფორმების გატარებას, მათაც უნდა შეასრულონ რეკომენდაციები. არავინ უტყვის უარს ისეთ ამოცანებზე, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, რეფორმების მდგრადობა. პროგრესი დარეგისტრირებული უნდა იყოს კომისიის მიერ, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები.

— რუსეთის ომმა უკრაინაში იმოქმედა კონსენსუსის ზრდაზე ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით?

— ვისურვებდი, რომ გაეზარდა, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ყველა ჩემი კოლეგა არ არის გულახდილი და საკმარისად ღია. ზოგიერთს არ სჯერა, რომ ეს მიღწევადია პროგნოზირებად მომავალში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციის მომხრე, განსაკუთრებით ეს ასოცირებულ ქვეყნებს ეხება. ამას დროს სჭირდება. თარიღებზე საუბარი არ იქნებოდა სწორი. უმჯობესია, ვისაუბროთ მიღწევად მიზნებზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოძრაოთ მიზნისკენ, რომელიც შეუქცევადია.

— ზამთარი მოდის. მზადაა ევროპა შესაძლო ენერგოკრიზისთან, ფასების ზრდისა და ინფლაციით გამოწვეული საკუთარი მოქალაქეების უკმაყოფილებასთან გასამკლავებლად? გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ დიდი დემონსტრაცია პრაღაში… რამდენად გამოიწვევს ეს უკრაინით გადაღლას და მისი მხარდაჭერის შემცირებას?

— იქნება გარკვეული დაძაბულობები, გაღიზიანება და პროტესტი, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებებში, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე. უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა ან ყოყმანი იმის გამო, გაზზე ან ელექტროენერგიის ფასები იმატებს, არჩევანი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა ესაუბრონ საკუთარ მოსახლეობას, რომ ფასები მოიმატებს, რთული იქნება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. საერთო ჯამში, მჯერა არსებობს გაგება, შეთანხმება რომ უნდა გაგრძელდეს მხარდაჭერა. უბრალოდ კი არ ვისურვებდი, რომ ეს ასე იყოს არამედ ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად ასეა.

— თქვენი ხედვით, რა იქნება ამ ომის გრძელვადიანი შედეგი?

— იქნება რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, უკრაინის ტერიტორია უნდა გაიწმინდოს აგრესორებისგან. ეს იქნება მნიშვნელოვანი გამარჯვება. შემდეგ კი შედეგები უნდა მოჰყვეს რუსეთის შიდა პოლიტიკაში. თუ უკრაინამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, დასავლეთის დახმარებით, საკუთარი ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მოსკოვის „აღება“ უკვე რუსების საქმეა. საქმე არა პოლიტიკური ლიდერების, არამედ მთლიანად რუსეთის პოლიტიკის შეცვლას ეხება. თუ არ წააგებენ, არაფერს შეცვლიან. დასავლეთმაც უნდა გაითავისოს, რომ თუ პაუზას აიღებენ, ეს არ ნიშნავს მშვიდობას. ეს იქნება პაუზა ბრძოლამდე, შემდეგ აგრესიულ ფაზამდე იმპერიის უკანა ეზოში (როგორც თვითონ მიიჩნევენ), მაგალითად, მოლდოვაში ან საქართველოში. თუ რუსეთი არ დამარცხდა, ასეთი საფრთხე არსებობს. ამიტომ ისინი მტკივნეულად უნდა დამარცხდნენ. სხვა შემთხვევაში არ იქნება ცვლილებები

— ანუ, რეჟიმის შეცვლა რუსეთში მხოლოდ რუსების საქმეა და დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს?

— არავინ მოვა გარედან და შეცვლის რეჟიმს. ეს უნდა გაკეთდეს რუსების მიერ. მაგრამ, მეორე საკითხია, სად გადის მოთმინების ზღვარი. რუსული საზოგადოება დასნეულებულია ტოტალურად ტვინების რეცხვის და პარალელურ რეალობაში ცხოვრებით. ეს არა ერთი ან ორი, არამედ მრავალი წლის შედეგია და ჭრილობებისგან განკურნებასაც დრო სჭირდება. რუსეთის საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ რაღაც წესრიგში არ არის მათ ქვეყანაში. დღეს ეს გაგება არ არსებობს. არ არის გაზიარებული უმრავლესობის მიერ. ისინი ფიქრობენ, რომ სწორ რამეს აკეთებენ — იცავენ საკუთარ ქვეყანას, რომელსაც არავინ ეხება. ეს მათ უნდა დაანებონ თავი სხვებს.

რაღაცამ უნდა აგრძნობინოს რუსეთის მოქალაქეებს, რომ ყველაფერი რიგზე არაა. ვიზების შეზღუდვა იქნება სიგნალი. არ მგონია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვა გადაჭრის პრობლემას, რადგან უმრავლესობა არ მოგზაურობს. მაგრამ მათთვის, ვინც ელიტას ეძახიან თავს, — მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, — მტკივნეული იქნება. რაღაც შეიცვლება მათ ყოველდღიურობაში. იმიტომ რომ სხვა მხრივ დიდ ცვლილებებს ვერ გრძნობენ. ეკონომიკა კოლაფსში არ არის, შეიძლება რაღაც ბრენდები ტოვებენ, მაგრამ თავს ცუდად არ გრძნობენ. მოგზაურობენ საზღვარგარეთ, აქვთ საკუთრება დასავლეთ ევროპაში. ვიზის არ მიცემა არ არის დასჯა. ვიზის მიღება პრივილეგიაა და რადგან მათი ქვეყანა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, შეიძლება, ახლა არ არის დრო ტურიზმისთვის. იფიქრონ ამაზე. ვიზების სრულად აკრძალვა არ არის გაზიარებული ყველას მიერ ევროკავშირში, რაც არასწორია. სირცხვილია, რომ უკრაინელების მიერ არის მოთხოვნილი და არ კეთდება. მაგრამ პირველად არ ხდება, რომ კონსენსუსის არარსებობის გამო, ევროკავშირი დროული გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებს. ეს EU-ის ერთი პრობლემაა. მაგრამ თუ კონსენსუსი არსებობს, მყარი საფუძველია მოქმედებებისთვის. ერთი სიტყვით, დიდი მექანიზმია, რთული, ბიუროკრატიული, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ მან იმუშაოს არა პრინციპების და ფასეულობების ხარჯზე.

— ევროკავშირსაც ხომ არ სჭირდება რეფორმა? კონსენსუსის პრინციპის გადახედვა?

— კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა განხილული იქნება მომავალში და ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულებააა გარკვეულ მიმართულებებზე, მაგალითად, სანქციებზე. იმიტომ, რომ, ჩვენ ვნახეთ სანქციების გადავადება კონსენსუსის ნაკლებობის გამო. ჩვენ არასდროს ვიყავით კონსენსუსიდან გათავისუფლების დიდი ენთუზიასტები — პატარა ქვეყნები ყოველთვის სენსიტიურად ვეკიდებოდით ამ თემას, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კონკრეტულ სფეროებში, იქნება ეს სანქციები თუ ადამიანის უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი