კომენტარი

„გთხოვთ, ნუ „დააქენსელებთ“ ყველა რუსს“ — რუსი უფლებადამცველი

6 სექტემბერი, 2022 • 1833
„გთხოვთ, ნუ „დააქენსელებთ“ ყველა რუსს“ — რუსი უფლებადამცველი

„ჩვენ გვძულს კრემლი ისევე, როგორც უკრაინელებს. ჩვენ ვართ მეორე ფრონტი [პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ]“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ ნატალია არნომ, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ პრეზიდენტმა.

„თავისუფალი რუსეთი“ არის 2014 წელს შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ განვითარებას რუსეთში. ფონდის სათავო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, რეგიონულები — კიევში, თბილისში, პრაღასა და ბერლინში. ამჟამად ფონდი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას #NoToWar აწარმოებს.

„ომმა უკრაინაში შოკში ჩააგდო რუსეთის ბევრი მოქალაქე, გამოიწვია მათში ბრაზი და ასევე, სირცხვილი, რომ ეს ხდება მათი ქვეყნის სახელით. დაიწყეს უკრიანის დახმარების კამპანია — თანხის გადარიცხვა უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვადასხვა წამოწყებებისთვის და უკრიანული ჯარისთვისაც კი.

ჩვენმა ორგანიზაციამ გადახორციელა რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია, რომელთაც მოუწიათ რუსეთის დატოვება იმის გამო, რომ უკრაინულ ჯარს ეხმარებოდნენ. ყველაზე დიდი — რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის და ყაზახეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული — ჯგუფი გვყავს კიევში. ფონდმა უკრაინიდან 10 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. პირველად დავიწყეთ იმ მოქალაქეების, ვინც ომამდე დატოვეს რუსეთი და ბელარუსი და უკრაინა მათი მეორე სახლი გახდა.

ისინი უკრაინიდან აგრძელებდნენ ბრძოლას თავისუფალი რუსეთისა და ბელარუსისთვის. შემდეგ გავაგრძელეთ უკრაინელების დახმარება. ახლაც ვაგზავნით მედიკამენტებს, საკვებს. მე პირადად გავუგზავნე დრონი“, — გვიყვება ნატალი არნო ფონდის საქმიანობის შესახებ.

მისი თქმით, ზოგიერთი ინიციატივა უკრაინელების და რუსების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს და მაგალითად, ასეთია უკრაინელების დახმარება, იპოვონ ომის ტყვეები და პატიმრები რუსეთის შიგნით.

„ამის გაკეთება რუსი იურისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების გარეშე შეუძლებელია. თითქმის მილიონი უკრაინელი რუსეთში იძულებით არის დეპორტირებული. ბევრი რუსი ეხმარება მათ რუსეთის დატოვებაში. რუს და უკრაინულ საზოგადოებებს შორის მსხვრევადი ხიდების შენარჩუნება და გამაგრება აუცილებელია.

კრემლი ჩვენი საერთო მტერია და ჩვენ ყველაზე ბუნებრივი მოკავშირეები ვართ ერთმანეთისთვის. ჩვენ გვძულს კრემლი ისე, როგორც უკრაინელებს. ჩვენ პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლი ვიყავით. ვიყავით პირველები, ვინც აფრთხილებდა მსოფლიოს პუტინის რეჟიმის შესახებ. ჩვენ ვართ მეორე ფრონტი. და ერთად უნდა ვიყოთ უკრაინელებთან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთში რეჟიმის შეცვლის გარეშე უკრაინა არასდროს იქნება უსაფრთხო. ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ან ზავი იქნება დროებითი. არა მარტო უკრაინა, მთელი რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ეს რეჟიმია ხელისუფლებაში“, — განაცხადა ნატალია არნომ.

რუსეთში რეჟიმის შეცვლაში ის გულისხმობს არა მარტო ვლადიმერ პუტინისგან, არამედ „საბჭოთა მემკვიდრეობის ნარჩენებისგან“ გათავისუფლებას.

კითხვაზე, საკმარის რუსს სძულს კი კრემლი, რომ მისი პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს, ნატალია არნო პასუხობს, რომ „ბევრს“; და რომ, დიქტატორული რეჟიმის პირობებში ჩატარებული გამოკითხვები, რომლებიც რომლებიც პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერაზე მიუთითებს, რეალობას არ ასახავს.

„თავისუფალი რუსეთის“ ფონდის პრეზიდენტის ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, ერთადერთი დღე, როდესაც რუსეთში არავინ დაუკავებიათ ომის გაპროტესტების გამო, 13 ივნისი იყო. ნატალია არნო ამბობს, რომ რუსეთში მოქალაქეები ცეცხლს უკიდებენ გაწვევის პუნქტებს, ყოველდღიურად გადაჰყავთ რელესებიდან მატარებლები, რომლითაც უკრაინაში რუსული ჯარის მომარაგება ხდება, კეტავენ გზებს, ჭრიან სატელევიზიო სადენებს, ხატავენ ქუჩებს და ამ აქტივობების უმეტესი ნაწილი მედიაგაშუქების გარეშე რჩება. განსაკუთრებული პროტესტია, არნოს თქმით, ეთნიკურ უმცირესობებში, რომელთაც მოსკოვი საზარბაზნე ხორცად იყენებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო სარდლობა ცდილობს, არ გაგზავნოს მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები ფრონტის წინა ხაზზე. სტატისტიკის თანახმად, დანაკარგების რაოდენობით პირველ ადგილზეა ბურიატია — 100 000 მოსახლეზე 99 ადამიანი. შემდეგ მოდის დაღესტანი და რიგი სხვა რეგიონებისა”.

ნატალია არნო თბილისში მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა და ჩამოიტანა რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარა-მურზას ციხიდან გამოგზავნილი წერილი.

არნომ აღნიშნა, რომ მიმართვა თბილისის კონფერენციისთვის დაიწერა, თუმცა მას სხვა საერთაშორისო ფორუმებზეც გააჟღერებს. წერილში კარა მურზა წერს, რომ პუტინს სურს მსოფლიომ იფიქროს, თითქოს რუსეთში ყველა უჭერს მხარს მის სასტიკ ომს უკრაინაში, მაგრამ მართალი არ არის — სულ მცირე 16 400 მოქალაქე დაკავებულია ომის წინააღმდეგ საჯარო პოზიციის გამოხატვისთვის.

„ჩვენც რუსები ვართ. 1968 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში 7 დემონსტრანტი გამოვიდა საბჭოთა კავშირის ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის გასაპროტესტებლად, პრაღის გაზეთმა დაწერა: ჩვენ ახლა სულ მცირე 7 მიზეზი გვაქვს, რომ არ გვძულდეს რუსი ხალხი. დღეს მსოფლიოს აქვს ათასობით“, — წერს კარა-მურზა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნატალია არნომ თქვა, რომ რაც 24 თებერვალს მოხდა, არის ყველაზე დიდი საშინელება და უდიდესი ტრაგედია, მაგრამ, ასევე, შესაძლებლობა ვლადიმერ პუტნის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად.

„ეს სასტიკი ომი, არის არა მარტო პუტინის რუსეთის ომი უკრიანაშა, არამედ ომი დიქტატურასა და დემოკრატიას შორის. ამიტომ არ მესმის, რატომ არიან უკრაინელები მარტო წინა ხაზზე და დანარჩენი მსოფლიო კი ეხმარება, მაგრამ — ნახევრად. ჩვენ, პროდემორკატი რუსები თავს ვგძნობთ დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილად.

გთხოვთ, ნუ „დააქენსელებთ“ ყველა რუსს. დაყოფა უნდა იყოს მხოლოდ ფასეულობებზე დაფუძნებული და არა — ეთნიკურობაზე ან მოქალაქეობაზე. ჩვენთვის გამარჯვება არის უკრაინის ტოტალური გამარჯვება, პუტინის დამარცხება და რეჟიმის შეცვლა რუსეთში. ჩვენ ვიზიარებთ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს ყველას უნდა მიემართებოდეს. იმიტომ რომ თქვენ ყველამ გააძლიერეთ პუტინი დაშოშმინების პოლიტიკით და მოდით, ახლა ერთად გავუმკლავდეთ მას“, — განაცხადა ნატალია არნომ.

მას ჰკითხეს, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, უჭერს თუ არა მხარს დეცენტრალიზაციას და შესაძლოა, რუსეთი დაშლას.

„რუსეთი ფედერაციაა მხოლოდ ფორმალურად, სინამდვილეში უნიტარული ქვეყანაა და იქ ძალაუფლების ვერტიკალია. შესაძლებლია, რომ რუსეთი ვერ გადარჩეს ამ საზღვრებში. მაგრამ მერე რა ხდება? ყველა თავისუფალი და დემეკრატიული იქნება? თუ რამდენიმე ჩრდილოეთ კორეას მივიღებთ? ბირთვული შეიარაღება სად დარჩება? ბევრი კითხვაა და პასუხი მარტივი არაა“, — განაცხადა არნომ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი