აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს.

„მინდა შევაქო ელჩი დეგნანი. ელჩი და მისი გუნდი ჩართულია შეხვედრებში სამოქალაქო საზოგადოების ფართო ფენებთან, ბიზნესლიდერებთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან მუშაობაში, რომ ხელი შეუწყოს ამ ერთობას. ვაშინგტონის თვალთახედვიდან მინდა გითხრათ, რომ მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. მან და მისმა გუნდმა აქ უდიდესი სამუშაო გასწია და ეს არის ის, რისკენაც მოვუწოდებთ მთავრობასაც — ხელი შეუწყონ ერთობას. მთავრობას სპეციალური როლი აქვს ერთიანობის შექმნაში. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. ჩვენ არ ვიცით, ასეთი შესაძლებლობა კიდევ იქნება თუ არა. ასე რომ სერიოზულად მოეკიდეთ [ევროკავშირის] 12 რეკომენდაციას, შეასრულეთ იგი და აქციეთ ეს გამარჯვებად ქართველი ხალხისთვის“, — განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში.

მან დააფიქსირა „სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი ევროინტეგრაციის გზაზე“.

„თბილისში ვესწრები საერთაშორისო კონფერენციას “დიდება უკრაინას”, რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა. არ არსებობს იმაზე უფრო მკაფიო და უტიფარი მაგალითი ავტორიტარიზმის საფრთხისა, ვიდრე რუსეთის ეს არაპროვოცირებული, არაკეთილსინდისიერი, გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში”,- განაცხადა მაკდონალდმა.

მისი თქმით, ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია.

“ვფიქრობ აუცილებელია რამდენიმე გზავნილის ხაზგასმა. პირველია სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მის გეზში ევრო-ატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება”, — დასძინა კარა მაკდონალდმა.


გასულ პერიოდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ კონფლიქტში საქართველოს მთავრობის ლიდერების ორაზროვანი განცხადებების გამო დასავლეთიდან მათი კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

მეორე მხრივ, „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის” მიწოდების საბაბით მმართველი პარტიიდან ოფიციალურად გასულმა სამმა დეპუტატმა — დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა — უფრო თამამად დაიწყო საუბარი და განვითარება კონსპირაციისა, რომლის თანახმადაც დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

კელი დეგნანის მიმართ ბრალდებები შეეხებოდა სასამართლოზე ზეწოლასაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, რომლის თანახმადაც:

  • „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან“ და
  • „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.

ამავე თემაზე:

არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან — მაკდონალდი საქართველოს