კომენტარი

ნატოს დოკუმენტში მოლდოვასთან ერთად მოხსენიება არის მარცხი საქართველოსთვის — ხიდაშელი

30 ივნისი, 2022 • 1324
ნატოს დოკუმენტში მოლდოვასთან ერთად მოხსენიება არის მარცხი საქართველოსთვის — ხიდაშელი

„ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის და ნულოვანი შედეგი“, — ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებს თბილისისთვის და დეკლარაციაში საქართველოს მოლდოვასთან დაჯგუფებას.

მადრიდის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ნატომ გადავწყვიტა ახალი ზომების მიღება, რათა გააძლიეროს პარტნიორებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის.

ნატო-სთან რიგ საკითხებში თანამშრომლობს, თუმცა მოლდოვა არის ნეიტრალური სახელმწიფო და სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გაცხადებული მიზანი არ აქვს. საქართველო კი, ხიდაშელის თქმით, ამ დრომდე განიხილებოდა „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (EOP) კლუბში. 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე მოკავშირეებმა დიალოგის და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოავლინეს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები“ (Enhanced Opportunity Partners, EOP): ავსტრალია, ფინეთი, საქართველო, იორდანია და შვედეთი.

„დიდი პატივისცემით მოლდოვასადმი, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჩემთვის პირადად ნატოს სამიტზე (ხაზს ვუსვამ, რომ ნატო-ზე ვსაუბრობ და არა — ევროკავშირზე) რამე ტიპის დოკუმენტი, რომელშიც საქართველო და მოლდოვა ერთად არის მოხსენიებული, არის ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის. სულ რამდენიმე წლის წინ მოლდოვა ჰორიზონტზე არ არსებობდა [ნატოსთვის]. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორებში, ფინეთთან და შვედეთთან ერთად. ახლა უცბად ვართ მოლდოვასთან ერთად პროგრამაში, რომელიც არ ვიცით, რა არის და რომელსაც გვპირდებიან, რომ იქნება. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ აბსოლუტური ნულოვანი ჩართულობის, ნულოვანი ბრძოლის, ნულოვანი მოთხოვნის, რომელიც გააფორმა პრემიერმა ყატარში ფორუმზე, როდესაც თქვა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე — ნატო. ამის შედეგია, რაც მივიღეთ მადრიდში. ძალიან მრცხვენია, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩვდით“, — ამბობს ხიდაშელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში, ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისათვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს. ეს ნარატივი მან საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროსაც გაიმეორა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის ალიანსში გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი და ამის შესახებ მისთვის თავად ნატოს წარმომადგენლებს უთქვამთ.

„მე ვთქვი, რომ ბარიერი ნამდვილად არის, ეს თავად ჩვენს ევროპელ და ნატოელ მეგობრებს პირადად უთქვამთ, რომ ვერ გახდება ქვეყანა ნატოს წევრი. გასაგებია გერმანიის მაგალითი, მაგრამ სხვა რეალობა იყო, დღეს სხვა რეალობაა. დღეს ასეთი მოცემულობაა. ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია, ეს არის მათი პირდაპირი ნათქვამი, რომ სანამ გაქვთ კონფლიქტი, მიმდინარე ოკუპაცია და კონფლიქტი რუსეთთან, ეს არის ერთ-ერთი ბარიერი“, – განაცხადა პრემიერმა.

ხიდაშელის თქმით, ნატოს არასდროს დაუსახელებია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გაწევრიანების წინაღობად და ქართული მხარის მიერ ამ „არგუმენტზე“ აპელირება რუსეთისადმი კაპიტულაციური გზავნილის ტოლფასია.

„კაპიტულაციის ტოლფასია“ — ხიდაშელი ნატოზე პრემიერის განცხადებაზე

თინა ხიდაშელის შეფასებით, თავისთავად ცუდი ფაქტია, რომ მადრიდის სამიტის დეკლარაციაში პირველად 2008 წლის შემდეგ არ არის ჩანაწერი, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საქართველოს გაწევრიანების შესახებ. თუმცა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

„გასაგებია, რომ იგულისხმება [რომ გადაწყვეტილება ძალაშია] და ხელისუფლება ამას იტყვის, მაგრამ, როგორც წესი, არაფერი იგულისხმება ხოლმე და, როგორც წესი, ბოლომდე ვიბრძვით ხოლმე ასეთი ტიპის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის“, — დასძინა ხიდაშელმა.

ამ თემაზე:

რა წერია საქართველოზე ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში

მასალების გადაბეჭდვის წესი