კომენტარი

შექმენით ტექნოკრატიული კომისია და არა მთავრობა — ვოლკერის რეკომენდაცია თბილისს

28 ივნისი, 2022 • 3714
შექმენით ტექნოკრატიული კომისია და არა მთავრობა — ვოლკერის რეკომენდაცია თბილისს

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) ექსპერტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში (2008-2009 წწ.) და სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში (2017-2019 წწ) კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებზე საუკეთესო პასუხი საქართველოსთვის იქნება არა ტექნიკური მთავრობის, არამედ არაპარტიული, ტექნოკრატიული კომისიის შექმნა, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, რათა შეიმუშაოს წინადადებები კომისიის თითოეულ რეკომენდაციაზე.

მისი აზრით, წინადადებები განსახილველად და დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, რომელიც შედგება ყველა საპარლამენტო პარტიისგან და შეიკრიბება მხოლოდ ამ მიზნით.

„ყოფილ სამთავრობო მოხელეებს, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობებიდან, რომლებიც ახლა პოლიტიკიდან წასულები არიან, შეუძლიათ, ამ პროცესს მეთვალყურეობა გაუწიონ“, — წერს ვოლკერი CEPA-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა“. იგი დასძენს, რომ ასეთი კონკრეტული ნაბიჯების გარეშე, საქართველოს სიმბოლური გამოყოფა უკრაინისა და მოლდოვისგან დღეს, შესაძლოა, ხვალ სიმბოლურზე მეტი გახდეს. ტექნოკრატიული კომისიის ინიციატივაზე ვოლკერმა დღეს, 28 ივნისს, რონდელის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც ნატოს მადრიდის სამიტს შეეხებოდა.

„პირველი, რაზეც ევროკავშირი მიუთითებს, არის პოლიტიკური პოლარიზაცია. ევროკავშირს ჯერ კიდევ ახსოვს შარლ მიშელის უზარმაზარი პერსონალური ძალისხმევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად. მთელი ამ ძალისხმევის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ უარი განაცხადა შეთანხმების ხელმოწერაზე, მთავრობამ უკან წაიღო ხელმოწერა და ამის შემდეგ ენმ-მ ხელი მოაწერა. ეს აჩვენებს სასაცილო პოლიტიკურ პოლარიზაციას, როემლზეც დასავლეთი საუბრობს. როცა საქართველოში ჩავდივარ, ვხვდები მთავრობას, ოპოზიციას, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას… ყველა თანხმდება ხედვაზე — უნდათ, საქართველო იყოს დემოკრატიული, უსაფრთხო ქვეყანა, ევროპის ნაწილი და დაიბრუნოს ტერიტორიები. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია მთავრობის და ოპოზიციის თანამშრომლობა“, — განაცხადა ვოლკერმა.

მისი თქმით, პოლარიზაცია არის მთავარი პრობლემა ახლა საქართველოსთვის.

„ჩემი რეკომენდაციაა, მთავრობა და ოპოზიცია შეთანხმდნენ ტექნოკრატიული კომისიის შექმნაზე — არა ტექნოკრატიული მთავრობაზე, როგორც ოპოზიცია ითხოვს. ექსპერტთა პანელმა გააანალიზოს ევროკომისიის რეკომენდაციები, ზოგ შემთხვევაში გააკეთოს შესწორებებიც, რადგან ევროკავშირს გარკვეული შეცდომებიც აქვს, და შეიმუშაოს სერიოზული რეკომენდაციები და ახსნა-განმარტებები, რომელსაც წარუდგენს ამას საპარლამენტო კომისიას. ეს არის იშვიათი შანსი საქართველოსთვის, როდესაც ფანჯარა ნამდვილად ღიაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, სამომავლოდ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და პოტენციურად, ნატოში გასაწევრიანებლად. საქართველოს არ აქვს ამ შანსის ხელიდან გაშვების ფუფუნება“, — დასძინა კურტ ვოლკერმა.

ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი თანმხლები პირობებით, საქართველოს კი — არა და სტატუსის მისაღებად წინაპირობები განუსაზღვრა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ აღიარა მათი ევროპული პერსპექტივა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

ამავე თემაზე გირჩევთ

ეროვნული თანხმობის ტექნიკური მთავრობა — რას ნიშნავს ეს?

მასალების გადაბეჭდვის წესი