კომენტარი

„კაპიტულაციის ტოლფასია“ — ხიდაშელი ნატოზე პრემიერის განცხადებაზე

21 ივნისი, 2022 • 2152
„კაპიტულაციის ტოლფასია“ — ხიდაშელი ნატოზე პრემიერის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება ნატო-ში გაწევრიანებამდე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების შესახებ არის რუსეთისადმი კაპიტულაციური გზავნილის გაჟღერების ტოლფასი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისათვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

„ჩვენ არ ვართ მიამიტები და გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჯერ ერთი, საიდან ვიცით, რომ ეს არის წინაღობა? არასოდეს, არცერთ დოკუმენტში, არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მისი თქმით, საპირისპიროზე მეტყველებს თავად ნატო-ს ისტორია და გამოცდილება, როდესაც ალიანსმა თავის რიგებში მიიღო ოკუპაციით გაყოფილი ქვეყანა [გერმანია], ამიტომ შეუძლებელია, ნატომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა „მიზეზად მოიყვანოს“.

„როდესაც მეორე მხარე ამ ტიპის პრობლემას არასოდეს აყენებს, საქართველოს ხელისუფლება ამ ენით, ბუნებრივია, არ უნდა საუბრობდეს, იმიტომ რომ, საქართველოსგან ამ არგუმენტის გაჟღერება ეთგვარად კაპიტულაციის და რუსეთისთვის იმის თქმის ტოლფასია, რომ ჩვენ აღარაფერს დაჟინებით აღარ მოვითხოვთ. ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, საკუთარი ამომრჩევლის ნაწილისთვის, რომელსაც მაინცდამაინც არასდროს სდომებია ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანება საკუთარი შიშების, ფობიების, საბჭოთა გადმონაშთი მენტალობის გამო და მაღალი ალბათობით — მისი პატრონისთვის და ბატონისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისფლების მხრიდან ოფიციალურად და ღიად არცერთ საერთაშორისო ფორმატში არ დაფიქსირებულა ნატოში გაწევრიანებს მოთხოვნა მაღალ დონეზე. ეს არ არის შემთხვევითი, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ პოლიტიკური ხაზია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ამ წუთას“, — აცხადებს თინა ხიდაშელი.

ნატოში გაწევრიანებამდე, ტერიტორიული პრობლემა უნდა მოვაგვაროთ – ღარიბაშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი