მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ამბობს, რომ 9 აპრილის შემდეგ ხვალ, 20 ივნისს პირველად გადის აქციაზე და სხვებსაც მოუწოდებს, რომ ამ დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღონ.
ფეტვიაშვილის თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ამ მიზნით საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ ქართველი მეფეები თუ ელჩები. მისი განცხადებით, ახლაც ყველა უნდა გაერთიანდეს: “მთავრობაც, მხედრობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც, ერიც და ბერიც”.
“ყველანი ქართველები ვართ. უნდა დავივიწყოთ ეს [ნეგატიური] ურთიერთდამოკიდებულება, რადგან ეს უმნიშვნელოა იმ ევროპული პერსპექტივის წინაშე, რომლის გამოც საუკუნეებია ვიბრძვით”, – განაცხადა ფეტვიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, საქართველო ევროპულ ოჯახში ნიშნავს იმას, რომ გქონდეს კეთილდღეობა, იყო შენი თავის პატრონი და დამოუკიდებელი ქვეყანა.
“სიმართლე გითხრათ, 9 აპრილის შემდეგ არ ვყოფილვარ აქციაზე. ხვალ აუცილებლად გავალ. ბავშვებიანად გამოდიან ჩვენ ახლობლები. ყველა უნდა გავიდეთ, რათა მსოფლიომ დაინახოს, ჩვენ ამ მდგომარეობას არ ვეგუებით და ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის’, – განაცხადა მხატვარმა.
20 ივნისს, 20 საათზე თბილისში გაიმართება აქცია “შინ ევროპისკენ”.
მთავარი ფოტო © არტარეა





