კომენტარი

კიბო

19 ივნისი, 2022 •
კიბო

ავტორი: ზაზა ბურჭულაძე, მწერალი

უაზრობა მგონია იმაზე მსჯელობა, მთავრობის რომელმა წევრმა როგორ გაიგო სიტყვადეოლიგარქიზაცია”. გაანებე თავი მათ ინტერპრეტაციებს, შეეშვი მათთან პოლემიკას. ბიძინას უნდა, შენ მის მონებთან ბრძოლაში დაიხარჯო, თვითონ კი დარჩეს ვნებათაღელვების მიღმა, ჩრდილში და მიუწვდომელი. მას უყვარს ტრიუკები. ეს კი მისი მთავარი ტრიუკია. მას უნდა დაგაჯეროს, რომ იგი არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში. ეშმაკის მთავარი ტრიუკიც ხომ ეგაა – დაგაჯეროს, რომ თვითონ არ არსებობს.

არსებობს, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არსებობს, როგორც უნდა იმალებოდეს იგი ზებრებისა და პინგვინების უკან. იგი ჩრდილის არსებაა, სიბნელის, წყვდიადის. მას უნდა, რომ შენ მის მონებს შეასკდე, თვითონ კი თავისი ბებერი ხეების ჩეროში ისეირნოს.

მაგრამ არ დანებდე, დაურღვიე სიმშვიდე ოლიგარქს. ასე ძალიან დიდი ხანია არ გაჭირვებია შენს სამშობლოს. ბევრი ჭირი გადაიტანა მან დღემდე, ბევრი სახადი მოიხადა, მაგრამ ეს უკვე ონკოლოგიური შემთხვევაა. ივანიშვილი კიბოა, მისი მონები კი მეტასტაზები არიან

დიაგნოზის დასმისას ერთი უცნაურობა ხდება ხოლმე თვითონ კიბოიანი უფრო იმედიანადაა, ვიდრე მისი ახლობელი. სნეული ამ დროს რაღაც სასწაულის მოლოდინშია თითქოს. ასეთივე მოლოდინშია ბოლო ათი წლის განმავლობაში შენი სამშობლო

დღეს კიბო შენს სამშობლოს ჭირს, მაგრამ შენ არ უნდა დაკარგო იმედი. დროულად დავიწყოთ ქიმიოთერაპია, რომ არ დაგვიანდეს. ვუმკურნალოთ ჩვენს ყველაზე ახლობელს. სამშობლოზე ახლობელი და ძვირფასი რა გაქვს? მარტო ეს სიტყვა რად ღირს . შენი მშობლების მხარე. შენი სათავის მხარე. შენი დაწყების მხარე. ნუ მიეცემი უიმედობას, ნუ მიატოვებ შენს მშობელს კიბოსთან მარტო. ივანიშვილსაც ის უნდა, რომ იმედი გადაგიწუროს, მოგღუნოს და მოგანჯღრიოს, მოგაჩვენოს, რომ ავადმყოფი უიმედოა და მკურნალობა დაგვიანებულია, რომ ფუჭი ნერვების შლის ნაცვლად, შენ შენს გადარჩენაზე იფიქრო. არ მოტყუვდე. უმკურნალე შენს მშობელს. ჯერ არ არის გვიან. არ ჩამოყარო მხრები თუ არ გინდა აყარო ფეხები!

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო თანდათან ქრებოდა ევროპული პრესის ფურცლებიდან, თანდათან კარგავდა აქტუალობას პირად საუბრებშიც და ევროპელ პოლიტიკოსთა სიტყვით გამოსვლებშიც. ასე თუ გაგრძელდა, მალე სულ გაქრება. ევროპამ თქვა: თუ გინდა ჩემთან, შეასრულე 12 მოთხოვნა. ამ სიიდან კი არცერთი პუნქტი არ შესრულდება, სანამ ოლიგარქს არ მოიშორებ. მოიშორე კიბო.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული სტატიები გამოხატავს ავტორის/კომენტატორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს ნეტგაზეთის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი