კომენტარი

„კრემლის მიერ შთანთქმული“ — ზაზა ბურჭულაძის სტატია გერმანულ პრესაში

3 ივნისი, 2023 • 9116
„კრემლის მიერ შთანთქმული“ — ზაზა ბურჭულაძის სტატია გერმანულ პრესაში

„საქართველო ქართველების გარეშე“ ამ სათაურით ქართველი მწერლის, ზაზა ბურჭულაძის სტატიას გერმანული გამოცემა Taz tageszeitung  ავრცელებს. სტატიას „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ.


კრემლის მიერ შთანთქმული

ამ გამოსახულებამ მთელი მსოფლიო მოიარა: თბილისში საპროტესტო აქციაზე მდგარ ახალგაზრდა ქალს პოლიცია ძლიერი ნაკადით ასხამს წყლის ჭავლს, ის კი ადგილიდან არ იძვრის. დგას და ორივე ხელით ჩაბღუჯულ დროშას სასოწარკვეთილი იქნევს. სიბნელეშიც კი ანათებს ცასავით ლურჯი დროშა ზედ თორმეტი ოქროსფერი ვარსკვლავით.

ეს იყო მარტის დასაწყისში. სახალხო პროტესტი გაიმართა წინააღმდეგ „კანონის უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც, თავის მხრივ, იყო რუსული კანონის ანალოგი.

ამ ამბიდან ორიოდ კვირაში ფაშისტური დაჯგუფების წევრებმა პოლიციის თვალწინ ჩამოგლიჯეს საქართველოს პარლამენტთან აღმართული ევროპის დროშა და ტელეკამერების წინ დაწვეს.

თუკი მანამდე ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ ნიღბავდა თავის კავშირებს კრემლთან, იმ დღის შემდეგ პირდაპირ აიღო რუსეთისკენ კურსი. დღეს უკვე ღიად იწონებს თავს რუსეთთან მეგობრობით. რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული აქვს და თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე ტანკები უყენია.

ცოტა ხნის წინ პუტინის განკარგულებით აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთთან. რის გამოც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად იმუქრება ქართულ აეროპორტებსა და ქართულ ავიაკომპანიებზე სანქციების დადებით. ამერიკის სახდეპმა უკვე დაასანქცირა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები მათი მნიშვნელოვან კორუფცილულ საქმიანობაში ჩართულობის გამო.

ახლა ყოველდღე ჩამოდიან რუსები საქართველოში და ყიდულობენ სახლებს, მიწებს, იწყებენ ახალ-ახალ საქმეებს… შემოდის და შემოდის ქვეყანაში დიდი რუსული ფული, რომელიც ისევ უკან, რუსეთში ბრუნდება და აფინანსებს ომს უკრაინაში: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, ქალების წამებას, ბავშვების გატაცებას.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა რუსეთთან დაახლოება. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 89 პროცენტს უნდა, რომ მისი სამშობლო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს მსხვილ ქალაქებში პერმანენტულად ეწყობა საპროტესტო აქციები, მაგრამ ქვეყნის პრორუსულ მთავრობას ფეხებზე ჰკიდია თავისი მოსახლეობა. მთავრობა, რომლის ხელშიცაა პოლიცია და ჯარი, მიმართავს ყველა გზას პროტესტების ჩასახშობად.

რუსეთი ყოველთვის ებრძოდა ქართულ ენას, უნდოდა მისი გაუქმება, რუსულით ჩანაცვლება. მაშინაც, როცა საქართველო მისი გუბერნია იყო, და მაშინაც, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. რუსეთის იმპერია ამ პატარა ქვეყანას მუდამ მოტყუებით, შანტაჟით, ღალატით მიათრევდა თავისკენ. დღეს თბილისისა და ბათუმის ქუჩებში რუსული საუბარი უფრო გესმის, ვიდრე ქართული. გაჩნდა კაფეები, სადაც ქართულად აღარ ემსახურებიან, სადაც მარტო რუსულად ლაპარაკობენ. რუსების დიდი ხნის სურვილი „საქართველო ქართველების გარეშე“ რეალობა ხდება. ქართველი ახალგაზრდები ვეღარ ხედავენ თავის ადგილს ამ მშვენიერ მიწაზე, ემიგრაცია რეკორდულ ნიშნულს აღწევს, ვისაც შეუძლია, ყველა ქვეყნიდან გარბის.

რუსეთი ყლაპავს საქართველოს. ის, რაც კრემლს არ გამოუვიდა უკრაინასთან, კარგად გამოსდის საქართველოსთან, ქართული ხელისუფლების დახმარებით.

პუტინს, რომელიც დამარცხდა უკრაინაში, ძალიან ჭირდება სადმე პატარა გამარჯვება. და რატომ არ იყოს ეს საქართველოში? მით უფრო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კარგად უგებს კრემლს – ორივეს ეშინია თავისუფლების, ორივეს ეშინია ევროპისა, ორივეს უნდა ხალხის ხმის ჩახშობა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღე. წელს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობაზე ქართულ დროშასთან ერთად ტრადიციულად არ დაიკიდა ევროკავშირის დროშა. ეს არ არის უმნიშვნელო დეტალი, ეს მნიშვნელოვანი სიმპტომია.

მოსკოვს არ უნდა ენახა თბილისის ცენტრში ევროპის სიმბოლო. არც ბიძინა ივანიშვილს უნდა ენახა იგი, რუს ოლიგარქს, პუტინის ხელქვეითსა და საქართველოს არაოფიციალურ პატრონს, რომელმაც 2012 წელს ფაქტობრივად არჩევნები იყიდა და სააკაშვილი დაამარცხა.

ივანიშვილი მხდალი ადამიანია. ის ქვეყანას ფარულად, თავისი სასახლეებიდან მართავს, ჯიბის მთავრობის მეშვეობით, რომლის წევრებიც ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უკეთ გამოიცნობს ოლიგარქის კაპრიზებს და უსიტყვოდ შეასრულებს მათ.

ეს მახინჯი ავტოკრატიაა. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდები რუსეთში იშოვა, დღეს თავის მამულებში იმალება, ზებრებისა და ზვიგნების გარემოცვაში. ეს არაა მეტაფორა, ოლიგარქი გიჟდება ეგზოტიკურ ცხოველებზე. მისი მამულები სავსეა ვეფხვებითა და პინგვინებით. ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც თავისი მილიარდები იშოვა მოსკოვში, დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება დააშოროს საქართველო ევროპას.

მას ეშინია ევროპის, მას ეშინია გამჭვირვალობის, მას ეშინია თავისუფალი სიტყვის. იგი მიჩვეულია შავ ფულს, კორუფციას, მართვის რუსულ, საბჭოთა სტილს. მას უნდა, ევროპული მომავალი წაართვას ახალგაზრდებს და საქართველო ჩააბაროს კრემლს. მისი მთავარი მიზანია, რომ 2024 წელს, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩვენები ჩატარდება, ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამაში მას პუტინი ეხმარება. თუ ივანიშვილი მოიგებს ამ არჩევნებს, მაშინ საქართველო გახდება რუსეთი, საქართველო გახდება ბელარუსი, საქართველო გაქრება.

სააკაშვილი კი ამ დროს ციხეში ზის ორი მეტრი სიმაღლის კაცი დღეს დაახლოებით სამოც კილოს იწონის. ფიზიკურად იმდენად დასუსტებულია, რომ თავის საკანში, რომლის ფუნქციასაც გისოსებიანი პალატა ასრულებს, გაჭირვებით გადაადგილდება.

ყოფილი პრეზიდენტი იმიტომ ისჯება ასე სასტიკად, რომ მან გაბედა პუტინთან დაპირისპირება და საბჭოთა კავშირის მომაკვდინებელი ჰაერით მოწამლული საქართველო დასავლეთისკენ, ევროპისკენ შეაბრუნა. რუსეთისთვის მისი ერთ-ერთი მთავარი დანაშაულია კიდევ ისიც, რომ მან თავისი პრეზიდენტობისას ახალგაზრდები წაახალისა რუსულის ნაცვლად ინგლისური ესწავლათ და თავისი მომავალი, თავისი იდენტობა ევროპასთან ერთად დაენახათ. საქართველოს ურყევი და ისტორიული სწრაფვის სურვილი საქართველოს კონსტიტუციაშიც წერია, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ახლა ეს ცარიელ სიტყვებად აქცია.
ბევრი აუცილებელი და საჭირო რეფორმის მიუხედავად, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობას, სააკაშვილმა ბევრი შეცდომაც დაუშვა. ერთ-ერთი ასეთია  ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერება.

არასდროს ყოფილა ეს ინსტიტუცია ისეთი ძლევამოსილი, როგორც დღეს. ესაა სახელმწიფო სახელმწიფოში. სწორედ ქართული ეკლესიის ხელშეწყობითა და წაქეზებით არბევენ და ავიწროებენ ძალიან ხშირად სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს საქართველოში. დევნიან მათ, ასახიჩრებენ, კლავენ კიდეც.

ესაა სახელმწიფოს სამსახურში მდგარი რეპრესიული მანქანა, რომელსაც ასევე ეშინია თავისუფალი სიტყვის, ევროპის, სიმართლის. როგორც საქართველოს მთავრობა, ქართულ ეკლესიასაც უნდა მართული ხალხი და აწყობს რუსეთთან ყოფნა. ამბობენ, მის წინამძღოლზე, ილია მეორეზე, რომელიც მის სათავეში დგას 1977 წლიდან, ედუარდ შევარდნაძემ თავის დროზე თქვა, ჩვენი (კომუნისტების) დავნიშნეთო იგი სრულიად საქართველოს პატრიარქად. ეს მართვის საბჭოთა სტილია. რომელიც დღემდე შემორჩა და აერთიანებს რუსულ და ქართულ ეკლესიებს. ამათი რუტინა კრიმინალური მენტალიტეტია, ძალადობა, გამოძალვა, შანტაჟი, სექსუალური შევიწროება. ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის საცეცია.

პუტინის განკარგულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ რუსეთში ჩასასვლელად სავიზო რეჟიმი. ქართული ხელისუფლების პროპაგანდა ასეთია: მაშინ როცა ამერიკა სანქციებს გვადებს, ევროპა სათანადოდ არ გვაფასებს, ნატო კი არ გვიღებს, რუსეთი ამ დროს კარს გვიღებს.

როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ქართული ხელისუფლება ტელეეკრანებიდან თითქმის ყოველდღე იმეორებს შეთქმულების თეორიას, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, რომ ევროპა მეგობარივით არ იქცევა, რომ ევროპა, სადაც მამას მამა აღარ ჰქვია და დედას – დედა, სადაც ბაშვებს სქესს ძალით უცვლიან, საშიშია ქართული იდენტობისთვის. ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანში ფაქტებსა და მოვლენებს სახელები აქვს შევლილი – აქ „ბოროტება სიკეთეა, მონობა თავისუფლებაა, ომი მშვიდობაა“.
ეს ასევე დღევანდელი ქართული ხელისუფლების აქსიომაა. მაშინ როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს, ივანიშვილის მთავრობა საქართველოს კრემლის უძირო ხახაში მიათრევს.

დღევანდელი ომი უკრაინაში არის შედეგი იმ პასიურობისა, რაც მოჰყვა 2008 წელს რუსეთის ომს საქართველოში. პირდაპირ თუ ვიტყვით, მაშინ ევროპამ ჩაისვარა რუსეთის წინაშე. არადა, როგორ გვჭირდებოდა მაშინ დასავლეთის თანადგომა. როგორ გვჭირდებოდა ევროპის მხარდაჭერა. ევროპისა, რომელიც სირაქლემის პოზაში იდგა.

ევროპამ არ შეიმჩნია აგრესორის თავხედობა.  დასავლეთმა კიდევ ერთხელ იფიქრა, რომ პუტინი დაიკმაყოფილებდა თავის დამპყრობლურ ამბიციებს და დამშვიდდებოდა. არადა, პუტინის მადამ სწორედ მაშინ გაიღვიძა. პუტინმა სხვა ენა არ იცის. გარდა ძალადობრივი, მილიტარისტული, აგრესიული ენისა. როგორც კი მას ეს გაუვიდა, შემდეგი იყო ყირიმის ანექსია 2014 წელს. ევროპა მაშინაც პასიური იყო, რაც იყო საბედისწერო შეცდომა.

ქვეყნის დაპყრობა მარტო ტანკებით, ავიაგამანადგურებლებით, ტყვიებითა და ბომბებით კი არ ხდება, დაპყრობა ხდება კანონებითაც, როგორც დღეს საქართველოში. რა საჭიროა სამხედრო ძალების ხარჯვა ქვეყანაზე, რომელიც ისედაც ფიანდაზად გეგება? ისეთი მონური დამოკიდებულება, როგორიც აქვს დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ, არასდროს ჰქონია ამ ქვეყანას არცერთი დამპყრობლის მიმართ. კრემლს არ ჰყოფნის ქვეყნის მეხუთედი, მას უნდა მთელი ქვეყანა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისურვა „საქართველოს შეერთება მის ევროპულ ოჯახთან“, ქვეყნის შიგნით არ აკეთებს მთავარ საქმეს, არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რომელიც 2022 წელს ჩავარდა, იქნებოდა უდიდესი თანადგომა ქართველი ხალხისადმი და დიდი დარტყმა ოლიგარქ ივანიშვილისთვის და კრემლისთვის. მაგრამ თუ ევროპამ დღესაც სირაქლემის პოზა აირჩია, თუ ისევ დაიწყო კეკლუცობა, რომ ჯერ არ არის დრო საქართველოსთვის, თუ ვინმე კიდევ ტყუვდება იმით, რომ ივანიშვილის ჯიბის მთავრობასთან კვლავ შესაძლებელია დიალოგი, მაშინ არავის გაუკვირდეს, თუ ეს ქვეყანა ხვალ გაუქმდა.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებულ სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ნეტგაზეთის  მოსაზრებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი