კომენტარი

პოლონეთის სეიმის წევრმა სააკაშვილის მიმართ მოპყრობას “ბარბაროსული” უწოდა

17 ივნისი, 2022 • 1345
პოლონეთის სეიმის წევრმა სააკაშვილის მიმართ მოპყრობას “ბარბაროსული” უწოდა

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილემ მალგოჟატა გოშიევსკამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას “ბარბაროსული” უწოდა და თქვა, რომ ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით ის იღუპება მთელი მსოფლიოს თვალწინ.

პოლონეთის სეიმის წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილს მთავრობისგან უარი ეთქვა, რომ შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ გაიაროს. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ მოპყრობას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

“საქართველოს ციხეში ახლა ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ. მის წინააღმდეგ ბრალდებები ისეთი აბსურდულია, რომ არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებას. მაგრამ ახლა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, უფრო მეტად ადამიანურობაზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა. ასევე, შეუძლებელი არის მისთვის ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. არ შევეგუოთ ამას”, – განაცხადა მალგოჟატა გოშიევსკამ.

საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დღეს, 17 ივნისს, თბილისში იმართება, საქართველოს პრეზიდენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდიც მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი