კომენტარი

EPP-ის ჯგუფი თვლის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია — მაკალისტერი

2 ივნისი, 2022 • 1050
EPP-ის ჯგუფი თვლის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია — მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან-დემოკრატები) წერს, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტი ევროკომისიასთან ერთად განიხილავს თავის შეფასებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციაზე.

„EPP Group თვლის, რომ იმ დროს, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხეშია, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“, — წერს მაკალისტერი.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უახლოეს პერიოდში ელიან ევროკომისიის შეფასებას ამ ქვეყნების გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს. საქართველოში მისი პარტნიორი პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან. 31 მაისს როტერდამში EPP-ის ყრილობა გაიმართა, რომელსაც ენმ-ის წევრები დაესწრნენ, ხოლო ყრილობაზე სიმბოლურად სკამი მიხეილ სააკაშვილისთვისაც იყო განკუთვნილი.

ყრილობის გამართვამდე კი „ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოს „არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ“ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და დემოკრატიული ინსტიტუტები მოშალა.

„ქართული ოცნება“ კრიტიკულად გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას და თქვა, რომ EPP-ის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი.

EPP-ის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს EU-ს წევრობის სტატუსი – წულუკიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი