ახალი ამბები

EPP-ის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს EU-ს წევრობის სტატუსი – წულუკიანი

1 ივნისი, 2022 • 1378
EPP-ის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს EU-ს წევრობის სტატუსი – წულუკიანი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან 31 მაისს როტერდამში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის“(EPP) ყრილობას,  რომელსაც ენმ-ის ლიდერები დაესწრნენ, სადაც ასევე მიწვეული იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

იმის გამო, რომ სააკაშვილი ყრილობას თავად ვერ დაესწრო, მისი მიმართვა EPP-ს თავმჯდომარის რანგში დონალდ ტუსკმა წაიკითხა, ხოლო სააკაშვილისთვის სკამი ყრილობაზე სიმბოლურად მაინც განკუთვნილი იყო.

როგორც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, ენმ-სთან ერთად EPP-ის მიზანიც არის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„მათი [ნაციონალური მოძრაობის] მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ როგორმე ევროპისკენ მიმავალ გზაზე ,როგორც ერი და ქვეყანა, წარუმატებლები ვიყოთ. ამჟამად მათი მთავარი მიზანი, მათ შორის EPP-ის მიზანი, გახლავთ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი[…]

იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს მისჯილი გარკვეული ოდენობა წლებისა საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, EPP კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად.  ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე არბევდა ჩვენს ხალხს, სცემდა, აწამებდა ციხეებში პატიმრებს“, –  განაცხადა წულუკიანმა.

EPP-ს ყრილობაზე სააკაშვილისთვის სკამის  გამოყოფას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების იდეას პირდაპირ დასცინეს.

„ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების იდეას პირდაპირ დასცინეს, დასცინეს მოკლულ სანდრო გვირგვლიანს, მის ოჯახს, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას – კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროტექცია,  რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსურლებაა. ამიტომ, ამ კუთხით, მძიმე სურათი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, საქართველოში მისი პარტნიორი პარტიები კი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან. 31 მაისს როტერდამში გამართულ EPP-ის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია.

მელიამ EPP-ს ყრილობაზე განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო საკუთარ თავზე შეყვარებულმა გაზპრომის ოლიგარქმა მიიტაცა  და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს.

მელიამ ევროკავშირს მიმართა, რომ საქართველოს კარი გაუღოს.

„დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ამასაც გადავლახავთ. ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას! გმადლობთ ყურადღებისთვის“, – განაცხადა მელიამ.

ყრილობის გამართვამდე კი „ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოს „არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ“ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და დემოკრატიული ინსტიტუტები მოშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი